ახალი ამბები
პერევის მეზობელ სოფელ სინაგურში 42 ღორი აფრიკული ჭირისგან დაიღუპა
სოფელ სინაგურში, რომელიც ჯავის რაიონში მდებარეობს, აფრიკული ჭირისგან 42 ღორი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,საპა ცხინვალი'' ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დარჩენილია მხოლოდ 12 ღორი.

,,ზოგი მიწაში დაფლეს, ნაწილი დაწვეს. ახლა სოფელში მხოლოდ 12 ღორია დარჩენილი. მათ ვეტერინარული დეპარტამენტის სპეციალისტები ჩაუტარებენ გამოკვლევას.'' - იუწყება სააგენტო.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიისა და მეცხოველებოს დეპარტამენტის უფროსმა აცამაზ თედეევმა ,,საპას'' განუცხადა, რომ "ტარდება ყველა საჭირო ვეტერინარული და სანიტარული ღონისძიება. მრავალსაფეხურიანი დეზინფექციის ჩათვლით. მაგრამ ამის მიუხედავად, ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. სამწუხაროდ, აფრიკული ჭირის ვაქცინა არ არსებობს".

,,საპა ცხინვალის'' ცნობით, სინაგურში აფრიკული ჭირი 17 ივლისს დაფიქსირდა. სინაგური გამყოფ ხაზთან მდებარეობს და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევს ესაზღვრება.

ღორის აფრიკული ჭირი, იგივე მონტგომერის დაავადება მწვავედ მიმდინარე კონტაგიოზური დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ციებცხელება, სხვადასხვა ორგანოს ჰემორაგიული ანთება და მაღალი ლეტალობა. ავადდება ყველა ასაკის ღორი წლის სეზონის, შენახვის სისტემისა და პირობების მიუხედავად. ამთვისებელია გარეული ღორიც. ჯანმრთელი ღორი ავადდება დასნებოვნებულ ღორთან კონტაქტით, აგრეთვე სასაკლაოს, ხორცის გადამმუშავებელი და კვების მრეწველობის საწარმოების გაუვნებელი ანარჩენების, ასევე დაინფიცირებული სხვა საკვებით მისი კვებისას. აღმძვრელის გადატანა შესაძლებელია Ornitodhoros-ის გვარის ტკიპების მიერაც.
Print