ახალი ამბები
50.4 ათასი ლარი ,,ქართულ ოცნებას'' - მინისტრის მოადგილის არაფულადი შემოწირულობა
სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ბადრი ნანეტაშვილმა არაფულადი შემოწირულობის სახით, ,,ქართულ ოცნებას'' 50 426 ლარი შესწირა.

პარტიული შემოწირულობის ვებ-გვერდზე განთავსებული ცნობის მიხედვით, შემოწირულობა თარიღდება 2024 წლის 6 აპრილით.

რა იგულისხმება არაფულად შემოწირულობაში, ამის თაობაზე დავუკავშირდით მინისტრის მოადგილეს, თუმცა მოუცლელობის მიზეზით, დასმულ კითხვას არ უპასუხა.

ქარელელმა მაღალჩინოსანმა ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის 30 მარტს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს ხელფასის წლიურმა ოდენობამ შეადგინა 48 240 ლარი.

2024 წლის 1 მარტს შეიძინა ავტომანქანა LEXUS LX 570 ღირებულებით 110 000 დოლარი.

ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ მინისტრის მოადგილემ 2023 წელს გაყიდა სახლი, საიდანაც ერგო 300 000 დოლარი, ხოლო მეუღლემ, რომელიც ტელეკომპანია თრიალეთის დირექტორის მოადგილეა, ბინის გაყიდვიდან, 120 000 დოლარი მიიღო.
Print