ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში სასმელი წყლის პროექტი
დასრულდა, თუმცა 50 ტონიანი ავზის ავსებას 15 საათი ჭირდება.
ფოტოები სწორედ მაშინ არის გადაღებული, როდესაც სამუშაოები დაიწყო.
პრეს-სამსახური მოსახლეობას არწმუნებდა, რომ სოფელში სასმელი წყლის
პრობლემა მოგვარდებოდა.
როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, რატომ არ ამოდის წყალი ჭაბურღილიდან,
ამ ეტაპზე ზუსტი მიზეზი გაურკვეველია:
,,თავიდან ჭაბურღილის მოტორს აბრალდებდნენ, მერე გამოცვალეს მოტორი,
მაგრამ მაინც გვიან ივსება ავზი. 50 ტონიანი ავზია, 4 საათში უნდა
ივსებოდეს და 15 საათი უნდება.'' - გვითხრეს ადგილობრივებმა.
ამას ისიც ემატება, რომ ავსებული ავზიდან მიწოდებული წყალი
მოსახლეობამდე მაინც ვერ მიდის:
,,ეს მრიცხველებიც ისე დაამონტაჟეს, რომ ზოგი მიწის ზევითაა, ზოგს
თავსახური არა აქვს. ზოგი რანაირია, ვერ ვიგებ. გამოუშვეს წყალი
საცდელად, მაგრამ წყალი მრიცხველებიდან ხეთქავს. ეს რანაირი
გაკეთებულია, ვერ ვხვდები'' - გვითხრეს საღოლაშენში.
ქარელის მერიაში ადასტურებენ, რომ საღოლაშენში ჭაბურღილი გაკეთდა,
მაგრამ კომპანიამ სამუშაოები ბოლომდე არ დაასრულა და მიატოვა
ობიექტი:
,,არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ ემუშავა ჭაბურღილს, რათა
ამორეცხილიყო ჭაბურღილი, ასევე, გაგვეგო წყლის დებეტის რაოდენობის
შესახებ, არ მომხდარა'' - აღნიშნულია მოხსენებით ბარათში, რომელიც
კომპანიას მერიამ გაუგზავნა.
მერია ცდილობს, რომ ზედმეტად გადახდილი თანხა უკან ამოიღოს, შემდეგ
კი, ახალი სამუშაოები ჩაატაროს.
ზოგადად, 2022 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ზემო
ხვედურეთში, საღოლაშენსა და თამარაშენში სასმელი წყლის პროექტები
ჩავარდა.
კომპანიას, რომელმაც სამუშაოები 2022 წლის მარტში დაიწყო, ერთი წლის
შემდეგაც ეძებდნენ. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ ლარს შეადგენდა.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტების
მიხედვით, სამივე პროექტზე კომპანიას ჩაირცხული აქვს თითქმის 1,4 მლნ
ლარი.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია არის ,,თექ ჰაივეი'' . მას სამუშაოები
2022 წლის ივლისში უნდა დაესრულებინა, თუმცა, როგორც ქარელის მერის
ზაზა გულიაშვილის წერილებიდან ირკვევა, ვადაგადაცილება თითქმის 340
დღეს შეადგენს.