ახალი ამბები
პატარა ქველმოქმედები ქარელიდან


10 წლის გიორგი ნაყიშაშვილი მობილურ ტელფონში ხშირად ხვდება პოსტებს, სადაც მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

,,ერთ დღესაც მეუბნება, რომ დე, მოდი შევაგროვოთ ფული, რამე გავყიდოთო. შვილო, რა გავყიდოთქო, მე იმ წუთში ვერაფერს ვფიქრობდი’’ - გვეუბნება ნატო თედეშვილი, რომელიც 10 წლის გიორგი ნაყიშაშვილის დედაა.

ამ პოსტების გამო, გიორგიმ მოსვენება დაკარგა. შემდეგ დაიწყო ქარელში იმის გარკვევა, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო გაჭირვებული.

,,ბევრი ისტორია მოვისმინეთ. გვითხრეს, რომ სოფელში მაგალითად, გაჭირვებული ბავშვები ცხოვრობენ. ასევე, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ბავშვი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად დაშავდა, საზღვარგარეთ წაიყვანეს სამკურნალოდ. ვნახეთ ასევე ქარელის ჯგუფები, სადაც შეიძლებოდაგაჭირვებული ოჯახების ნახვა’’ - იხსენებს ნატო თედეშვილი.



გიორგი მოიფიქრა, რომ ის მოსავალი, რომელიც პაპამისს სოფელში მოყავს, სწორედ საქველმოქმედო საქმიანობისთვის გამოიყენოს:

,,სოფელში პაპას მოყავს ძალიან ბევრი მოსავალი. აქვს ყველანაირი ხილი თითქმის. აი, პაპას ხომ აქვს ბევრი მოსავალი, მოდი გავყიდოთ და ის ფული გადავურიცხოთო’ - იხსენებს ნატო თედეშვილი.

მართლაც, სოფლიდან ჩამოიტანეს ხილი - ვაშლი, ყურძენი, ლეღვი. გაანაწილეს ჭიქები და გასაყიდად გამოიტანეს.



,,პირველ დღეს რომ გამოვიტანეთ, ჩვენც არ ველოდებოდით, რომ გაიყიდებოდა. 20 ლარი შევაგროვეთ. იმ ფონზე, რომ მაგალითად, ერთი ჭიქა ხილი 1 ლარი ღირს, წარმოიდგინეთ, რა სიხარული იქნებოდა, რომ 20 ლარის ხილი გაიყიდებოდა. თვითონ ბავშვებსაც უხაროდათ.’’ - ამბობს ნატო თედეშვილი.

მომდევნო ბაზრობა რამდენიმე დღეში გამართეს. ამჯერად უკვე გაზარდეს რაოდენობა და სხვადასხვა დასახელების ხილი მიემატა:

,,მე გიორგის მეგობარი ვარ და როცა ვნახე, რომ ესეთ რაღაცას აკეთებდა, მეც მივეხმარე. აქ ვართ კიდევ რამდენიმე ბიჭი ვინც ჩართულები ვართ ამ ამბავში’’ - ამბობს ანდრია აბაშიშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები