ახალი ამბები
მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
„ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე სახელაშვილმა თქვა, რომ მომეტებულად აფასებს მზია ამაღლობელის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრხეს.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო გადაეხადა გირაო 100 000 ლარის ფარგლებში.

წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 4 მარტისთვის ჩანიშნა.

ცნობისთვის, 12 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციისას პოლიციამ მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავა. პირველად ის საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა. მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს. მომხდარის შემდეგ, პოლიციის მხრიდან სხვადასხვა ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს, ხელმეორედ დააკავეს მზია ამაღლობელი.

პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები