დღეს ლომისობაა. სააგენტო ,,რესის'' ცნობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის
ხელისუფლებამ ახალგორის რაიონის მცხოვრებლებს რელიგიურ დღესასწაულზე
დასასწრებად გადაადგილების შესაძლებლობა მისცა.
გადაწყვეტილება გუშინ, 6 ივნისს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების
საბჭოს ოპერატიულ სხდომაზე მიიღეს.
მოსაუბრუნის (იგივე რაზდახანის) საგუშაგოზე გადაადგილება
გამარტივებული წესით 7 ივნისის 8:00 საათიდან 8 ივნისის 20:00
საათამდე იქნება შესაძლებელი.
"რელიგიურ დღესასწაულ ლომისობასთან დაკავშირებით ნებადართულია
სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა გამარტივებულ რეჟიმში სგპ "რაზდახანის"
გავლით 7 ივნისის 8:00 სთ-დან, 8 ივნისის 20:00 სთ-მდე 2023 წ." —
აღნიშნულია დე-ფაქტო უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალა რესპუბლიკის უშიშროების
საბჭოს მდივანს ანატოლი პლიევს.