ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, პარლამენტარი გენო პეტრიაშვილი
ქონების შეძენითაა დაინტერესებული.
2024 წლის 5 დეკემბერს, 16:33 სთ-ზე მან საჯარო რეესტრს მიმართა
განცხადებით, სააგარაკე მიწის შეძენასთან დაკავშირებით.
11 დეკემბერს საჯარო რეესტრმა მისი განცხადება დააკმაყოფილა. გენო
პეტრიაშვილმა გაიჩაანთუბანში (ტანის ხეობა, ბოშურის თემი) 400 კვ.მ
ფართობის მიწა იყიდა.
ტერიტორია ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტს შორის მდებარეობს.
საჯარო რეესტრის მიხედვით, გენო პეტრიაშვილმა მიწა შეიძინა კობა
ჯოლბორდისგან, რომელიც ჯამში ფლობს 41 475 კვ.მ ფართობს. იგი 2024
წლის ივლისიდან აგვისტომდე კომპანია ,,ჩგკ9''-ს ფლობდა, რომელთანაც
გორის მერიას, პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ხელშკრულებები აქვს
გაფორმებული სოფლის პროგრამების პროექტებზე, ძირითადად, სასაფლაოების
შემოღობვა, მათ შორის, ტანის ხეობაში მდებარე სოფლებში.
მიწის გასხვისების
ისტორია
ეს ფართობი სახელმწიფომ 2013 წელს გაყიდა ჯერ მეზობელ სოფელ ბოშურში
მცხოვრებ ალექსანდრე ხუციშვილზე, რომელმაც 2016 წელს მიჰყიდა ავთანდილ
ჩხეიძეს.
2021 წელს კი ავთანდილ ჩხეიძემ მიყიდა კობა ჯოლბორდს. 2024 წლის
ნოემბერს კი, საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, კობა ჯოლბორდმა
დაიწყო ამ ფართობის დანაწილება.
დანაწილებული მიწის ერთ-ერთი პირველი შემძენი, პარლამენტარი,
,,ქართული ოცნების'' ათეულის წევრი გენო პეტრიაშვილი აღმოჩნდა.
მეთხუთმეტე დღეა, თბილისში საპროტესტო აქციები იმართება.
დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ
გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე
დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის
საკითხს მის წევრობაზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასზე მეტი მონაწილე დააკავა,
მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი,
რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან
საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც
ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.