„ორბელიანების სასახლეში“ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას” ოპოზიციონერი
პოლიტიკოსები აწერენ ხელს.
დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს: პარტია „ახალის“ ლიდერმა – ნიკა
მელიამ, „ლელოს” ლიდერმა – მამუკა ხაზარაძემ, „დროა-გირჩი მეტი
თავისუფლების“ წევრებმა – ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ.
ასევე – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, „ევროპულმა საქართველომ”,
„სტრატეგია აღმაშენებელმა“, პარტია „მოქალაქეებმა”, მოძრაობამ
„ხალხისთვის”, ნიკა მაჭუტაძემ – „სახელმწიფო ხალხისთვის”, აგრეთვე,
თაკო ჩარკვიანმა, პაატა დავითაიამ და ეკა ბესელიამ.
პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ქარტიაში არის გარკვეული საკითხები, რასაც
არ იზიარებენ, თუმცა, მათივე თქმით, ახლა გაერთიანება, ერთობაა
მნიშვნელოვანი და ამის გამო აწერენ ხელს დოკუმენტს.
„ეს ქარტია არის პრაქტიკულად იმ ადამიანების, პარტიების თანხმობა, რომ
ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნიდან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი. „ლელო“
იქნება ყველგან, სადაც ასეთი ერთობა იქნება”, – განაცხადა მამუკა
ხაზარაძემ.
„ეს რეფორმები არის ხალხის ინტერესში, ამიტომ ჩვენ ამ დოკუმენტს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ყველანაირი დათქმების გარეშე ვაწერთ
ხელს და ვიღებთ ვალდებულებას მისი ზედმიწევნით შესრულებაზე“, –
განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ქარტიას ხელს არ მოაწერენ გახარიას გუნდი,
პარტია „საქართველოსთვის”, ასევე, პრეზიდენტის ინიციატივას არ
უერთდება „გირჩი” და „ლეიბორისტული პარტია“.
სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართული ქარტიის“ ხელმოწერა
და მის ირგვლივ შეჯერება 26 მაისს შესთავაზა.
ქარტია, პრეზიდენტის თქმით, გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024
წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია
დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და ჩაატარებს მას
თავისუფალ გარემოში. პრეზიდენტმა თქვა, ოქტომბრის არჩევნები არა
ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ სახალხო რეფერენდუმი იქნება, სადაც
ხალხი გადაწყვეტს, ირჩევს თუ არა ევროპას.
პუბლიკა