კასპის პოლიციის სამმართველოში დაკავებულ პირებს თბილისის
სამმართველოს უფროსის მოადგილემ სცემა.
ამის შესახებ ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ განგვიცხადა. იგი მოითხოვს,
რომ დაისაჯონ ის პირებიც, ვინც დაკავებულ პირებთან პოლიციელი და მისი
მამა შეუშვა და ბიჭები აცემინა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში სამი ახალგაზრდა დააკავეს. მათ
პოლიციელზე ძალადობის მუხლით წაუყენეს ბრალი.
დაზარალებულია თბილისის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
სოფელ მეტეხში მცხოვრები ბრალდებულების ინტერესებს ადვოკატი ნოდარ
ცინცაძე იცავს.
როგორც გითხარით, დაზარალებული პოლიციელი თბილისის ერთ-ერთი
სამმართველოს უფროსის მოადგილეა.
ის 1982 წელს დაბადებულია. მეუღლესთან, მამასთან და ოჯახის სხვა
წევრებთან ერთად მეტეხში ისვენებდა.
რა ხდებოდა მეტეხში?
კვირა დღეს სოფელში ერთ-ერთ ოჯახში გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი
სუფრა იყო გაშლილი და ე.წ. ორმოცი აღინიშნებოდა. ძალიან ბევრი
ადამიანი იყო შეკრებილი. როცა ხალხი დაიშალა, ყველა სხვადასხვა
მიმართულებით წავიდა, ზოგი მანქანით, ზოგი ფეხით.
,,ეს ბიჭი, ვის ინტერესებსაც ვიცავ, მიდიოდა მანქანით, ორ
არასრულწლოვან შვილთან ერთად. საპირისპირო მხრიდან მოდიოდა
ავტომანქანა, რომელსაც ქალბატონო მართავდა. ქალბატონის მანქანას უკან
მოსდევდა მისი მეუღლის მანქანა, რომლის მძღოლი პოლიციელი აღმოჩნდა.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანისა და ქალბატონის მანქანის
სარკეები შეეჯახა ერთმანეთს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადმოვიდა
მანქანიდან და იკითხა, ხომ არაფერი დაზიანდა. ამ დროს მესამე მანქანის
სალოდან პოლიციის თანამშრომლის მამამ შეიგინა – შენი დედაო,
ნორმალურად იარეო. ამას მოყვა დაპირისპირება. იმ კაცმა და მისმა
შვილმა, რომელიც პოლიციელი აღმოჩნდა, დაუწყეს ცემა ჩემი დაცვის ქვეშ
მყოფს. ამ დროს გზაზე მოდიოდნენ ორმოციდან მომავალი ხალხი. დაინახეს
რომ მათ თანასოფლელ ბიჭს სცემდნენ პოლიციელი და მისი მამა. ხალხმა
დაიწყო მამა-შვილის შეკავება, ამდენი ხალხი რომ დაინახა პოლიციელმა,
ამოიღო იარაღი და დაუმიზნა მათ. ხალხმა წაართვა ეს იარაღი, ამ
წართმევაში მეორედაც გაისროლა. დიდ უბედურებას გადარჩა მეტეხი" -
ამბობს ადვოკატი..
როგორც ადვოკატი ამბობს, სპეციალური საგამოძიებო კომისიამ დაიწყო
მოკვლევა, თუ რა მოხდა საკუთრივ კასპის პოლიციის შენობაშიც. რატომ
შეუშვეს დაკავებულებთან პოლიციის მაღალჩინოსანი და მისი მამა, რატომ
აცემინეს მეტეხლი ბიჭები.
კასპის საავადმყოფოში შემოწმებაზე კი მხოლოდ პოლიციის მაღალჩინოსანი
მიიყვანეს. ექიმ ბეგი თათრიშვილის თქმით, პოლიციელს დაზიანება მხოლოდ
თხემის არეში აღენიშნებოდა, ისიც კანის შეწითლება.
პროკურატურამ ბრალდებულებს ბრალი უკვე წაუყენა. კერძოდ, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი (ძალადობა) და 237-ე მუხლის
მე-2 ნაწილის ,,დ'' - რაც იარაღის უკანონოდ დაუფლებას გულისხმობს და
9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.