ახალი ამბები
,,ექიმების მანიფეტს'' შიდა ქართლიდანაც შეუერთდნენ
შიდა ქართლელი ექიმები ,,ექიმების მანიფესტს'' შეუერთდნენ. 2037 ხელმომწერს შორის, 6 ექიმი გორიდანაა, 1 ექიმი კასპიდან, 1 ექიმი კი ხაშურიდან.

მანიფესტის თანახმად, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, მოქალაქეების დაჭერები და მათზე ძალადობა ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მომავალს, რასაც მედიკოსები გმობენ.

„ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები სრულად ვაცნობიერებთ, პროფესიულ პასუხისმგებლობას. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება, რასაც ყველაზე უკეთ თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში შევძლებთ.

ვხედავთ, რომ ქვეყნის დღევანდელი მმართველები არ იცავენ კანონს, თელავენ ადამიანის უფლებებს, ძალადობენ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძირს უთხრიან საქართველოს ევროპულ მომავალს.

ექიმები ვდგავართ, ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენი თავისუფლებისა და საერთო სახელმწიფოს გადარჩენისთვის ბრძოლაში.

საქართველოს მომავალი დემოკრატიულ საერთაშორისო თანამეგობრობაშია. საქართველოს ადგილი ევროპის კავშირშია“, – ვკითხულობთ მანიფესტში.
Print