ახალი ამბები
მიშა მშვილდაძის თავდასხმის კადრებში ,,ფორმულამ'' სუს-ის თანამშრომელი ამოიცნო
ტელეკომპანია ფორმულას ცნობით, თბილისში, მიშა მშვილდაძის თავდასხმის ორგანიზებაში სუს-ის თანამშრომელი, 1998 წელს ხაშურში დაბადებული გიორგი მუმლაძე მონაწილეობდა.

ამის შესახებ ტელეკომპანიამ ვრცელი მასალა გამოაქვეყნა.

ფორმულამ თავდასხმიდან დაახლოებით 1 კვირაში სხვადასხვა თავდასხმის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა კომპანიის კამერების, სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ჩანაწერები მოიპოვა. კადრები მომხდარის გარემოებებზე მიუთითებს და ორგანიზებული დანაშაულის დეტალებს ააშკარავებს.

ფორმულამ კადრები გაშიფრა და ამ ეპიზოდის მთავარი მოქმედი პირები, თავდამსხმელები, დამკვირვებლები და 3 ავტომობილი - 2 BMW-ისა და 1 მერსედესის მარკის ავტომობილები ამოიცნო. ფორმულა ვარაუდობს, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში 10-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული.

ამ საკითხზე ტელეკომპანია ფორმულაში ბრიფინგი გაიმართა. აჩვენეს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაღებული ვიდეოკადრები, ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა ამ კადრების კომენტირებისას თქვა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი მუმლაძეა და იგი მიჰყვება მიშა მშვილდაძეს. მისივე ინფორმაციით, მუმლაძე ბოლომდე ესწრებოდა თავდასხმის პროცესს და ყველაზე ბოლომ დატოვა შემთხვევის ადგილი, მეწყვილესთან ერთად.

გიორგი მუმლაძეს ხაშურში ტელეკომპანია ,,პირველის'' ჟურნალისტებმა მიაკითხეს, სადაც დაუდასტურეს, რომ გიორგი მუმლაძე ,,უშიშროებაში'' მუშაობს. მისი ბიძა, ამავე ტელეკომპანიასთან საუბრისას აცხადებს, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი და გიორგი მუმლაძე კადრებში შემთხვევით მოხვდებოდა.

27 ივნისს თბილისში ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს, დაესხნენ თავს. ამ საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი მომდევნო დღეს, 28 ივნისს, დააკავა ძალადობის მუხლით.

იხ. უფრო ვრცლად

ფორმულა
Print