უკანონო პატიმრობაში მყოფი აჩი ბასანიძის და ლევან ასლანიშვილის
ოჯახის წევრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმის შეხვედრის დაწყებამდე სუს-ის წარმომადგენელთან შესახვედრად
მივიდნენ.
"გვაინტერესებს რა ხდება, 29 ივნისს უნდა ყოფილიყო სასამართლო, ახლა
გვითხრეს 12 ივლისამდე გადაიდოვო, ამბობენ მოწმეების გამოძახება ვერ
მოხერხდაო და ამის გამო, უკვე მეორე თვეა ჩემი შვილი უკანონო
პატიმრობაშია", - განაცხადა ლევან ასლანიშვილის დედამ.
სუს-ის წარმომადგენელმა ირაკლი ანთიძემ მათ უთხრა, რომ საკითხი
აუცილებლად იქნება განხილვის თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე
რეაგირების მექანიზმის 113-ე შეხვედრაზე.
ერგნეთელი ლევან ასლანიშვილი და მისი მეგობარი, მეღვრეკისელი აჩი
ბასანიძე 2023 წლის 14 და 15 მაისს დააკავეს.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებულთა
სასამართლო პროცესები 2-ჯერ გადაიდო.
"დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონოდ დაკავებული
ჩვენი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხზე. განვიხილავთ
წინა შეხვედრიდან დღემდე უკანონო ბორდერიზაციია ყველ შემთხვევას.
ასევე საუბარი გვექნება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი
გადაადგილების კუთხით არსებული პირობების გაუმჯობესებაზე.დღეის
მდგომარეობით 7 მოქალაქე რჩება უკანონო პატიმრობაში. რაც შეეხება
უკანონო პატიმრობაში მყოფ პირებს, რომელთა სასამართლო პროცესი უნდა
ყოფილიყო, ამაზე მხარეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გვექნება
ინფორმაცია."- განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილე ,ირაკლი ანთაძემ.
საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დაკავებული აჩი ბასანიძის და ლევან
ასლანიშვილის სასამართლო პროცესი ჯერ 18 ივნისს ჩანიშნეს, შემდეგ, 29
ივნისს. საბოლოოდ, პროცესები ორივე ჯერზე გადაიდო.
სუს-ის ცნობით, ამ დროისთვის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში
საქართველოს 7 მოქალაქე რჩება.