ახალი ამბები
გორის #11 საბავშვო ბაღის ფოიეში კერამიკის სველ ფილებზე მშობელი წაიქცა
დღეს, გორის #11 საბავშვო ბაღის ფოიეში კერამიკის სველ ფილებზე (მეტლახზე) მშობელი წაიქცა. ის სასწაულებრივად გადარჩა თავის არეში დაზიანების მიყენებისაგან. მშობელი ამჟამად თავს კარგად გრძნობს, თუმცა დაცემის დროს დაზიანებები მიიღო სახსრის არეში, რის დასადასტურებლადაც დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები დასჭირდება.

,,წვიმდა, მანქანა გავაჩერე, საწვიმარი მოვიცვი და ჩქარი ნაბიჯებით გორის მე-11 ბაღის კიბეებზე ავედი, სულ ორი ნაბიჯი მაკლდა კარებთან მისვლას და ვიგრძენი როგორ გამიცურდა ფეხი მეტლახზე, წამებში მივხვდი ირგვლივ არაფერი იყო რომ მოვჭიდებოდი, ერთი ფეხი წინ გასრიალდა და მეორე ფეხი კი უკან წავიდა, მოწყვეტით დავეშვი, შესასვლელში ერთ-ერთი ბავშვის მამა იდგა და სწრაფად მომეშველა, ძლივს წამომაყენა და სკამთან მიმიყვანა, ყველა შეშფოთდა ვინც კი დამინახა და ისიც აღნიშნეს, წვიმაზე და თოვლზე ბევრი ადამიანი წაიქცა მაგ მეტლახზეო. სიკვდილს გადავრჩი, რომ არ დავარტყი თავი, თუმცა გადავრჩი თუ არა, ეგ ჯერ კიდევ საეჭვოა, ვიდრე რენტგენით არ დავადასტურებ რომ ჩემი ხელოვნური სახსარი არ გატყდა, უცებ გამიელვა თავში: ბავშვი რომ დაცემულიყო? თავი რომ დაერტყა? ახალი აშენებული ბაღია და უზომოდ მაინტერესებს ეს პრიალა მეტლახი ღია სივრცეში რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა თავში რომ დაეგო?'' - აღნიშნავს მშობელი.

გორის მე - 11 ბაგა-ბაღი 2020 წელს გაიხსნა და მის აშენებაში 1 101 562 ლარი დაიხარჯა. საბავშვო ბაღი 100-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. რა ღონისძიებებს გაატარებს სკოლამდელი აღზრდის სააგენტო მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ამის შესახებ პასუხის მიღებას სკოლამდე აღზრდის სააგენტოსგან შევეცდებით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები