Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,ჭაპანწყვეტა, შიოს მარანი, ახია მაგაზე და სხვ'' - ხატოვანი გამოთქმები ქართლში
არსებობს ხატოვანი გამოთქმები, რომლებიც დაკავშირებულია ხალხის ყოფა-ცხოვრებასთან, ზნე-ჩვეულებებთან და ისინი პირდაპირი მნიშვნელობით არ ითარგმენა. ეს გამოთქმები შიდა ქართლში დღესაც გამოიყენება. გასულ საუკუნეში შეაგროვეს ზეპირი გადმოცემები, რომელიც განმარტავს, თუ როგორ გაჩნდა ქართულ ენაში ესა თუ ის ხატოვანი გამოთქმა:

თვალი ეცა

ძველად ცრუმორწმუნე ხალხს სჯეროდა, რომ ზოგ ადამიანს ავი თვალი აქვს და შურით ან გაბოროტებით რომ შეხედავს რამეს, უეჭველად ზიანს მოუტანსო. ამიტომაც იტყოდნენ, თვალი ჰკრაო, ხოლო ვინმე თუ ავად გახდებოდა, ან რაიმე გაფუჭდებოდა, ამბობდნენ: თვალნაკრავია, თვალი ეცაო.

ავი თვალისგან დასაცავად ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს რაიმე შელოცვილ ნივთს – ავგაროზს შეაბამდნენ ხოლმე. ჭიშკართან კი ღობის სარზე ცხენის გამხმარ თავის ქალას ჩამოაცვამდნენ, რომ ავი თვალი მას მოხვედროდა და ძალა დაეკარგა.

ავი თვალის რწმენა და ეს ჩვეულება თანდათან გადავარდა, მაგრამ გამოთქმა კი დარჩა და ახლაც ხშირად იტყვიან ხოლმე: მშვენივრად გამოიყურები, თვალი არ გეცესო. ან ისეთი კარგია, ავ თვალს არ ენახვებაო.

აინუნშიაც არ მოსდის

ეს გამოთქმა ნიშნავს: ფიქრადაც არ მოსდის, არაფრად აგდებს, არც კი ამჩნევს, არ მოსწონს.

აინუნ არაბული სიტყვაა, თვალს ნიშნავს. ამრიგად, გამოთქმა იგივეა, რაც თვალში არ მოსდის. მას შემდგომ, როცა აინუნმა არად ჩაგდების, უპატივცემლობის გაგება შეიძინა, გაჩნდა ასეთი გამოთქმაც: აინუნში არ აგდებს.

ახია მაგაზე

ნიშნავს:ეგრე შეჰფერის მაგას, ეგრე მოუხდება; მაგრამ რას ნიშნავს ცალკე აღებული სიტყვა ახი? იგი წარმოშობით არაბული სიტყვაა: ,,ჰაკ"" - ზუსტი, ჭეშმარიტი, მართალი. ეს სიტყვა შესულია თურქულში: ჰახ – სიმართლე, ჭეშმარიტება. სწორედ აქედანაა ნასესხები ქართულში. მაშასადამე ახია მაგაზე სიტყვასიტყვით ნიშნავს: სამართლიანობაა მაგაზე.

ბაკი მრუდეა

როცა ვინმე თავისი მოუხერხებლობით საქმეს ვერ გააკეთებს და მოინდომებს რაღაც უსაფუძვლო მიზეზს დააბრალოს, მასზე დაცინვით იტყვიან: ბაკი მრუდეა და იმიტომ ვერ გაუკეთებიაო.

ამ გამოთქმას ასეთი ახსნა მოეპოვება: ახლად მოყვანილ პატარძალს თურმე ძროხის მოწველა დაავალეს. სოფელში ზაფხულობით პირუტყვი ერთ შემოღობილ ადგილას. ე.წ. ბაკში ჰყავთ დამწყვდეული. გამოუცდელმა პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა და თავი რომ ემართლებინა, მიზეზად ესღა მოიგონა: ბაკი მრუდეა და ამიტომ ვერ მოვწველეო.

ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული

ძველად ეგონათ, ადამიანი როცა იბადება, მისი ბედის ვარსკვლავიც ჩნდებაო. სიკვდილის დროს კი ბედის ვარსკვლავიც სწყდება ცას და ქრებაო. ამ რწმენის მიხედვით, ვისაც კარგი ბედი ელის, ბედნიერ ვარსკვლავზე იბადება, ზოგი კი უბედურ ვარსკვლავზეა გაჩენილი.

ბეწვის ხიდი

თითქოს საიქიოში კუპრის ზღვაზე გადებულია ბეწვის ხიდი, რომელზედაც უნდა გაიაროს ადამიანმა. ბეწვის ხიდი, რაღა თქმა უნდა, ადვილად შეიძლება ჩაწყდეს და კაცი ადუღებულ კუპრში ჩავარდეს, მაგრამ ვისაც ქვეყნად ბევრი კარგი საქმე უკეთებია და სიკეთე უქნია, ეს უშველის და ბეწვის ხიდზე მშვიდობიანად გაივლისო.

ბუჩოს ანიავებს

ბუჩო ჰქვია ხორბლის განიავების დროს დარჩენილ ნაგავს, რომელიც ყოვლად უხმარი და უსარგებლოა. ბუჩოს განიავება ტყუილა დროის დაკარგვა იქნება, - სულ ერთია, არაფერი გამოვა; ამიტომ ბუჩოს სინამდვილეში არავინ ანიავებს. ,,ბუჩოს ანიავებსო"" - იტყვიან ისეთ კაცზე, რომელიც ტყუილად შრომობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ – წყალს ნაყავს, კოდალას უსტვენს.

დამაღი ჩამოუვიდა

დამაღი ცხენს ემართება, როცა დიდხანს ალოდინებენ მშიერს და დროზე არ მისცემენ ქერს თუ სხვა ნოყიერ საკვებს. ღრძილების ერთგვარი დაავადება. გადატანით იტყვიან ისეთ ადამიანზე, რომელიც საღერღელაშლილი ელის რამეს, დიდი ხნის ლოდინისაგან გული გადაელევა და მოთმინება ეკარგება.

დამრჩა ნივრის ნაქურჩალი

დაუთესავად დარჩენილმა ნიორმა გაზაფხულზე ,,გაპარვა"" იცის: ნივრის ბოლქვები ღვივდება, მაგრამ საზრდო რომ არ ეყოფა, იფშუტება. ოღონდ სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, ნივრის ნაქურჩალი გარეგნულად ისეთ სახეს ინარჩუნებს, თითქოს სავსეაო, შეახებთ ხელს და აღმოჩნდება, რომ ნიორი ,,გაპარულა"".

გადატანით ეს ნიშნავს: მოტყუებული დავრჩი, შრომამ ტყუილად ჩამიარა, არაფერი შემრჩა ხელთ.

თავლაფის დასხმა

ძველად სოფლებში დამნაშავე ქალს თუ კაცს გამოიყვანდნენ სოფლის შესაკრებ ადგილზე. მოწმე ან მოწმენი სასოფლოდ, დაადასტურებდნენ დასასჯელის დანაშაულს, სოფლის მოსამართლენი რომ მოისმენდნენ ნათქვამს, შეაფასებდნენ, გულის წყრომით დაგმობდნენ და იტყოდნენ: თავს ლაფი დავასხათო.

დამნაშავე კაცს ქუდს მოხდიდნენ, ხოლო თუ დამნაშავე ქალი იყო, მანდილს. ამის შემდეგ ყველა ვალდებული იყო მის თავზე ლაფი (ტალახი) დაესხა. თუ წვიმიანი დარი არ იყო და ლაფი არ ეშოვებოდათ, ხმელი მიწა წყლით უნდა აეზილათ და ტალახი ისე დაესხათ თავზე.""

თავზე ევლება; შემოგევლე

ძველ დროს იყო ტრადიცია, როცა ავადმყოფისათვის თავზე რაიმე ცხოველის შემოვლება სცოდნიათ, რომ ამით თითქოს სნეულება თავზე შემოვლებულ ცხოველს გადასცემოდა და ავადმყოფი განკურნებულიყო.

კამეჩის რქაში ზის

ეს თქმა იგივეა, რაც ,,ჭურში ზის"". კამეჩის რქაში თუ ჭურში ჯდომა გამომხატველია უვიცობისა, საქვეყნოდ ცნობილი ამბის უცოდინარობისა, ქვეყნისგან მოწყვეტისა.

კრუხის პალო

ნამდვილი კრუხის პალოა, იტყვიან მეტად დაბალ ადამიანზე, რადგან პალო, საერთოდ, დაბალია და კრუხის დასაბმელად და მართლაც სულ პატარა პალო არის საკმარისი.

მიაშაბათა

შაბათს, ნაშუადღევს დგებოდა დასვენების დრო ანუ კვირაძალი, როცა ფიზიკური შრომა დიდ ცოდვად ითვლებოდა და ეკლესიის მიერ აკრძალული იყო, ისევე როგორც კვირას მთელი დღის განმავლობაში. ყველა ჩქარობდა და ცდილობდა, რომ საქმე ჩქარა მოეთავებინა, კვირაძალის დადგომამდე მოესწრო, ამიტომ შაბათს გაკეთებული საქმე ხშირად ნაჩქარევი, დაუმთავრებელი და დასაწუნი გამოდიოდა.

იმავე მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე მიახუთშაბათა. ეს იმიტომ, რომ ერთ დროს პარასკევი ყოფილა მიჩნეული უქმე დღედ.

ნამუსის ქუდი

ქუდსა და მანდილს ძველად განსაკუთრებული პატივისცემით და მოწიწებით ექცეოდნენ. მოსისხლე მტერზეც არ იხმარდნენ იარაღს, თუ იგი ქუდს მოიხდიდა და მოწინააღმდეგეს ესროდა, რაც თავის დამცირებასა და მოწიწებას ნიშნავდა; ვისაც ქუდმოხდილი სთხოვდნენ რამეს, უარის თქმა აღარ შეეძლო.

თავშიშველი დადიოდნენ ჭირისუფლები მძიმე გლოვის ნიშნად. უქუდოდ დადიოდა ასევე ის მამაკაცი, ვისაც სისხლი ემართა.

პირშავი

ძველად დამნაშავის დასჯის ერთ-ერთი სახე ყოფილა პირზე მურის წასმა და ასე პირგაშავებულის ანუ პირშავის ჩამოტარება სოფელში.

სახტად დარჩა

სიტყვა სახტი წარმოშობით ოსურია და დარჭობილს, ანუ დარგულს ნიშნავს. გამოთქმის პირდაპირი მნიშვნელობაა ,,ჩარჭობილი დარჩა"". დღევანდელი გაგებით, გაოცებული, განცვიფრებული.

ტოლის დადება

ერთ უღელში შებმული ხარ-კამეჩი თანაბრად უნდა მიდიოდეს, ერთნაირად უნდა ეწეოდეს ურემს. თორემ ერთი წინ გაიწევს, მეორე ძალაუნებურად უკან რჩება და უღელს ვეღარ გასწევენ. ეს მაშინ ხდება, როცა ხარები თანაბარი ღონისა არ არიან.ამიტომ, ასეთ შემთხვევაში უღელს სიმძიმის ცენტრს გადაუნაცვლებენ, ცალ მხარეს დაამოკლებენ და იქით შეაბამენ ღონიერ ხარს, რადგან ამ მხარეს უფრო მეტი სიმძიმე აწვება. უღლის გათანაბრებას ტოლის დადება ეწოდება.

გამოთქმა – ტოლს არავის უდებსო, ე.ი. არავის ჩამორჩება, არავისზე ნაკლები არ არისო.

ქოქოლა მიაყარა

ეს გამოთქმა სიმბოლურად ქვის სროლას აღნიშნავს. ძველად უდიდეს სასჯელად დაწესებული ყოფილა დაქოლვა ანუ ჩაქვავება. დამნაშავეს ქვებს ესროდნენ და შიგ დამარხავდნენ. ვინც შემდეგ ამ ადგილს გაივლიდა, იმასაც ქვა უნდა დაეგდო ბორცვზე.

ქუდზე კაცის გამოსვლა

გამოთქმა იმ დროინდელია, როდესაც ჩვენი ქვეყანა წვრილ-წვრილ სამეფო-სამთავროებად იყო დაყოფილი და მტრისგან თავის დასაცავად ჯარი არ ყოფნიდათ. საომრად იწვევდნენ ყველას, ვისაც თავზე ქუდი ეხურა და იარაღის ტარება შეეძლო. სხვა შემთხვევაში ეძახოდნენ კომლზე კაცს, ე.ი. ოჯახიდან თითო მამაკაცს გაიწვევდნენ.

ყურებზე ხახვი არ დამაჭრა

გამოთქმა – ვერაფერს დამაკლებ, ვერ მომერევიო. ძველისძველად თურმე გამარჯვებული დამარცხებულს ყურს მოაჭრიდა და ყურმოჭრილი ყმას გაიხდიდა, დაიმონებდა. ჭრილობა რომ სწრაფად შეხორცებულიყო, ზედ ხახვს აჭრიდნენ.

შენს პირს შაქარი

ძველად ჩვეულებად ყოფილა კარგი ამბის მომტანს, მახარობელს თურმე პირს აუვსებდნენ ტკბილეულითა და შაქრით, რაც იმ დროს, არც თუ ისე ადვილი საშოვარი იყო და დიდ პატივისცემას გამოხატავდა. აქედან გამოთქმა - ,,შენს პირს შაქარი""ნიშნავს: ნეტავ კი ეგრე იყოს; რაც შენ თქვი, ნეტავ გამართლდესო.

შიოს მარანი

გადმოცემის მიხედვით, შიო მღვიმელის მონასტრის მარანში ქვევრები მუდამ ღვინით იყო სავსე, რადგან დანაკლულებული ქვევრები ღვთის ძალით მაშინვე ისევ ღვინით ივსებოდა.

ჩიტის რძე

ეს სიტყვები იხმარება დოვლათის, განსაკუთრებით, სასმელ-საჭმლის სიუხვის აღსანიშნავად. ჩიტის რძის მეტი არაფერი აკლიათო, რომ იტყვიან, ეს ნიშნავს: ყველაფერი აქვთ, რისი შოვნაც კი საერთოდ შესაძლებელიაო.

ცხოვრების ჭაპანი

ჭაპანი განსაკუთრებით მაგარი თასმებისაგან დაგრეხილი, საგუთნე თოკია, რომელსაც ხვნის დროს დიდი ძალა ადგას. ცხოვრების მძიმე პირობებთან ბრძოლა ძველად ამ ჭაპნის გაწევასთან იყო შედარებული და ამიტომაც ამბობდნენ ჭაპანწყვეტაშია, ცხოვრების ჭაპანს ეწევაო. ე.ი. ცხოვრების მძიმე პირობებს ებრძვისო.

ცხრა მთას იქით

რიცხვი 9 ხშირად გვხვდება სხვადასხვა სიტყვაში, ანდაზებსა და გამოთქმებში, როგორიცაა ცხრათვალა მზე, მეცხრე ცა, ცხრამუხა, ცხრაწყარო, ცხრაკლიტული, ცხრათავიანი დევი.

,,ცხრა მთას იქით იყოსო,"" - იტყოდნენ რაიმე სნეულებაზე ან გასაჭირზე; ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარაო; ცხრა ენა გამოიბაო; არმინდამ ცხრა ხინკალი შეჭამაო; დედაკაცმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარიც ვერ დაამაგრებსო.

ხახვივით შერჩა

როცა კაცი რაღაცას დააშავებს, ან რამეს მიითვისებს და ასეთი ქცევა იოლად ჩაივლის, პასუხს არავინ მოსთხოვს, ამის თაობაზე იტყვიან: ხახვივით შერჩაო.ძველად, ნასესხები ხახვის უკან დაბრუნება არ შეიძლებოდა, რადგან ამას თითქოს სიმწარე და უსიამოვნება მოსდევდა.

ჯარასავით ტრიალებს

ჯარა ძაფის სართავ მანქანას ეწოდება, რომელიც წინათ ყოველ ოჯახში ედგათ.

წყარო: ზურაბ ჭუმბურიძე, დედაენა ქართული /1987/
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.