ახალი ამბები
გორში გახსნილი ახალ სავაჭრო ცენტრი ექსპლუატაციაში ჯერ მიღებული არაა
გორში, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე აშენებული სავაჭრო ცენტრი ჯერ ექსპლუატაციაში მიღებული არაა.

ამის შესახებ გორის საკრებულოს დეკემბრის სხდომაზე იმსჯელეს.

საუბარი ეხება იმ ტერიტორიას, სადაც ერთი წლის წინ, ჰიპერმარკეტების ქსელის, ,,გორგიას'' ფილიალი გაიხსნა.

შენობა შპს ,,აგრო მოლს'' ეკუთვნის. საკრებულოს სხდომაზე წარდგენილ მიწის ნაკვეთზე სხვა სავაჭრო ცენტრი არაა აშენებული.

,,აგრო მოლის'' ხელმძღვანელი დავით ხმიადაშვილი გორის მერიას სთხოვს, რომ ექსპლუატაციის მიღების ვადამ კიდევ ერთი წელი გადაიწიოს.

,,უკვე დასრულდა სამშენებლო სამუშაოები და ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი პროექტის შეთანხმების პროცედურა, რომელსაც სჭირდება გარკვეული პერიოდი, რის შემდეგაც უნდა მოხდეს სახანძრო სისტემის მოწყობა, რაც კიდევ ერთხელ უნდა გადაამაწმოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.'' - წერია დავით ხმიადაშვილის განცხადებაში.

ამ წერილის მიხედვით, შპს "აგრო მოლი" ითხოვს მითითებული პირობის ვადის გაგრძელებას კიდევ ერთი წლით, რაც გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია.

შპს ,,აგრო მოლმა'' ახალი შენობის აშენებაზე ნებართვა 2020 წელს მიიღო. მაშინ მერიამ მშენებლობის დასრულების ვადად 2 წელი განუსაზღვრა. პანდემიის გამო, ,,აგრო მოლმა'' ობიქტების დასრულების ვადის გადაწევა რამდენჯერმე ითხოვა, ჯერ 2023 წლამდე, შემდეგ 2024 წლამდე. ამჯერად კი - 2025 წლამდე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები