ახალი ამბები
სასამართლომ ძალადობად მიიჩნია ბავშვის ვიდეოს გამოყენება პროპაგანდისტული მიზნებისთვის
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია ბუსკაძემ ძალადობად მიიჩნია ბავშვის ვიდეოფრაგმენტის გამოყენება პროპაგანდისტული მიზნებისთვის და დამცავი ორდერი გამოსცა პრორუსული ორგანიზაცია "საქართველო უპირველეს ყოვლისა"-ს წევრ ხატია ჯანაშიას მიმართ, რომელმაც ფეისბუკზე გაავრცელა ჰომოფობიური ვიდეოკოლაჟი არასრულწლოვანი ევგენია კეპულაძის მონაწილეობით.

სასამართლო დავა ეხებოდა ივლისის თვეში, "თბილისი პრაიდის" მიერ ლისის ტბაზე დაგეგმილი დახურული ღონისძიების წინ გავრცელებულ ვიდეოს, რომლის მიზანიც ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ საზოგადოების მობილიზება და დაგეგმილი ღონისძიების ჩასაშლელად მათი გამოყენება იყო. ამ ვიდეოში გამოყენებული იყო ფრაგმენტი ბავშვის 4 წლის წინ ერთ-ერთ ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუდან, სადაც ის ლაპარაკობს წიგნზე "ძილისპირულის ამბები მეამბოხე გოგონებისთვის." ესაა გამოცემა, რომელიც ათობით განსხვავებული პროფესიის, რელიგიის, ქვეყნის წარმომადგენელი ქალის ისტორიას აერთიანებს - წიგნი ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე გახდა მასში შემავალი ტრანსგენდერი ქალის ისტორიის გამო.

"ძალადობრივი ჯგუფების აქტივისტი ბავშვზე მოძალადედ ცნო სასამართლომ და დამცავი ორდერი გამოსცა ბავშვის დაცვის მიზნით.

ეს არის პირველი საქმე, სადაც როგორც იქნა სახელმწიფომ აღიარა რომ “ბავშვების დამცველების” ნიღაბს ამოფარებული ძალადობრივი ჯგუფები არიან ბავშვებზე მოძალადეები" - დაწერა სასამართლოს დასრულების შემდეგ ბავშვის ინტერესების ერთ-ერთმა დამცველმა, ანა თავხელიძემ. სწორედ ის და ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სხვა ადვოკატები იცავდნენ არასრულწლოვანის ინტერესებს სასამართლოში.

ბავშვი, რომლის ვიდეო ფრაგმენტიც პროპაგანდისტული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული, ჟურნალისტების, ელისო ჯარიაშვილისა და გიორგი კეპულაძის შვილია.

უფრო ვრცლად მასალას გაეცანით რადიო თავისუფლების გვერდზე
Print