ახალი ამბები
თოვლი ღვრიაწყალში


თრიალეთის ქედზე მდებარე სოფელი ღვრიაწყალი ხაშურიდან 12 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ქალაქთან სიახლოვის მიუხედავად სოფელი თითქმის დაცლილია და აქ მხოლოდ 3 მუდმივი მაცხოვრებელი ცხოვრობს.

სოფელში შესვლისთანავე შევამჩნიეთ,რომ დათოვლილ სერზე ბავშები ციგაობდნენ. აღმოჩნდა, რომ სტუმრები ხაშურიდან საციგაოდ ავიდნენ. მათმა ჟრიამულმა მოსახლეობისგან დაცლილი ღვრიაწყალი გამოაცოცხლა.

„მე ვარ ლუკა თედეევი 11 წლის და ხაშურში ვცხოვრობ. მამამ წამოგვიყვანა ციგით სასრიალოდ. აქ კარგი სასრიალოა.“



„ციგა ახალი ნაყიდი გვაქვს. სახლის ეზოში ვსრიალებდით. გიორგიმ დაგვინახა და გვითხრა, რომ აქ ამოგვიყვანდა სასრიალოდ და წამოვედით“

ჩქარა საუბრობენ ბავშები და თოვლში თამაშს ეშურებიან. ღვრიაწყლის გარშემო კიდევ რამდენიმე სოფელია. სამწუხაროდ მათი უმეტესობა სრულად დაცლილია მოსახლეობისგან.



„მე წარმოშობით ალწყაროელი ვარ. ჩემი მამა-პაპა იქიდან არის. რასაც აქეთ ხედავთ ღართა, სარტყელა, ალწყარო, ხალები, ღანძლები და იქით მხარეს ღუდა და ნარუჯებია. აქედან მხოლოდ 3 სოფელში ხალებში, ღართაში და ღვრიაწყალში ცხოვრობენ.“-ამბობს გიორგი და დასძენს, რომ ალწყაროში ასვლას პატარა მანქანით ვერ მოახერხებდა. ამიტომ ამოიყვანა ბავშვები ღვრიაწყალში სასრიალოდ.

სიმარტოვის წუხილი

აშურის მუნიციპალიტეტში ყველაზე ცნობილი ადგილია სურამი, ხოლო ბორჯომის მხარეს - ტაშისკარი და სხვა სოფლები. გზებიც ნორმალურია და ბევრი დამსვენებელიც მიდის. მაგრამ, ამ მუნიციპალიტეტში არის სოფლები, რომლის ბედი ნაკლებად აინტერესებთ. ეს ჩანს დაზიანებული გზებისა და უხარისხო სასმელი წყლის ფონზე.



„სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ. აქ ზაფხულშიც არ ამოდიან . ერთი ქალი იყო და ეგეც წავიდა. საქონელი გარეკა და წავიდა გაღმა... ვწვალობთ აქ... სოფელში წყალი არ უნდა გვქონდეს? მაღალ კიბეზეც მუხლები აღარ მემორჩილებიან. ბიჭები მყავს და თავიანთი ოჯახები აქვთ ხაშურში და თბილისში. ისე მოდიან საჭმელი მოაქვთ მნახულობენ და მიდიან მერე. სოფელი ასეა. ჩემი ბიჭი ამბობდა, რატო არ უნდა იყოს წყალიო? აქ არავინ არის სოფელში, არავინ... ჩემები მოდიან, მეფერებიან ხოლმე და წავლიან ისე... ხალებში დაბადებული გაზრდილი ვარ აქ გამოვთხოვდი და აგერ მარტო ვარ. ქმარი დამეღუპა და მარტო ვცხოვრობ. ახლა სულ მარტო არ ვარ, ჩემი ბიჭები მოდიან, მაგრამ მაინც მარტოობა მეკუთნის.“-გვიხსნის ღვრიაწყლის მაცხოვრებელი აგრაფინა გასიშვილი და გვაჩვენებს ცარიელ სახლებს სადაც უკვე წლებია აღარავინ ცხოვრობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები