ახალი ამბები
ვარიანის წყალსადენის, კარალეთის სათავე ნაგებობისა და ელექტროფიკაციის დასახლებაში ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო
გორში, ვარიანის წყალსადენის, კარალეთის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილია ასევე სადგურის დასახლებაში ქსელის რეაბილიტაცია.

სამუშაოებისთვის 15 მლნ-მდე ლარი დაიხარჯება და პროცესი 2026 წლამდე გაგრძელდება.

პროექტის მიხედვით, გამოიცვლება მაგისტრალური მილი, რომელიც ვარიანის სათავე ნაგებობიდან მოდის და მდინარე ლიახვზეა განთავსებული. მოხდება მისი ჰიდრავლიკური გამოცდა, გარეცხვა/დეზინფექცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 400მმ-იან მილს, რომლის სიგრძეა 180 მ. ვარიანის წყალსადენით ძირითადად სარგებლობს კომბინატის დასახლება.

პროექტის მიხედვით, 2023-2026 წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სადგურის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემას. კერძოდ:

ქალაქ გორში ელექტროფიკაციის დასახლების წყალმომარაგების ქსელი მოეწყობა პოლიეთილენის მილებით, 5 კმ სიგრძეზე. მოხდება მისი ჰიდრავლიკური გამოცდა, ჩაუტარდება გარეცხვა/დეზინფექცია.

,,საჭიროების შემთხვევაში სისტემა აღიჭურვება წნევის გამაძლიერებელი ტუმბო - აგრეგატებით, წნევის სარეგულაციო ჭებით, სახანძრო ჰიდრანტებითა და ფასონური ნაწილებით. კომუნიკაციების, მდინარისა და ხიდების გადაკვეთებით. არსებულ მილებზე, ფიტინგებზე, სახანძრო ჰიდრანტებსა და ჩამკეტ-მარეგულირებელ არმატურებზე გადაერთებით (საჭიროების შემთხვევაში ახლის მოწყობით).'' - აღნიშნულია პროექტში.

ქვემოთ ფოტოზე: მდ. ლიახვის ხიდზე ვარიანის წყალსადენი



დაგეგმილია ქალაქ გორში შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" საკუთრებაში არსებულ (№66.45.13.026) სერვის - ცენტრის ტექნიკური განყოფილების შენობის სრული რემონტი - რეაბილიტაცია - საწყობით, პარკინგით, დახურული ავტოფარეხით, შესაბამისი სანიტარული, გათბობა-გაგრილების, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებითა და შშმ პირებზე მორგებული ინფრასტრუქტურით.

დაგეგმილია კარალეთის №1 (№66.46.20.632.001) სათავე ნაგებობის ტერიტორიისა და მასში არსებული შენობა - ნაგებობების სრული რეაბილიტაცია ყველა საჭირო ტექნოლოგიური, კონსტრუქციული, მექანიკური თუ ელექტრო - ტექნიკური კომპონენტით და არსებული - ამორტიზებული შენობების დემონტაჟი; სადარაჯო.

კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის აგვისტოში გაფორმდა.

ქვემოთ ფოტოზე: ელექტროფიკაციის დასახლების სარეაბილიტაციო ქსელი

Print