ახალი ამბები
მამაკაცი, რომელსაც ატენში სასტიკად სცემეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა
11 აგვისტოს გორის ჰოსპიტალში გარდაიცვალა რევაზ მიხანაშვილი, რომელსაც სოფელ ატენში სასტიკად სცემეს.

კლინიკაში შეყვანისას, აღენიშნებოდა თავის ქალის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული ჰემორაგია, ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია.

ფაქტზე დაკავებულია სპეცრაზმის თანამშრომელი დემეტრე რევაზაშვილი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დიმიტრი რევაზაშვილმა და იოსებ ბარჯაძემ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს.

პროკურატურამ ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის "ლ" ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების პირველ ეტაპზე ბრალდება რევაზაშვილს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), ხოლო ბარჯაძეს დაუსწრებლად სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, რაც შეეხება ბარჯაძეს, მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება
Print