ახალი ამბები
გორში 8-დღიანი თეატრალური ფესტივალი გაიმართება
გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრი 180-ე საიუბილეო სეზონს ახალი თეატრალური ფესტივალის დაარსებით იწყებს. გორის თეატრალური ფესტივალი 8 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველდღე უმასპინძლებს როგორც ტრადიციულ ისე მოზარდ მაყურებელს.

„ვთვლით რა, რომ ქალაქისთვის საჭიროა მეტი კულტურული ტრადიცია. ვალდებულნიც კი ვართ დავაარსოთ თეატრალური ფესტივალი „როტონდა“. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს წარვუდგინეთ სპექტაკლებს ყველა ჟანრში: ვოდევილი, ბუფონადა, სატირა, ტრაგიკომედია, დრამა და სხვა. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში და უცხოეთში მოქმედი პროფესიული თეატრები. გარდა სპექტაკლების ჩვენებისა, მოხდება ჯერ განუხორციელებელი პიესების საჯარო კითხვა, შეხვედრები რეჟისორებთან და მსახიობებთან, ჩატარდება მასტერკლასები და ვორქშოფები. შესაბამისად რეგიონის მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთვება თეატრალურ პროცესებში და მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ადგილზე გაეცნონ საქართველოში მოქმედი პროფესიული და დამოუკიდებელი თეატრალური დასების საუკეთესო ნამუშევრებს” ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე.

ფესტივალის დასრულების დღეს 12 ოქტომბერს კი საზეიმოდ გაიხნება: ერისთავის თეატრის დამსახურებული არტისტების დარეჯან ჭამაურის და კახა ბერიძის ვარსკვლავები.
Print