ახალი ამბები
ქალაქ გორში ,,ოცნებას'' საერთო ამომრჩევლის მხოლოდ 29.8%-ის ნდობა აქვს მოპოვებული
მმართველ პარტიას, რომელსაც გამსვლელ სიაში სამი გორელი წევრი, მათ შორის, ოლიმპიური ჩემპიონები ჰყავდა, ქალაქ გორის საერთო ამომრჩევლის მხოლოდ 29.8%-ის ნდობა აქვს მოპოვებული.

ამის შესახებ ცნობები ცესკოს მიერ გამოცხადებული საბოლოო შემაჯამებელი ოქმებშია მოცემული.

ამ ოქმების მიხედვით, ქალაქ გორში, ,,ქართულ ოცნებას'' მიღებული აქვს 11 409 ხმა. ქალაქის უბნებზე კი ამომრჩევლის საერთო რაოდენობა 38 237-ს შეადგენს.

ქალაქის ტერიტორიაზე სულ 26 უბანი იყო გახსნილი.

იურიდიული ძალის მქონე ოქმების მიხედვით, 38 237 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 23 284 ამომრჩეველმა, აქედან კი ხმა მმართველ პარტიას 11 409 მოქალაქემ მისცა.

ჯამში, ,,ქართულმა ოცნებამ'' უბნებზე მისულ ამომრჩევლებს შორის, 48.9% მიიღო. დანარჩენი ოპოზიციამ. მმართველი პარტიის გორელი წარმომადგენლები ამომრჩევლებს სთხოვდნენ, რომ სჭირდებოდათ 60%-ზე მეტი ხმა, თუმცა 50%-იან ზღვარსაც ვერ მიაღწიეს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს მონაცემებიც ზედმეტია მმართველი პარტიისთვის, რადგან არჩევნები ტარდებოდა ტოტალური გაყალებებით, დაშინებებით და ამომრჩევლებზე ზეწოლით.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგები საერთაშორისო საზოგადოებას ლეგიტიმურად ჯერ არ უცვნია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები