რუსი სამხედროების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ცხედარს ექსპერტიზა
უტარდება.
კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტს საქართველოს მთავრობა
ეხმაურება. მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკანონოდ
დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ
ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს
მოქალაქე.
,,მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ
უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე,
რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად,
სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ. ვუსამძიმრებ
გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას.
სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში.'' - აღნიშნულია
მთავრობის განცხადებაში.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი
მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები.
საქართველოს მთავრობა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას
შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან
დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კირბალის მიმდებარედ,
რუსეთის სამხედროებმა მეორე ადამიანის დაკავება მოახერხეს.
,,მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ
დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში
გასათავისუფლებლად.'' - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები