ახალი ამბები
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლაშა ხეთერელი კვლავ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

,,ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი." ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ლაშა ხეთერელი "საზღვრის უკანონოდ კვეთის" ბრალდებით ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოშიც დააკავეს და იმავე წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს.

მომდევნო წელს, ლაშა ხეთერელი 2020 წლის 30 ივნისს დააკავეს, მას ცხინვალის სასამართლოს მიერ მისჯილი ჰქონდა ერთწლიანი პატიმრობა და 2021 წლის 17 ივნისს გადაეცა ქართულ მხარეს.

მისი ბოლო დაკავება მოხდა 2022 წლის ბოლოს და 2023 წლის 28 თებერვალს გაათავისუფლეს.

ლაშა ხეთერელი დიდი ლიახვის ხეობიდანაა დევნილი.

 

Print