ხაშურში, ციმბირულ პელმენების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 5
ნიმუშში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა. ამის
შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, ქალაქ ხაშურში, შპს „რითეილ ჯგუფის“ სარეალიზაციო
ობიექტი (მის: დ. აღმაშენებლის ქ. N5) შეამოწმეს და ლაბორატორიული
კვლევის მიზნით, გაყინული ნახევარფაბრიკატის - ციმბირული პელმენის
ნიმუშები აიღეს.
შემოწმებული პელმენის სავაჭრო სახელწოდებაა “ხინდა“, მწარმოებელი შპს
"G&A GROUP", ქ. თბილისი, დ. თავდადებულის ქ.29, ს/კ 404943683,
დამზადების თარიღი: 19.04.2024 წ.
,,დაუყოვნებლივ ეცნობა შპს „რითეილ ჯგუფს“ და დაევალა პელმენის
აღნიშნული პარტიის რეალიზაციიდან ამოღება;გარდა ამისა, სააგენტოს
უფლებამოსილმა პირებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს შპს
"G&A GROUP-ის" ნახევარფაბრიკატების საწარმოში - ბიზნესოპერატორი
დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და
მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და 66-ე მუხლის
მე-3 ნაწილის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული
შეუსაბამობის აღმოფხვრამდე; ასევე, დაევალა გაყინული ნახევარფაბრიკატი
პელმენის ბაზრიდან/რეალიზაციიდან ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის
აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ
ინფორმირება.''
,,სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა,
რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან
დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი
სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების
გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს„ მოიცავს, უმრავლესობა
პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და
ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია
სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის
პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები)
წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.'' - აღნიშნულია
სააგენტოს განცხადებაში.
ჰქონდა თუ არა პრეტენზია დასკვნასთან დაკავშირებით ბიზნესოპერატორს,
ამ ეტაპზე უცნობია.
სტატიის გამოყენების პირობები