Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
როცა ქრონიკული პაციენტი ითხოვს აცრას...
სოფელ ხიდისთავში ორი კვირის წინ ერთდროულად 30 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა. მიზეზი ქორწილი გახდა. გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ დიდ სოფელში ეს ფაქტი საკმაოდ შემაშფოთებელი აღმოჩნდა. დაინფიცირების საფრთხე სხვა ადამიანებსაც შეექმნათ. ქორწილში ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ და ამიტომ, როგორც ამბულატორიის თანამშრომელმა გვითხრა, საბედნიეროდ, მიკროაფეთქებას რაიმე ლეტალური შედეგი არ მოჰყოლია.

ამ მიზნით, გორის ჯანდაცვის ცენტრმა ადგილზე ვაქცინაციის ცენტრი შექმნა. ეს ის სოფელია, სადაც კარალეთის, ხელთუბნისა და კავთისხევის სოფლებთან ერთად, ვაქცინაციის ცენტრები ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა.

,,იმ დღით დაახლოებით 40 ადამიანი აიცრა. ახლა უკვე მეორე დოზა უწევთ.’ - ამბობს ამბულატორიის ექიმი ნონა გოგიაშვილი. მისი ინფორმაციით, სოფლის ამბულატორიას სხვა მოქალაქეები არ შემატებიან, თუმცა, ფიქრობს, რომ ბევრი აიცრა, ოღონდ ქალაქის კლინიკებში. ხიდისთავი ახლოსაა გორთან.


ფოტოზე: ხიდისთავის ამბულატორიის ექიმი ნონა გოგიაშვილი

ამბულატორია სოფლის კლუბის გვერდით მდებარეობს. შენობა ერთი შეხედვით მოწესრიგებულია, თუმცა ერთი ოთახის გარდა, ყველგან სიცივეა. დერეფანში დიდხანს ყოფნა შეუძლებელია. თუმცა, სხვა გზა არ გვქონდა. უნდა დავლოდებოდით იმ მოქალაქეების გამოსვლას, რომლებიც ექიმთან სხვადასხვა მიზეზით კონსულტაციაზე იმყოფებოდნენ.

რამდენიმე მოქალაქეს ვკითხეთ, ვიზიტის მიზეზის შესახებ. უმეტესობამ გვითხრა, რომ უკვე აცრილია. თუმცა, ჩვენი სტუმრობის დროს, აცრაზე არავინ ყოფილა.

ცოტა ხანში, პალტომოსხმული, ასაკოვანი ქალი შემოვიდა დერეფანში და საგანგებოდ, მოქალაქეებისთვის გამზადებულ ტახტზე დაჯდა. ელოდებოდა ექიმის ოთახიდან სხვა მოქალაქის გამოსვლას:

,,მე უკვე ორჯერ ვარ აცრილი, მაგრამ ჩემი მეუღლის თაობაზე ვარ მოსული. ექიმს მომართვა უნდა გამოვართვა, რომ ხვალ წავიყვანო გორში, გამოკვლევებზე. სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აქვს და გვინდა, რომ აცრა ჩავუტაროთ. ჩვენზე მეტად მას უნდა აცრა. დღესაც უნდა წაგვეყვანა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. გვეშინია, რომ საავადმყოფოში არ გადაედოს. გორმედის ექიმიც გვეუბნება, რომ აუცილებლად აცერითო’’ - გვიყვება ქალბატონი.



თუკი, სოფელში ვაქცინაციის ცენტრი ორი კვირის წინ გაიხსნა, რატომ ვერ მოხერხდა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტის აცრა სოფელშივე? ამაზე ქალბატონმა გვიპასუხა:

,,პირველ დღეს როცა გაიხსნა, ექიმები იყვნენ ჩამოსულები. ავუხსენი ჩემი სიტუაცია, რომ მეუღლე ქრონიკული პაციენტი იყო და სახლში იმყოფებოდა. შეგვპირდნენ, რომ მომდევნო დღეს ჩამოვიდნენ. ექიმების ბრიგადა იყო, სპეციალური მანქანით. მაგრამ არ ჩამოვიდნენ. შემდეგ, ამბულატორიის ექიმს ვუთხარი, რომ არ ჩამოვიდნენ-მეთქი. კი, ეგენი უახლოეს ხანებში აღარ ჩამოვლენო. თვითონ კი, ვერ გარისკა აცრა. მაინც ქრონიკული დაავადებები აქვს და მე საიმისო მოწყობილობები არ მაქვს, რომ საჭიროების დროს რეაგირება მოვახდინოო.’’ - გვიყვება ქალბატონი.

როცა გაიგო რომ ჟურნალისტი ვიყავი, გაიცინა – ,,ვაიმე, რამდენს ვლაპარაკობო’’. თუმცა, ვუპასუხეთ, რომ იმას ვფიქრობდით, როგორ დაგვეჩქარებინა მისი მეუღლის აცრა:


ფოტოზე: ხიდისთავის ამბულატორიის მოსაცდელი

,,არადა, სიცოცხლისთვის მებრძოლი კაცია.’’ - გააგრძელა მოყოლა - ,,გულზე შურტირება ორი წლის წინ გაიკეთა. ახლა 71 წლისაა. ეხლაც მეუბნება – თუ არ ამცრიან, ვირუსის ასხლეტა მაინც მასწავლონო. ოჯახში ყველა ავიცერით, მაგრამ მაინც გვეშინია, ვინმემ არ შემოიტანოს, ან ჩვენ თვითონაც არ გავხდეთ გადამტანი’’

მეუღლის ისტორია დაწვრილებით მოგვიყვა, როგორ გადაარჩინეს თბილისში, ალადაშვილის სახელობის გულის კლინიკაში ექიმ რატიანის დახმარებით.

,,ახლა რომ ტელევიზორში დაინახავს ხოლმე რატიანს, ძალიან უხარია. ძალიან მადლობლები ვართ ამ კაცის.’’ - ამბობს ქალბატონი.

მალე უკვე ჩვენი რიგიც მოვიდა და შევედით ნონა ექიმთან. პირველ რიგში, რაც ვკითხეთ, ის იყო, რომ როგორ მოხერხდებოდა 71 წლის კაცის აცრა სახლის პირობებში ისე, რომ არ დასჭირვებოდა გორის საავადმყოფოებში წასვლა და სხვა ადამიანებთან ახლო კონტაქტი.

ხიდისთავის ამბულატორიის ექიმმა გვითხრა, რომ სამხედრო ჰოსპიტლის ექიმების ბრიგადა სოფელში 16 ნოემბერს ჩადის მეორადი აცრისთვის და აუცილებლად აცრიდნენ 71 წლის კაცსაც – ან ამბულატორიაში, ან სახლშივე.

ამ იმედით დავტოვეთ ხიდისთავი და ახლა კარალეთის ამბულატორიაში გადავინაცვლეთ. ეს სოფელიც საკმაოდ დიდია და აქაც ვაქცინაციის ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა.


ფოტოზე: კარალეთის ამბულატორია

ხიდისთავის ამბულატორიისგან განსხვავებით აქ საკმაოდ კომფორტული პირობები დაგხვდა. დერეფანშივე სითბო ტრიალებდა. გარემონტებულ და მოწესრიგებულ შენობაში უამრავი კაბინეტი არსებობს, მათ შორის, სტომატოლოგიის. დერეფნის ბოლოშია სამზარეულოც – თავის ცხელი წყლით.

,,ეს ყველაფერი ამერიკის საელჩოს დახმარებით გაგკვიკეთდა’’ - შემოგვეგება დერეფანშივე ამბულატორიის დირექტორი. სიხარულით მიგვიღო აცრის კაბინეტში, სადაც ორი ასაკოვანი მოქალაქე იმყოფებოდა, უკვე მეორე დოზით აცრაზე:

,,დღეს მაგალითად 12 აცრა ჩატარდა. სულ ბოლო ორი კვირის განმავლობაში 61 აცრა გვაქვს ჩატარებული’ - გვითხრა ამბულატორიის დირექტორმა.


ფოტოზე: ვაქციაციის კაბინეტი კარალეთის ამბულატორიაში

კარალეთშიც ვირუსის მიკროაფეთქება სოციალურმა ღონისძიებებმა გამოიწვია – ქორწილები, ქელეხები გახდა მიზეზი ეპიდემიის ფართოდ გავრცელების:

,,ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რამდენი დაინფიცირდა კონკრეტულად ჩვენს სოფელში, მაგრამ აგერ სკოლაში, ერთ დღეში 14 მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი და მაშინვე დაკეტეს. დღეს განაახლეს სწავლა ორკვირიანი დისტანციური სწავლების შემდეგ’’ - ამბობს ამბულატორიის თანამშრომელი.

როგორც კარალეთში გვითხრეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად ხელმისაწვდომია აცრა ნებისმიერი მოქალაქისთვის, ასევე პირობები.


ფოტოზე: კარალეთის ამბულატორიის მისაღები

,,მინისტრი რომ იყო ჩამოსული, მაშინ დერეფანში გათბობა არ გვქონდა ჩართული. სწორედ, მინისტრმა გვითხრა, რომ აუცილებლად ჩაერთეთ გათბობა – ადამიანი რომ შემოვა, სითბო დერეფნიდანვე უნდა იგრძნოსო. მართლაც ასეა.’ - დასძენს ამბულატორიის დირექტორი.

როგორც გავარკვიეთ, კარალეთის ამბულატორია დაქვემდებარებულია ტყვიავის საავადმყოფოს, რომლის ბიუჯეტიდანაც გათბობის ხარჯები იფარება. მინისტრის დავალების შემდეგ, ტყვიავის საავადმყოფომ გამოყო ტექნიკური ჯგუფი და დერეფანში გაზის აღსადგენად საინჟინრო სამუშაოები ჩაატარა.

,,ცნობიერება შეცვლილია ხალხში, მაგრამ მაინც ხვდებიან მოქალაქეები, რომლებსაც ვაქცინაციის და ზოგადად ვირუსის არ ჯერავთ. ელემენტარულად, პირბადის ტარების წესს არ იცავენ. ჩვენ კი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ავცრათ. დღეს ხომ გეუბნებით 12 ადამიანი ავცერით შუადღემდე. თუმცა, ორი მოქალაქე გავაბრუნე – ერთს სიცხე ჰქონდა და ვუთხარი, რომ გორში წასულიყო. მეორეს მაღალი წნევა ჰქონდა და სხვადასხვა დაავადებებსაც უჩიოდა. ამიტომ, აქ მაინც რისკია და იმასაც გორში ვურჩიეთ წასვლა’’ - გვითხრა ამბულატორიის დირექტორმა. 


ფოტოზე: კარალეთის ამბულატორიის სამზარეული

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 82 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა კორონავირუსის 1820 ახალი შემთხვევა.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 6 017 ადამიანი და ჩატარდა, 20 166 ტესტირება. როგორც წესი, შაბათ-კვირას ნაკლები ტესტი ტარდება, ვიდრე სამუშაო დღეებში.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.97% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.52%.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.