ახალი ამბები
26 ივლისიდან გორში საზაფხულო ბაღი იხსნება - ვინ მოამარაგებს რძის პროდუქტებით?
გორში 26 ივლისიდან საზაფხულო ბაღი იხსნება. რეგისტრაციის ვადა 25 ივლისს იწურება.

ბაღი 6 სექტემბრამდე იფუნქციონირებს. ბავშვები გორის მესამე ბაღში ივლიან.

როგორც ,,ქართლის ამბები'' წერდა, 2023 წლის 13 ივლისიდან სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ხელშეკრულება რძის მიმწოდებელ კომპანიას ,,ამალთეა გრუპს'' გაუწყვიტა. მიზეზი ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული დასკვნა გახდა, რომლის მიხედვით, გარკვეული პროდუქტები ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა.

დასკვნა იმდენად საგანგაშო აღმოჩნდა, რომ საკითხით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც დაინტერესდა.

რა მოხდება 26 ივლისიდან? ვინ მოამარაგებს ბაღებს რძის პროდუქტებით?

22 ივლისს შესყიდვების სააგენტომ გორის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მისცა უფლება, რომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, დადოს პირდაპირი ხელშეკრულება იმ კომპანიასთან, რომელსაც შეარჩევენ.

როგორც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში გვითხრეს, მოლაპარაკება მიდის ორ კომპანიასთან. ესენია ,,ენ პროდუქტი'' და ,,სოფლის ნობათი''

შესყიდვების სააგენტოს სპეციალისტის განმარტებით, აღნიშნულ კომპანიებს შეთავაზებები უკვე გაუგზავნეს.

,,ორი კომპანიისგან ველოდებით პასუხებს. ხვალ უკვე გვექნება პასუხები და ხელშეკრულებაც გვექნება გაფორმებული რომელიმე მათგანთან'' - გვითხრეს სააგენტოში.
Print