რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
სხვადასხვა
რა ხდებოდა ცხინვალში 1918 წლის 18 მარტს - აჯანყება თვითმხილველის ნაამბობის მიხედვით
1918 წლის მარტში ცხინვალში აჯანყება მოხდა. ეს ამბავი დეტალურად აღწერა თვითმხილველმა კირილე ნინიძემ, რომელიც დამფუძნებელი კრების წევრი იყო. ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და გადაარჩინა ეთნიკურად ოსმა ვინმე შავლეგომ.

შავლეგო ცხინვალის ქუჩებში კირილე ნინიძეს გადაეყარა. კითხვაზე, თუ რატომ აიღეს იარაღი ხელთ, აჯანყებულმა ნინიძეს განუცხადა, რომ გლეხები გამოვიდნენ თავადებისა და მენშევიკების დაქვემდებარებულ წითელი გვარდიის წინააღმდეგ. ბოლშევიკები მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმას, რომ მენშევიკები არ აპირებდნენ თავადებისგან მიწების ჩამორთმევას.

კირილე ნინიძე რევოლუციის პერიოდში დაპატიმრებული შავლეგოს ადვოკატი იყო. ნინიძის წყალობით სასამართლომ შავლეგოს მიმართ დახვრეტის განაჩენზე უარი თქვა. სწორედ ეს ამბავი გაუხსენა აჯანყებულმა დამფუძნებელი კრების წევრს. კირილე ნინიძის ,,რეპორტაჟი“ ცხინვალიდან 1918 წელს სოციალ-დემოკრატების გაზეთმა ,,ერთობამ“ გამოაქვეყნა.

ვითარება საქართველოში 1917 წლის რევოლუციიდან 1918 წლის მარტამდე

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთის იმპერია დაიშალა. საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთიანი სამხარეო მმართველობა შექმნეს. 1917 წლის ნოემბრიდან ამიერკავკასიას მართავდა - ,,ამიერკავკასიის კომისარიატი“.

პარალელურად, საქართველოში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაში პოლიტიკური პარტიებისა და მიმდინარეობების წარმომადგენლები შევიდნენ. საბჭოში ოსებს საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდათ.

3 თვის შემდეგ 1918 წლის 10 თებერვალს ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი. სეიმი დაკომპლექტდა რუსეთის დამფუძნებელ კრების ყოფილი წევრებით - ამიერკავკასიელი დეპუტატებით.

სეიმმა საკუთარი თავი ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოდ გამოაცხადა, შექმნა მთავრობა და დაიწყო ჯარის ფორმირება, რომლის მიზანიც იყო საბჭოთა ხელისუფლების (ბოლშევიკების) წინააღმდეგ ბრძოლა.

თანამედროვე ისტორიოგრაფიის ცნობით, ამიერკავკასიის სეიმის წინააღმდეგ, ბოლშევიკებმა აქტიური მოქმედებები დაიწყეს, სწორედ, იმ ადგილებში, სადაც ეთნიკურად არაქართველები ცხოვრობდნენ. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, ყველა ერს დამოუკიდებლობის უფლება ჰქონდა.

კირილე ნინიძის ჩანაწერებით ირკვევა, რომ 1918 წლის მარტში, ცხინვალში ეროვნულ დამოუკიდებლობას აჯანყებულები არ ითხოვდნენ. ისინი იმ დანაპირების შესრულებას ითხოვდნენ, რის გამოც ოქტომბრის რევოლუცია მოხდა. ცხინვალის გარშემო მცხოვრები მოსახლეობა აცხადებდა, რომ ბოლშევიკების წაქეზებით მოქმედებდნენ, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მენშევიკები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ,,წითელი გვარდია“ თავადებს შეეკვრნენ. თავადებისგან წართმეული მიწები კი უნდა დაერიგებინათ.

უფრო დეტალურად იხილეთ კირილე ნინიძის სტატია: გაზეთი ,,ერთობა“, 1918 წლის მარტი

ფოტოზე: კირილე ნინიძე

,,კვირა დილით, მარტის 18-ს, მე და სეიმის წევრი გიორგი გაგლოევი გორში ჩავედით. მე დავალებული მქონდა მუშათა საბჭოს დათვალიერება, ხოლო გაგლოევი უნდა წასულიყო ცხინვალში, სადაც, როგორც ცნობა იყო მოსული, რაღაც არეულობა მზადდებოდა. ამ დროს უკვე ცხინვალში იმყოფებოდა კომისარი ამხ. გიორგი მაჩაბელი. მუშათა საბჭოს წევრები წითელ გვარდიაში იყვნენ გაფანტულნი, ზოგი ცხინვალში წასულიყო და კრების მოხდენა შეუძლებელი იყო. გაგლოევის წინადადებით, გადავწყვიტე მეც ცხინვალში წავსულიყავი, თუ ეს საჭირო იქნებოდა. ტელეგრაფით ველაპარაკეთ მაჩაბელს: მან გადმოგვცა: ,,სამხედრო ძალა საჭირო არ არის. მართალია, გარს გვარტყია შეიარაღებული ჯგუფები, მაგრამ უკვე ვინახულეთ მათი დელეგატები და ყველაფერში შევთანხმდით. ამ მინუთში (ეს იყო 12 საათზე) მიტინგზე იკრიბება ხალხი და დელეგატების დასწრებით საქმეს გავათავებთ. თქვენი ჩამოსვლა კი ძალიან საჭიროა, უნდა მოვილაპარაკოთ“. მეც გამოცდილებით ვიცოდი გიორგის გულკეთილობა და ამიტომ განმეორებით შევეკითხეთ სამხედრო ძალის შესახებ. კვლავ გვიპასუხა: ძალა საჭირო არ არის, საქმეს ვათავებთ, მხოლოდ, თქვენ ჩამოდითო. ჩვენც გადავწყვიტეთ წასვლა და ორის ნახევარზე უკვე გავედით გორიდან.

1. სადარაჯო პოსტთან

ტყვიავში და, განსაკუთრებით, ტირძნისში, შეიარაღებული ჯარისკაცები დაგვხვდნენ. ისე დადიოდნენ ხიშტიანი თოფებით, გეგონებოდათ საომრათ აპირებენ წასვლასო. ტირძნისში (ცხინვალამდის 7 ვერსია) გვითხრეს: ცხინვალს გასაჭირი სდგომია, შეგვიძლია ასი შეიარაღებული კაცი გაგატანოთ საშველათო. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ და გზას გავუდექით. ის იყო სამი ვერსით დავუახლოვდით ცხინვალს, რომ იმ ადგილას, სადაც მატურებია, შეიარაღებული ჯარისკაცები დავინახეთ საფრებში ჩამსხდარნი. საფრიდან ორი სალდათი გამოხტა, გაგვაჩერა და ბოდიშის მოხდით გაგვჩხრიკა. ერთმა გაზეთი გვთხოვა და გაგლოევმაც ,,საქართველო“ დაუტოვა, დაიძრა თუ არა ფაიტონი, იქვე ახლოს სანგრებიდან, სხვა სალდათები გამოვიდნენ და იმათაც გაგვაჩერეს. ჯერ იმათაც ბოდიშის მოხდით დაგვიწყეს ჩხრეკა, მაგრამ მალე კიდევ გაჩნდა ორი სალდათი (როგორც ლაპარაკზე შევატყვე ოსები უნდა ყოფილიყვნენ) და ჩვენს კეთილგანწყობაში სრული დისონანსი შეიტანა.

რატომღაც მე არ მოვეწონეთ და თითის დაქნევით ფაიტონიდან ჩამოსვლა მიბრძანეს. სახეზე რაღაც ბოროტი განზრახვა ეხატებოდათ. გაგლოევმა მოინდომა საქმის გამოკეთება და სეიმის წევრობის მოწმობა ამოიღო. ამან ცეცხლზე ნავთი გადაასხა, ის ნახნავებში გადაიყვანეს, ჯაშუში ყოფილხარო, უთხრეს და შემდეგ ჩამომაბრძანეს ფაიტონიდან. ისინი ოსურათ ლაპარაკობდნენ და გაგლოევის სახეზე ამოვიკითხე მე, რომ ჩვენი დახვრეტა უნდოდათ. დიპლომატობა საჭირო აღარ იყო და მე პირდაპირ ვუთხარი გაგლოევს, მგონი მოკვლას გვიპირებენ-მეთქი, რაც მან თავის დაქნევით დაადასტურა. ჩვენ მათ ,,რეჩით“ მივმართეთ, ვუხსენით, რომ ჩვენი მოკვლა არ არის ვაჟკაცობა და სხვა ასეთები. ჯერ უკან მოაბრუნეს ფაიტონი, შემდეგ უკან დაბრუნებაც აგვიკრძალეს. გვეუბნებოდნენ: რისი გეშინიათ, რისი გეშინიათ, ჩვენ არ მოგკლავთ, მხოლოდ, სოფელში ჩაგიყვანთო. ცხინვალში მაინც რა გინდათ, ამათთან ჩვენ ბრძოლა გვაქვს, დღეს საღამოს შევალთ და ყველას ამოვხოცავთ და ვერც თქვენ გადარჩებითო. როცა ბრძოლის მიზანი გამოვკითხე, გვითხრეს, თავადები და წითელი გვარდია შეერთდნენ და ხალხს ებრძვიანო. ცხადია, ჩვენ გორში დაბრუნება ვარჩიეთ, მაგრამ ისინი სოფელში გვეპატიჟებოდნენ. ბოლოს ორმა სალდათმა ,,გვიხსნა“ - ერთი ოსი იყო და ერთიც ქართველი - იმათი რჩევით ცხინვალში წასვლის ნება მოგვცეს. ის იყო ადგილიდან დავიძარით, რომ ერთმა მათგანმა ჩვენი თვალის წინ გადასჭრა ტელეგრაფის მავთული. აშკარათ, ვიგრძენით, რომ გალიაში მივდიოდით, მაგრამ სხვა გზა არ იყო: სალდათებთან ,,სტუმრათ“ ყოფნას ისევ ჩვენს ამხანაგებთან სიკვდილი გვერჩია და ცხინვალში შევედით.


2. მიტინგზე


ფოტოზე: გიორგი მაჩაბელი

პირდაპირ მიტინგზე გავეშურეთ, ხუთი საათი იქნებოდა, ის იყო მაჩაბელი რეზიუმეს უკეთებდა სხვების ნალაპარაკევს, უკანასკნელი სიტყვა მე მეკუთვნისო, თქვა. მეტი არ იქნება ამ სახალხო გმირის სიტყვების მოყვანა: ,,ამხანაგებო“ - თქვა მან - ,,1905-ში გადაწყვეტილი მქონდა სიკვდილი და შემთხვევამ სიცოცხლე მაჩუქა. მას შემდეგ ჩემი სიცოცხლე ერთგვარი საჩუქარია. მე სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ მომეცით ნება იქ მოვკვდე, სადაც ეს საჭიროა, გამიშვიეთ ისევ აწყურის პოსტზე. რაც შეეხება თქვენს მოთხოვნებს - მიმართა მან დელეგატებს, - ამას ჩვენ სავსებით ვღებულობთ. აი, ეს მოთხოვნები: თქვენ ითხოვდით გორის მაზრიდან თავადაზნაურების გაძევებას, მაგრამ ჩვენ დავეთანხმეთ ერთმანეთს, რომ ასეთი დადგენილებისათვის ქვეყანა სასაცილოთ აგვიგდებდა, ეს კითხვა ხომ მოვხსენით. მართალია, მართალიაო, შესძახეს აქეთ-იქიდან. მეორე თქვენი მოთხოვნაა - ხარებოვის და სხვების გათავისუფლება - ესეც ადვილი საქმეა, მესამეა - ყაზიშვილის, ილ. მაისურაძის, გოგინოვის და კიდევ ერთის აქედან წაყვანა - ამასაც ვასრულებთ. რაც შეეხება იმას, რომ სიტყვის თავისუფლებას, იარაღის გადაცემას აღმასრულებელ კომიტეტების განკარგულებაში - ეს ხომ ჩვენი დიდი ხნის სურვილიაო.

მოკლე სიტყვით მიმართა დამსწრეთ გიორგი გაგლოევმა. თუმცა კამათი შეწყვეტილი იყო და სიტყვა მომცეს მე, როგორც მუშათა ცენტრის წევს, მაგრამ ტრიბუნაზე აიჭრა რაიონის კომისარი კულუმბეგოვი და გაცხარებით წარმოსთქვა: კმარა ლამაზი სიტყვები და დაპირებები, საქმე ასრულებააო. ყველაფერი აირია. ავედი და დავიწყე ლაპარაკი, მინდოდა მდგომარეობა გამომეკეთებინა, მაგრამ მოულოდნელად გორაკებიდან თოფების სროლა ატყდა და ხალხი დაიფანტა. უცებ მომაგონდა სალდათების ნათქვამი, ცხინვალში მივალთ და ყველას ამოვხოცავთო, დავუპირდაპირე ამას მავთულის გადაჭრა, ახირებული მოთხოვნილებები და მთავრობის წარმომადგენლის კომისარ კულუმბეგოვის სიტყვები და საბოლოვოოთ დავრწმუნდი, რა ოსტატურათ გაებათ ვიღაცეებს პროვოკაციის ქსელი, რომლის ნაყოფიც მალე ვიგემეთ.

3. თავდაცვის მზადება

თოფების სროლა გრძელდებოდა. ,,ომი“ უკვე გამოცხადებული გვქონდა. მაჩაბლის, არჯ-ის და კ-შვილის ხელმძღვანელობით და ჩვენი მონაწილეობით გამომუშავებულ იქნა გეგმა, ჩვენს განკარგულებაში მყოფი სამი ტყვიის მფრქვეველი ადგილზე დადგეს, პატარა ზარბაზანიც მოამზადეს და პოზიციები გაანაწილეს. სულ ორასი კაცი გვყავდა. თავდამსხმელთა რაოდენობა არ ვიცოდით, მაგრამ სროლაზე ეტყობოდა, რომ ბლომათ უნდა ყოფილიყვნენ. იგრიალა ზარბაზანმა, ტყვიის მფრქვეველებმა იწყეს საზარელი ტრა-ტა-ტა, ტრა-ტა-ტა,. ჰაერში ომის სუნი დატრიალდა. 9 საათიდან ცხინვალის ირგვლივ ვენახებში ღობეებს ცეცხლი გაუჩინეს, მაგრამ ამით თავდამსხმელებმა ვერ ისარგებლეს. პირიქით, ჩვენს გვარდიელებს ცეცხლის მიზანში სროლას უადვილებდა. თერთმეტ საათზე უკვე 60-მდე ტყვე მოიყვანეს ჩვენებმა. თორმეტ საათზე თავდამსხმელებმა სროლა შეწყვიტეს და ამიტომ აღარც ჩვენები ესროდნენ: იმედს კიდევ არ ვკარგავდით, რომ აჯანყებულები გონს მოვიდოდნენ; პატრონებიც ნაკლებად გვქონდა. ბრძოლა შესწყდა და დილის ხუთ საათამდე აღარ განახლებულა.

4. რისთვის გვებრძოდნენ

ძილი რომ არ მოგვკიდებოდა, სასარგებლო გასართობი მოვიგონეთ: გადავსწყვიტეთ ტყვეების დაკითხვა, რომ გაგვეგო, რა ხალხი გვებრძოდა. რასაკვირველია, მტერი სიმართლეს არ გვეტყოდა, მაგრამ მაინც ბევრი რამ გავიგეთ. დაჭერილებმა არაფერი იცოდნენ იმ მოთხოვნილებების, რომელსაც ზემოთ გავეცანით, დაჭერილების უმრავლესობას ოსები შეადგენდნენ, მაგრამ იყვნენ ქართველებიც. ხელმძღვანელობდა ვინმე ხასიევი, სამხედრო პირი, მოსულები იყვნენ შორეულ სოფლებიდან. ზოგისთვის ეთქვათ, ცხინვალს თათრები შემოესიენ და საჭიროა დაცვაო, ზოგი კი თავადების და გვარდიელების წინააღმდეგ საბრძოლველათ წამოსულიყო. რა აზრისაც არ უნდა ვიყოთ ამათ ჩვენების შესახებ, ერთი რამ უცილობო იყო: გვებრძოდნენ და არაფერი კი არ იცოდნენ იმ მოთხოვნილებების შესახებ, რომელიც დელეგატებმა წამოგვიყენეს.

პროვოკატორების მოქმედება ჩვენთვის აშკარა იყო. მაგრამ, ვაი რომ საკმაო ძალა არ გვქონდა ხელთ.

5. ამხ. კოტე და კომისარი კულუმბეგოვი

საშიშ მდგომარეობაში ჩავვარდით. ხალხი ცოტა გვყავდა, პატრონები გვაკლდა და მთელ ქვეყანას მოწყვეტილი ვიყავით. გამოჩნდნენ მეტივეები და გორში ამბის მიტანა აღგვითქვეს, მაგრამ ტივებით შეუმჩნეველი გასვლა შეუძლებელი იყო. ისევ ამხანაგმა კოტემ იდო თავს სახიფათო საქმე და გადაცმული, ფეხით გაემგზავრა გორში ჩვენი ამბის მისატანათ. თუ გაუგებდნენ, სიკვდილი არ ასცდებოდა, მაგრამ კოტე პატიოსანი შრომის შვილია და ხალხისთვის თავდადებული, მას სიკვდილის არ ეშინია. სად იყო ამ დროს კომისარი კულუმბეგოვი, რომელსაც სხვას რომ თავი დავანებოთ, სამსახური ავალებდა მოსეულ ყაჩაღებისაგან დაეცო ხალხი. ბევრი ვეძებეთ, მაგრამ მის ასავალ-დასავალს ვერ მივაგენით. მხოლოდ მეორე დღეს მოვახერხეთ მისი მოყვანა შტაბში. აქ მან განაცხადა, დაღლილი ვიყავი და გამოვიძინე, თანაც, თქვენმა გვარდიელებმა დამიწყეს ყურება და მოკვლის მეშინოდაო. ის არ დაგვიტუსაღებია, ისე გვყავდა შტაბში, მაგრამ ცხინვალის აღების შემდეგ, აჯანყებულებმა ის ჩვენ მიერ დაჭერილ ყაჩაღებთაგან ერთად, გაანთავისუფლეს და კომისრადაც დასტოვეს.

6. გმირები

ფოტოზე: სანდრო კეცხოველი

როცა კოტე გორისკენ მიდიოდა, მისი ცოლი გორიდან ჩვენსკენ მოქროდა ამბის გასაგებათ. მაგრამ, თავდადებული ცოლ-ქმრის გმირობამ ვერ დაგვიხსნა უბედურებისაგან. ჩვენი გაჭირვების ამბავი კვირა საღამოსვე უნდა ცოდნოდათ როცა ტელეგრაფი გააფუჭეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კოტეს ცოლი ჩვენი უბედურების გასაგებათ ჩამოსულიყო. რა აღფრთოვანება გამოიწვია მისმა მოსვლამ და რა მალე შეეკვეცა ფრთები ჩვენს იმედებს. უკვე თორმეტი საათია და დახმარება არ სჩანს, პატრონები კი გველევა. უნდა გენახათ, როგორ ლომებივით იბრძოდნენ ჩვენი გვარდიელები: მცირე ნაწილი სანგრებში რჩებოდა, დანარჩენები კი ერთი პოზიციიდან მეორესკენ გარბოდნენ და ასე ეხმარებოდნენ ამხანაგებს. სამხედრო ტეხნიკის მხრით ეს სასურველი არ იყო, მაგრამ რა უნდა ექნა ორას კაცს, როგორ უნდა დაეცო მას ამოდენა სივრცეზე გაჭიმული პოზიციები. გვარდიელები კი მამაცურად განაგრძობდნენ ბრძოლას, თუმცა კარგად ხედავდნენ როგორ დნებოდა მათი წინააღმდეგობის ძალა პატრონების გამოლევით.

ვუყურებდით ამ გმირებს და გული გვიკვდებოდა: იარაღის ნაკლელობის გამო, ადამიანების მსგავს მხეცების მსხვერპლი გამხდარიყვნენ. ვატყობდით, საქმე იღუპებოდა, მაგრამ იმედს არ ვკარგავდით, რომ დახმარება მოგვისწრებდა. ვერ განვახორციელეთ, ვერც ტელეგრაფის აღდგენა და ვერც ალყის გარღვევა და გამოსვლა; უხერხულათ ვთვლიდით მცხოვრებლების დატოვებას მძარცველთა ხელში, ბოლოს კი, როცა დახმარების იმედი დავკარგეთ, საომარი მასალაც გამოგველია და უმწეო მდგომარეობაში ჩავვარდით, გამოსვლაზე ოცნებაც კი არ შეიძლება, ასეთი კრიტიკული იყო ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ გიორგი მაჩაბელის ღიმილი მაინც არ შორდებოდა პირზე; რამდენად ძლიერი იყო მისი სიყვარული ხალხისადმი, იმდენად ძლიერი იყო გამარჯვების რწმენა: მას ვერ წარმოედგინა, რომ გორიდან და თბილისიდან დროზე არ მიეშველებოდნენ. მაგრამ ბოლოს ყველაფერი იმედი დაიკარგა, როცა გამოირკვა რომ პატრონები არ ყოფილა არც იმ ერთ დაწესებულებაში, სადაც ის ჩვენ გვეგულებოდა. ჯაშუშებმა ალბათ უკვე გადასცეს ეს ამბავი და ორი საათიდან აჯანყებულებმა იერიშები გააძლიერეს. სამ საათზე ჩვენი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო: ყოველი მხრიდან საშინელი ღრიალით შემოცვივდა ბრბო და დაბას დაეპატრონა.

7. ოსი შავლეგ

სამის ნახევარზე (დღის - რედ) იძულებულები გავხდით ჩვენი შტაბი მიგვეტოვებია და ერთი სომხის სახლში გადავსულიყავით. ერთად მოვხვდით: მე, გიორგი გაგლოევი, პორუჩიკი სანდრო კეცხოველი, რ.გ და მ-ო. სახლის ქვემო სართულში მოვთავსდით ზედ ქვევრების თავზე. მე და მ-ომ კიდევ ვსცადეთ შტაბის დათვალიერება . საშინელი სურათი ვნახეთ: იქვე ქუჩაში ეგდო სულით მობრძავი, ზორბა ვაჟკაცი. მ-ომ ვინტოვკას ხელი სტაცა და შტაბში შეარბენინა, შემდეგ იმ კაცის ასაყვანათ მოვედით, მაგრამ ადგილიდან ვერ დავსძარით. ამ დროს ჩვენი გვარდიელი აღმოჩნდა, ხელმოტეხილი, იმან გვითხრა - ის მომაკვდაი ოსიაო. მაშინ მივხვდით, რომ მტერი უკვე შემოდიოდა. ჩვენ ისევ იქ გავეშურეთ, სადაც სანდრო კეცხოველი და სხვები იყვნენ. ქვევრების თავზე დავწექით და აღსასრულს მოველოდით. აუტანელია დამარცხებულის სულიერი მდგომარეობა: ერთი საათის წინ ჩვენ მებრძოლ ამხანაგებთან ვიწექით ქუჩაში, ტყვიები პანტასავით ცვიოდა ჩვენს ახლოს, მაგრამ ჩვენს გულს შიში არ მიჰკარებია. ახლა სარდაფში ვიყავით, მაგრამ შემოსულების ყიჟინა ნემსივით გვჩხვლეტდა, ნეტავი ტყვიას მოვეკალით!

მალე სროლა აუტეხეს ჩვენი სადგომის ზედა სართულს. სროლის შემდეგ ალაყაფის კარებს მოადგნენ და ჩვენც იძულებული ვიყავით მივგებებოდით. ჩვენი დანახვა და ,,დახვრიტეთო“, ერთი იყო. არ ვიცი, რა იგრძნეს ჩვენმა ამხანაგებმა, პირადად მე არაფერი არ მიგვრძნია, ხესავით ვიდექი, მაგრამ ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა, როცა ერთი ხიშტიანი სალდათი მოიჭრა ჩვენთან და ჩემი გვარი ახსენა. ეს იყო ო ს ი შ ა ვ ლ ე გ  კ ო ჟ ა ე ვ ი. ერთხელ შენ გადამარჩინე, ახლა მე უნდა გადაგარჩინოვო. ამ ოთხი წლის უკან, სამხედრო სასამართლოში 102 მუხლით ასამართლებდნენ. მე მისი უფასო დამცველი ვიყავი, და უშველოს ღმერთმა, სამხედრო სასამართლომ ის გაამართლა. აი ამ შავლეგამ გადაგვარჩინა დახვრეტას ხუთი კაცი. ძალიან გაგვეხარდა ასე ადვილათ გადარჩენა, მაგრამ ისევ შავლეგამ დაგვამწარა სიხარული:

ჩვენს შეკითხვაზე, თუ რად აიღეს იარაღი, შავლეგამ აგვიხსნა: რა ვქნათ, თავადები და წითელი გვარდია გვებრძვიანო. იმისგან გავიგეთ, რომ თავდამსხმელებს დიდი ზარალი მოსვლოდათ. ამ დროს იქვე ახლოს სახლს ცეცხლი გაუჩინეს და მეზობელ შენობებიდან ნივთების ქუჩაში გადმოყრა იწყეს. ჯარისკაცებსაც ეს უნდოდათ. შავლეგა და ზოგიერთი სხვები ეწინააღმდეგებოდნენ წვას და ძარცვას... ჩვენი იქ დადგომა შეუძლებელი იყო. შავლეგმა გამოგვაცილა: მ-ო იქვე მოგვშორდა. რ.გ და სანდრო კეცხოველი სხვა ქუჩით წავიდნენ. ნეტავი არ მოგვშორებოდნენ: ერთი საათის შემდეგ ამბავი მოგვიტანეს, სანდრო ქუჩაში დახვრიტეს, სასამართლოს შენობის წინო, ვინ დახვრიტა, არავინ იცის. ოსები ავრცელებენ ხმებს, ვითომ გორის პოლკის ჯარისკაცებს დაეხვრიტოთ, ქართველები კიდევ ამბობენ ოსებმა დახვრიტესო. როგორც არ უნდა იყოს, ყველა გრძნობს, რომ დიდი ბოროტება ჩაიდინეს. ამბობენ, ხელები გაშალა სანდრომ და უთხრა: ჩემი თავი თქვენთვის შემიწირავსო და იქვე დაეცა ტყვიებით განგმირულიო. მე მჯერა, რომ ჩვენი მოხუცი სხვას ვერას ეტყოდა.

8. მოქალაქეები

როგორია მოქალაქეთა სულიერი წყობილება. ჩემს დღეში ისეთი სიძულვილი არ მიგვრძნია ადამიანისადმი, როგორიც ამ დღეებში ვიგრძენი. როცა ჯარისკაცები მოქალაქეთა ქონებას ეზიდებოდნენ, როცა ერთ სახლს ცეცხლი მოუკიდეს და ცხინვალს გადაბუგვა მოელოდა - აუტანელი იყო მათი მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ რას გვერჩოდნენ: წყევლა-კრულვით გვეგებებოდნენ ქუჩებში. ენა გაუხმეს იმას, ვინც პირველათ თავისუფლებაზე დაიწყო ლაპარაკიო. ეს ჩვენ გვეხებოდა. და ამავე დროს ერთი ოსი ამოღებული ხანჯლით მოგვყვებოდა უკან, საკმაო იყო ხანჯალი დაერტყა, რომ სხვა ჯარისკაცები მოშველებოდნენ. მაგრამ ამ შავლეგამ თოფის კონდახით გამოუდგა და ბრბო გაფანტა, ხანჯლიანი ოსიც მოგვაშორა და ერთ ქოხში მიგვიყვანა ლიახვის პირათ. მშვენიერი ალაგი იყო. ისე დავიმალებოდით, რომ ეშმაკიც ვერ გვიპოვიდა, მაგრამ სახლის პატრონმა გამოგვაგდო, უფრო, სწორად ჩვენ არ მოვინდომეთ მისი შეწუხება, თორემ ვერას დაგვაკლებდა. ჯერ კიდევ არ ბნელოდა, როცა გამოვედით, ჯარისკაცები ნატაცებ ნივთებს ეზიდებოდნენ და ქუჩაში გასვლა მაინც და მაინც საშიში აღარ იყო.



9. მოქალაქე პეტუევი


ერთ სახლს მივადექით ჩვენ სამნი. ერთი ნაცნობი მყავდა და ამ სახლის პატრონი მისი ნაცნობი გამოდგა. ჩემი ნაცნობი ცხინვალში არ აღმოჩნდა, მაგრამ ჩემი ნაცნობის ნაცნობმა სახლში შეგვიპატიჟა. მარანში მოვთავსდით. სახლის პატრონი იყო ვინმე პეტუევი. მას ჩვენგან არავითარი შიში არ მოელოდა, მაგრამ 7 საათზე ქუჩაში გაგდება მოგვინდომა. ამ დროს კი, აჯანყებულების პატრულები იდგნენ ქუჩაში და გარეთ გამოსვლა ჩვენთვის დახვრეტას უდრიდა. ეს ყველაფერი ავუხსენით პეტუევს, მაგრამ არავითარმა საბუთმა არ იმოქმედა. როცა ვუთხარით, რომ ჩვენ კანონიერად არჩეული მთავრობის წარმომადგენლები ვიყავით, ნაღვლიანათ გვითხრა: აკი დამარცხდა ახალი მთავრობაო. მე საჭიროთ დავინახე უფრო რეალურ საბუთის მოყვანა, მოკვლით დავემუქრე, თუმცა არც ერთს ჩვენგან ჯიბის დანაც კი არ გვქონდა თან და არც კი გვიფიქრია მისთვის ხელის ხლება. ამ არგუმენტმა გასჭრა და პეტუევიც მოგვშორდა, მაგრამ შემდეგ ისე რამდენიმეჯერ მოგვიწყო სკანდალი. ეზოში გამოვედით და რაღაც ხვრელში შევძვერით, მაგრამ კინაღამ დავიხრჩეთ. ჩვენი კეთილი მასპინძელი ორჯერ გაძარცვეს სალდათებმა. დილის 7 საათამდე მაინც იქ გავატარეთ და შემდეგ მოსამართლე რ. გაგუას ბინაზე მივედით. სულ დაცხრილულია მისი სახლი. საკვირველია ამ ოჯახის გმირული ყოფა-ქცევა.

11, რუთენ გაგლოევი და სამშვიდობო დელეგაცია

ინჟინერი რუთენ გაგლოევი ჩვენი პარტიული ამხანაგია, მას ჩვენები კარგათ იცნობენ და ენდობიან.ამიტომ, ჩვენ გაკვირვებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ აჯანყებულებს ის შტაბის უფროსათ აურჩევიათ და მისთვის დიქტატორული უფლება მიუციათ. მან თავისი თანხმობა შემდეგნაირათ ახსნა: მინდა ბრბო შევიკავო და ექსცესებს ადგილი არ ჰქონდესო. ეს ჩვენ გვჯერა და საკუთარი თვალით ვნახეთ რუთენის მოღვაწეობა, მაგრამ ერთი რამ მაინც ვერ გაგვიგია: ის ჩვენთან არ ყოფილა, არ იკადრებდა არც აჯანყებულებთან ყოფნას, მაგრამ საიდან და როგორ გაჩნდა ის ცხინვალში სწორეთ მაშინ, როცა დაბაში აჯანყებულები შემოვიდნენ?

10. ჩვენი ნაციონალისტები

ჩვენი ნაციონალისტები გადაჭრილათ აცხადებენ, ცხინვალის ამბებს ოსურ ეროვნულ მოძრაობასთან აქვს კავშირიო. ჩემის ფიქრით, ეს შეცდომაა. ოსი ნაციონალისტები რომ მუშაობენ, ეს ცხადია, მაგრამ ხალხი აქ არაფერ შუაშია. იმდენად ძლიერია ოსებში ინტერნაციონალიზმი, რომ ,,აჯანყებულებმა“ ცხინვალის დაპყრობის შემდეგ, მეთაურად სოციალ-დემოკრატი აირჩიეს. დაე, მარტო სახელს ატარებდეს ის სოციალ-დემოკრატის - ეს სულ ერთია. ოსების მასას, სხვას რომ თავი დავანებოთ, კარგათ ესმის, რომ ქართველებთან ომით მას ხეირი არ დაეყრება. არ გრძნობენ მხოლოდ ოსი ნაციონალისტები. ეს არც გასაკვირია, როცა ოსებში ჯერ კიდევ ძლიერი გავლენა არ ყოფილა სტრაჟნიკების და მთავრობის მამასახლისების. მაინც, საინტერესოა, როგორც მოახერხეს ნაციონალისტებმა ამოდენა ხალხის ამოძრავება. საკმაოა, თვალი გადავავლოთ დამცემთა შემადგენლობას: მათში ოსებიც არიან და ქართველებიც და თუ ოსობა სჭარბობს, მხოლოდ, იმიტომ, რომ ამ რაიონში თითქმის მარტო ოსობა ბინადრობს. და როგორც ოსები, ისე ქართველები, ფრონტიდან მოსული ჯარისკაცებია, რომლებიც ,,ბოლშევიზმის“ ძლიერ გავლენის ქვეშ იმყოფებიან. მოკლეთ რომ ვთქვათ, ცხინვალის აჯანყება ეს არის ოსი ნაციონალისტების და გახულიგანებულ ჯარისკაცების შეერთებული გამოლაშქრება რევოლუციის წინააღმდეგ. ჩვენ საქმე გვაქვს აშკარა კონტრევოლუციურ გამოლაშქრებასთან და ეს კარგათ უნდა დავიხსომოთ." (ციტატის დასასრული).
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის
კოლმეურნეობას!

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

19:30 / 21.09.2019
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
17:45 / 13.06.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.