ახალი ამბები
მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის ხაშურელი ნიკა თიკანაშვილი რუსთაველის ფონდის პრემიით დაჯილდოვდა
ხაშურელი ნიკა თიკანაშვილი შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა დააჯილდოვა პრემიით მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის.

ნიკა თიკანაშვილი იმ ახალგაზრდა მეცნიერებს შორის მოხვდა, რომლებიც 2023 წლის კონკურსის "პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის" გამარჯვებულები გახდნენ.

მან ფონდის დახმარებით 2 წლის განმავლობაში შეძლო იმ კვლევაზე მუშაობა, რომელიც სადოქტორო პერიოდში დაიწყო და დაკავშირებულია საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან.

ნიკა თიკანაშვილი ხაშურის საკრებულოს დეპუტატიცაა.



რაც შეეხება 2023 წლის კონკურსის გამარჯვებულებს, ნიკა თიკანაშვილთან ერთად გახდნენ სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრული 7 სამეცნიერო მიმართულების წარმომადგენელი ახალგაზრდა მეცნიერები:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით – არჩილ დურგლიშვილი (ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი); მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით – ქეთი ცომაია (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი); ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით – ნიკა თიკანაშვილი (ინჟინერიის დოქტორი); საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით – ლაშა ასანიძე (გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი); სოციალური მეცნიერებების მიმართულებით – გიორგი ამირანაშვილი (სამართლის დოქტორი), აგრარული მეცნიერებების მიმართულებით - შენგელი კიკილაშვილი (აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი), ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით - ნათია მიროტაძე (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი).

კონკურსის "პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის" მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება წარმატებული და გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის, აკადემიური კომპეტენციების ფარგლებში დარგის განვითარებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები