ახალი ამბები
ბათუმში ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას ,,ოცნების'' დეპუტატები თავს დაესხნენ
15 დეკემბერს, ყოფილ პრემიერ და შსს მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას „ქართული ოცნების წარმომადგენლები, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გიორგი გახარია სხვადასხვა სახის დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მომხდარს ბიძინა ივანიშვილის მიერ ორკესტრირებულ თავდასხმად აფასებს და მოითხოვს, დაუყოვნებლივ იქნეს ყველა პასუხისმგებელი პირი დაკავებული შესაბამისი უწყებების მიერ და დასჯილი.

ბათუმის კლინიკის ექიმის, თაკო შანთაძის ინფორმაციით, გიორგი გახარიას ტვინი შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა. მას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. გიორგი გახარიამ კლინიკა თავისი ნებით უკვე დატოვა.

პარტიის ერთ–ერთი წარმომადგენლის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქმე დროულად უნდა იქნას გამოძიებული.

„დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა ამის მტკიცებულება არსებობს. ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად. მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ რომ არ გაუნადგურებიათ“,–აცხადებს ის.

მომხდართან დაკავშირებით შსს–ს განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

იგივე პირთა ჯგუფი დაესხა თავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ზვიად ქორიძესაც. აღნიშნულთან დაკავშირებით ეთიკის ქარტიამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ შსს–ს დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს მომხდარი და მთელი სიმკაცრით დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.

15 იანვარს, ღამით, დაახლოებით 01:15 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე, წინა მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ ქარტიის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მათ ზვიად ქორიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების დევნა და შევიწროება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს ისინი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები