ახალი ამბები
კასპი-მეფისქალაქის გზის პროექტი ჩავარდა - კომპანია ,,ერ ტე დე'' 11 თვეა არ გამოჩენილა
კასპი-მეტეხი-მეფისქალაქის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი ჩავარდა. კომპანია ,,ერ ტე დესთან'' გაფორმებული ხელშეკრულება, ცალმხრივად, 2024 წლის დეკემბერში, შეწყდა.

ამის საფუძველი საერთაშორისო საზედამხედველო ორგანიზაცია - სს „Egis International”-ის დასკვნა გახდა. საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტებს კასპში სავალალო ვითარება დახვდათ. თბილისში დაბრუნების შემდეგ დასკვნა მოამზადეს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუგზავნეს.

როგორც დასკვნაში წერია, ლუხუმ ქართლოსიშვილის კომპანია კასპსა, მეტეხსა თუ მეფისქალაში საერთოდ არ გამოჩენილა. ის 11 კმ-იანი გზა, რომლის რეაბილიტაცია კომპანია ,,ერ ტე დეს'' უნდა განეხორციელებინა, სწორედ ამ სოფლებზე გადის.

ხელშეკრულება 2024 წლის 18 იანვარს გაფორმდა. შეწყდა 11 თვის შემდეგ - 2024 წლის 8 დეკემბერს.



პროექტის ღირებულება შეადგენდა 14,9 მლნ ლარი. შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, თანხა არაა გადახდილი.

,,მიმწოდებელს დაევალა სამუშაოების დაწყება 2024 წლის 1 აპრილიდან და შესაბამისად, დაეკისრა ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდამდე. მიმწოდებელმა უგულებელყო დეპარტამენტის და საზედამხედველო ორგანიზაციის არაერთი გაფრთხილება ხელშეკრულებაზე დართული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად სამუშაობის წარმოების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამშენებლო ობიექტზე არ არსებობდა არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება სამუშაოების სრულად და ჯეროვნად შესასრულებლად, მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო სამუშაოების დაწყება და შემდგომში მაღალი ტემპით წარმოება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეებში მიმწოდებელს საერთოდ არ უწარმოებია სამუშაოები და დეპარტამენტში არ წარმოუდგენია ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.'' - წერია სამინისტროს გადაწყვეტილებაში.

სამინისტრო ირწმუნება, რომ კომპანიას მკაცრი გაფრთხილება მისცეს 2024 წლის 29 აგვისტოს, 5 და 6 სექტემბერს.

9 სექტემბერს ლუხუმ ქართლოსიშვილის კომპანიამ სამინისტროს უპასუხა, რომ კომპანია იწყებდა სამობილიზაციო სამუშაოების განხორციელებას და უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებას.

ერთი თვის შემდეგ, ოქრომბერში, კასპში ჩადის საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია, რომელიც 15 ოქტომბერს წერს დასკვნას. ,,ობიექტზე კვლავ არ იყო დაწყებული სამუშაოები, ამასთან, არ იყო მობილიზებული საჭირო ტექნიკა და მასალები.''

სამინისტრო საერთაშორიო საზედამხედველო კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნის შემდეგ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ,,მიმწოდებელს არ გააჩნდა შესაბამისი რესურსი და ინტერესი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.''

ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანია ,,ერ ტე დეს'' პირგასამტეხელოს სახით 149 000 ლარი დაეკისრა.

სამინისტროს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ლუხუმ ქართლოსიშვილის კომპანიამ სხვა პროექტებიც არ შეასრულა. ჯამში, ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, ,,ერ ტე დეს'' ბიუჯეტის წინაშე გადასახდელი აქვს 1 043 000 ლარი. 

,,ერ ტე დეს'' შესახებ

კომპანია ,,ერ ტე დე'' მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები