კასპში, გიორგი სააკაძის ქუჩის მოასფალტების სამუშაოებს, ხარვეზების გამო, გამგეობა იწუნებს და კომპანიას თანხას არ უნაზღაურებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს. საქმე ეხება ზამთრის პერიოდში მოასფალტებულ 750 მეტრი სიგრძის გზას, რომელიც, გამგეობის ინფორმაციით, ზამთრამდე უნდა დასრულებულიყო, ხოლო საკანალიზაციო ჭების თავსახურები ახლადდაგებული ასფალტის ზედაპირს ასცდა.

სამუშაოები შპს „ჯი-აი-დი“-მ შეასრულა. მასთან ხელშეკრულება 2013 წლის აგვისტოში გაფორმდა.

გამგეობის ინფორმაციით, შპს „ჯი-აი-დი“-მ ასფალტის დაგების წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები თავდაპირველად ხარისხიანად დაიწყო, თუმცა ვადები დაარღვია და დაჯარიმდა. ამის შემდეგ კომპანიამ წვრილმარცვლოვანი ასფალტის დაგების დროს პროექტით გათვალისწინებული სამუშაო უხარისხოდ დაიწყო, რაც სანიაღვრე ჭების არასწორად მოწყობაში გამოიხატა, ანუ ჭა ასფალტის ზედაპირს ასცდა.

,,ზედაპირს აცდენილი ჭა კი ვერ უზრუნველყოფს ატმოსფერული ნალექების შედეგად მოსული წყლის ჭაში ჩასვლას, ქმნის ავტოტრანსპორტის საავარიო სიტუაციას და დისკომფორტს უქმნის ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებასაც. შექმნილ სიტუაციას ადგილობრივი ხელისუფლებასთან ერთად მოსახლეობაც აპროტესტებს, რაზეც ხელისუფლება ეთანხმება და იზიარებს სამართლიან გულისწყრომას.” – წერია გამგეობის განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა, უხარისხო სამუშაოების შესახებ მშენებლებს რამდენიმე ზეპირი გაფრთხილება მისცეს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა შპს „ჯი-აი-დი“-ს ხელმძღვანელობას სამი წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა – კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა კომპანიას აცნობებს, რომ წვრილმარცვლოვანი ასფალტბეტონის საფარი გარკვეულ მონაკვეთებზე დაწეულია, ახლად მოწყობილი სანიაღვრე რკინაბეტონის ჭებთან შეფარდებით ასფალტის საფარი არათანაბარია. ამასთან გამგებელი სთხოვს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოები არ იქნება მიღებული და ანაზღაურებული.

შპს „ჯი-აი-დი“-ს მესამე ოფიციალური გაფრთხილება 2013 წლის 30 დეკემბერს გაეგზავნა (წერილი #2/2319).

პროექტი ითვალისწინებს მიწის ვაკისის და რკინა-ბეტონის ლენტური კედლის, ანაკრები რკინა-ბეტონის გადამკვეთი ღარების, ბორდიურების, საგზაო სამოსის, საფეხმავლოებზე ასფალტის, საავტომობილო მიერთებების, ეზოში შესასვლელების, რკინა-ბეტონის ჭების, სანიაღვრე მილების და სანაგვე ურნების ადგილების მოწყობას. ქუჩაზე დაიდგმევა საგზაო ნიშნები და სამ ზოლად, თერმოპლასტის თეთრი საღებავით მოხდება საგზაო ხაზების მონიშვნა, დაირგვება ნარგავები.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი