გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის სიახლოვეს დაკავებულ 3 პირს -
ალექსი მამულიას, ვანო ჯაფიაშვილს და ვლადიმერ მამარდაშვილს
საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამის შესახებ განცხადება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების
კომიტეტის პრესსპიკერმა 30 დეკემბერს გაავრცელა.
განცხადების მიხედვით, ვლადიმერ მამარდაშვილს დეზერტირობის მუხლით
წაუყენეს ბრალი, ხოლო მამულიას და ჯაფიაშვილის მიმართ ე.წ. საზღვრის
გადაკვეთის ბრალდებით აღძრეს საქმე.
მამულია და ჯაფიაშვილი, 23 დეკემბერს, მამარდაშვილთან ერთად, ნიქოზის
სიახლოვეს დააკავეს და გაიტაცეს.
სოფელ ნიქოზში კი აცხადებენ, რომ დაკავება მოხდა იმ ტერიტორიაზე,
რომელსაც საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლები
აკონტროლებენ.
ნიქოზელების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს, ვლადიმერ
მამარდაშვილს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, სურდა ნიქოზში პაპის
წლისთავზე დასწრება. ამ მიზნით. ის ჩამოვიდა ჯერ ცხინვალში, შემდეგ კი
იქიდან - ნიქოზში შესვლა..
ადგილობრივების ცნობითვე, გამყოფ ხაზთან მას მისი ნათესავები - ალექსი
მამულია და ვანო ჯაფიაშვილი დახვდნენ. ალექსი მამულია გორის სამხედრო
ჰოსპიტლის ექიმია, ვანო ჯაფიაშვილი კი ადგილობრივი მკვიდრი.
არსებობს მეორე ვერსია, რომ ექიმი ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი
აპირებდნენ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლას, სადაც
ერთ-ერთ მოქალაქეს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.
რაც შეეხება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის ვერსიას,
პრესსპიკერის, ეკატერინე ბიაზროვას განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცმა
ვლადიმერ მამარდაშვილმა თავი აარიდა სამხედრო სამსახურს და ცდილობდა
საქართველოს ტერიტორიაზე შესვლას, რაშიც დახმარებას უწევდნენ, როგორც
ცხინვალელი მოქალაქეები, ასევე ნიქოზელები. ნიქოზელები აცხადებდნენ,
რომ მამარდაშვილი პაპის წლისთავზე დასასწრებად მიდიოდა და არანაირი
შეხება ჰქონდა უკრაინა-რუსეთის ომისგან თავის არიდებას - ანუ
დეზერტირობის მუხლი შეთითხნილი ბრალდებაა.