ახალი ამბები
,,გვეშინია, კედელი არ გადმოინგრეს''- წაღვლში სკვერი სტადიონის თავზე გააკეთეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლში, მშობლების ნაწილი შიშობს, რომ გარკვეული დროის შემდეგ, სკვერისთვის გაკეთებული კედელი გადაინგრევა და სტადიონს მოიყოლებს.

ამის გამო, მოზარდებს ურჩევენ, რომ მინი სტადიონზე არ ითამაშონ. სკვერი კი სტადიონის თავზეა გაკეთებული, სადაც ტონობით ქვიშაა დაყრილი. ორივე ობიექტი - სკვერიც და მინი სტადიონიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

,,ჩემ შვილებს სულ ვეუბნები, რომ სტადიონზე არ შევიდნენ. ახლაც ვამჩნევთ, რომ კედელი ორნავ გადაწეულია. არ ვიცი, ასე უნდა იყოს კედელი თუ არა, მაგრამ მე ძალიან მეშინია'' - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

სკვერის მშენებლობა 2024 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო სამუშაოები 2024 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, კომპანია ,,ენ-9-ის'' ხელმძღვანელმა ხაშურის მერიას ვადის გადაწევა რამდენჯერმე მოსთხოვა.

ამჟამად, შესრულებული სამუშაოების ხარისხს საზედამხედველო კომპანია ,,ოპტიმალ გრუპი'' ამოწმებს. დასკვნა ჯერ მზად არაა. კომპანიას კი თანხის მხოლოდ 48% აქვს ჩარიცხული. პროექტის ჯამური ღირებულება 95 ათასი ლარია.

,,როდესაც მუშები მუშაობდნენ, ბრაზობდნენ, რომ ნორმალური მუშაობის საშუალება არ ეძლეოდათ. მათ სჭირდებოდათ, რომ სტადიონის ერთი მხარე მოშლილიყო და ისე ამოეყვანათ კედელი. არ მოგვცეს უფლება, რომ სტადიონის ერთი მხარე მოგვეშალაო. იმუშავეს ეგრე სივიწროვეში,'' - გვეუბნება მეორე ადგილობრივი.

როგორც სკვერის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა იხსენებს, სკვერში დაგებულმა ფილებმა სამჯერ განიცადა დეფორმაცია:

,,შემოიტანეს ძალიან ბევრი მიწა. ძირითადად ქვიშა. დაყარეს და მერე დააგეს ფილები. ამ ფილებმა დაიწია. სადღაც სამჯერ აყარეს და დააგეს ფილები. ისე გაწვალდნენ მუშები, ძალიან მეცოდებოდნენ.'' - ყვებიან ადგილობრივები.

ის ადამიანები, ვინც სკვერის მშენებლობაში იღებდნენ მონაწილეობას, ირწმუნებიან, რომ ბეტონის კედელი მყარია და გაუძლებს ზეწოლას. წაღვლში კი ნალექების რაოდენობით გამოირჩევა. ამიტომ, ნაწილი ფიქრობს, რომ ხანგრძლივი წვიმებისა და თოვლის შემდეგ, შესაძლოა საფრთხე რეალური იყოს. ამიტომ, ისინი კედლის სიმყარის შესამოწმებლად მუდმივ კონტროლს ითხოვენ.

 

Print