ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კგბ-ს მტკიცებით, მხილებულია 3 აგენტი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, გამოვლენილია სამი მოქალაქე, რომლებიც უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან თანამშრომლებდნენ.

ამის შესახებ კგბ-ს განცხადებას სააგენტო ,,რესი' ავრცელებს. კგბ-ს განმარტებით, ეს უცხო სახელმწიფო მტრულად განწყობილია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიმართ.

,,მტრულად განწყობილი ქვეყნის სპესამსახურების წარმომადგენლების დავალებით აგროვებდნენ და გადასცემდნენ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარების შესახებ.'' - აღნიშნულია კგბ-ს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ,,დივერსიული საქმიანობის ფარგლებში, უცხოური სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა გამოიყენეს შანტაჟი და დაშინების მეთოდები, რათა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თანამშრომლობაზე დაეყოლიებინათ''.

,,კგბ-მ მხილებულ პირებს მისცა გაფრთხილება იმ ქმედებების დაუშვებლობის შესახებ, რომლებიც ქმნიან პირობებს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, "ღალატი", - ნათქვამია განცხადებაში.
Print