ახალი ამბები
,,ამჯერად სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდი'' - ნინი ჩალაურის სტუდენტობა ხელმეორედ 33 წლის ასაკში
33 წლის ნინი ჩალაურმა უმაღლეს სასწავლებელში წელს ჩააბარა. სტუდენტობის წლები მისთვის ხელმეორედ დაიწყო.

ამბობს, რომ ამჯერად სასურველ პროფესიაზე მოხვდა. წლების წინ, როდესაც სტუდენტი პირველად გახდა. იმ ფაკულტეტზე მოხვდა, რომელიც მშობლებს სურდათ:

,,მშობლებს უნდოდათ სამკურნალოზე მესწავლა. გოგოს უხდება ეს პროფესიაო, ამიტომ პირველად დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი პროფესიით ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგი. იქიდან გამომდინარე, რომ სწავლა მიყვარს და ნებისმიერ პროფესიას ვაფასებ, ვისწავლე, ვიყავი სტიპენდიანტი'' - გვიყვება ნინი ჩალაური.



ამჟამად, ნინი ჩალაური ხილის გადამამუშავებელ საწარმო ,,ჩიკორის'' ხარისხის განვითარების და ადმინისტრირების მენეჯერია. საწარმო ქარელში მდებარეობს.



,,ჭირდებოდათ ხარისხის განვითარების და ადმინისტრირების მენეჯერი და სივი გავაგზავნე. მანამდე 5 წელი მაღაზიათა ქსელ ,,ორ ნაბიჯში'' ვმუშაობდი მენეჯერად'' - ამბობს ნინი.

წელს მან იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა სამართლის განხრით. მისი ბავშვობის ოცნება სწორედ იურიდიულზე სწავლა იყო:



,,მე იურიდიული მინდოდა. გაზაფხულზე ექსპრომტად მოვიფიქრე, არც მოვმზადებულვარ. ოცნებები ხდება, მთავარია გწამდეს. ამ ლოზუნგით მოვდივარ'' - აცხადებს ნინი ჩალაური.

დაამთავრა გორის მეოთხე საჯარო სკოლა, ჰყავს ორი ბიჭი, რომლებიც სკოლაში წარჩინებით სწავლობენ.

ნინი ჩალაური აქტიურად მონაწილეობს სამოქალაქო განათლების პროგრამაში, რომელიც ,,იუსაიდის'' დაფინანსებით სხვადასხვა სკოლაში ხორციელდება. კომპანია ,,ჩიკორიმ'' წელს ერთ-ერთ ბიზნესფორუმზე, სადაც მოსწავლეთა იდეები განიხილებოდა, დააფინანსა მოსწავლეთა პროექტი.
Print