Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
კარბის სკოლის მოსწავლის ესსემ გაიმარჯვა კონკურსში, რომელიც უკრაინაში მსხვერპლ ბავშვებს მიეძღვნა
აგრესიის მსხვერპლი უდანაშაულო ბავშვების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ესეების კონკურსი დასრულდა. პროექტი მიეძღვნა უკრაინაში რუსული ოკუპაციის მსხვერპლ ბავშვებს.

გამარჯვებული გახდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლის ნოდარ კოლოტაშვილის ესსე. კონკურსი ჩაატარა განათლების ეროვნული ინსტიტუტმა.

გთავაზობთ ნოდარ კოლოტაშვილის მიერ წარდგენილ ნამუშევარს:

-----------------

მე ცამეტი წლის ვარ, ვცხოვრობ გორის რაიონის ერთ-ერთ პატარა სოფელში, სოფელში, რომელმაც 2008 წელს ომის სიმწარე თავის თავზე იმწვნია. იყო ნგრევა, მსხვერპლი, ტერიტორიების დაკარგვა...

დღეს ეს სოფელი კონფლიქტის ზონაა, ძალიან ახლოსაა ე.წ. საზღვართან და მე ხშირად ვხედავ, როგორ გადაადგილდებიან უზარმაზარი სამხედრო კოლონები. ხშირად სროლის ხმებიც მესმის და ყველაფერი ეს იწვევს შიშს, გაურკვევლობას, იმედგაცრუებას, იმის განცდას, რომ ომის კერა ძალიან ახლოსაა და ხშირად ვფიქრობ, უცებ აქაც რომ ისევ დაიწყოს ომი, ომი, რომელიც ამჟამად უკრაინაში მძვინვარებს მთელი თავისი სისასტიკით და ნთქავს, ანადგურებს ყველაფერს, სპობს ადამიანებს, აობლებს ბავშვებს, დაუნდობლად ძალადობს მათზე... ახლაც თითქოს ისმის სროლის ხმა, ხან სუსტად, ხანაც მძიმედ, აფეთქებებიცაა... ამ ხმას აქამდე არ ვაქცევდი ყურადღებას... დიდი ხანია ჩამესმის, ღამით, ჩაძინებულსაც გამღვიძებია და მსმენია ხმა საომარი ტექნიკისა და ბუნებრივი იქნება თუ ვაღიარებ, შემშინებია... ახლაც მაშინებს, მაშფოთებს, რა იქნება ხვალ? დიახ, ომი ჩემს ყურს უკანაა ...

მე მაშინ დავიბადე, როცა ქართული მიწა ომის ჭრილობებს იშუშებდა ... ხშირად მესმის ჩემი ახლობელი უფროსებისგან, რომ ის, რაც დღე უკრაინაშია, მათაც გამოიარეს, მათაც ბომბავდნენ, მათაც ხოცავდნენ, მათაც ლტოლვილებად აიძულებდნენ წასვლას, ყვებიან, როგორ გარბოდნენ, როგორ ემალებოდნენ რუსულ მოიერიშე თვითმფრინავებს სარდაფებში, როგორ დატოვეს ცრემლითა და გოდებით მუხლჩაუხრელი შრომით შეძენილი ქონება, როგორ ეთხოვებოდნენ მშობლიურ კერას, რადგან ეგონათ, რომ ვერასოდეს ვერ დაბრუნდებოდნენ, აგრესორი დაიპყრობდა და ნაცარტუტად აქცევდა ყველასა და ყველაფერს...

დედა ამბობს, რომ ამ მომენტში მარტო ჩემზე ფიქრობდა თურმე, ყვება ღამით როგორ დარბოდნენ ბაღებში, რადგან მოსაზღვრე სოფლებიდან თავდასხმების და "მოროდიორობის" სრულიად რეალური საფრთხე არსებობდა... მე ჯერაც არ ვყოფილვარ მოვლენილი ქვეყანას, რომც ვყოფილიყავი, პატარას არ მეცოდინებოდა, რა დაუნდობელია ომი.

და მაინც, რატომ ხდება ომი? ეს ის კითხვაა, რომელიც ყოველთვის აქტუალური იყო და რომელზეც პასუხი დღესაც არავის აქვს. რა არის იმისი მიზეზი, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, შესაძლებელია, რომ ომის კატაკლიზმებში იყოს გახვეული არაერთი ქვეყანა, ახლაც იბომბება ქალაქები, იხოცება სამშობლოს დამოუკიდებლობის სიყვარულის გამო ადამიანები, ამბიციებით შეპყრობილი ვაიპოლიტიკოსების ვნებებს ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ბავშვები, სხვადასხვა ასაკის ბავშვები, თვით ჩვილებიც კი... მწერალი ერიხ მარია რემარკი წერდა:

„ალბათ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ომები კვლავ და ისევ იჩენს თავს, არის ის, რომ ერთი ვერასოდეს გრძნობს, თუ როგორ იტანჯება მეორე.” დიახ, ასეა, თავდამსხმელი ტიპური მოძალადეა, ცივსისხლიანი, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია გული და ვერ იგებს, რას ფიქრობს მეორე მხარე. მე ვნახე კადრები, საშინელი, სისხლიანი კადრები, დანგრეული სკოლები, დაობლებული მერხები, მიწასთან გასწორებული საბავშვო ბაღები, მიტოვებული ატრაქციონები, სისხლით მორწყული მწვანესაფარიანი სკვერები, ვნახე ქუჩაში მიტოვებული და დარჩენილი პატარები, ვნახე და მათთან ერთად მეც იგივე ემოცია მქონდა, იგივე ტკივილი და ეს არცაა გასაკვირი.

ახლაც თვალწინ მიდგას პატარა უკრაინელი ბიჭი, ომის საშინელ სიმბოლოდ ქცეული, გულშიჩამწვდომი ტირილით, თითქმის მშიერი, მშობლებს რომ დაეძებს გამალებით. ვინაა პასუხისმგებელი ამაზე? ამ ბავშვს და მისნაირ მილიონობით მოზარდს აქვს, სრული უფლება აქვს იცხოვროს, ისწავლოს, სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნოს თავი, მშობლიურ მიწა-წყალზე იტანტალოს, ილაღოს, იცელქოს, მშობლების კალთაში მყუდროდ დადოს თავი. ახლა კი სრული კონტრასტია, რა ხდება დღეს? ილახება ბავშვთა უფლებები, ფეხქვეშ ითელება მათი ღირსება, ისინი მენტალურ, ფიზიკურ ძალადობასა და ტანჯვას განიცდიან. მათი ნაღვლიანი თვალები ბევრს ამბობენ, ვხედავ მიმოფანტულ სათამაშოებს, ცალ-ცალ ფეხსაცმელს, დანგრეულ ველოსიპედებს, მოწყენილობისაგან მიძინებულ სტადიონებს და სულით ხორცამდე მზარავს ეს განუკითხაობა.... როდემდე? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს?

ვხედავ და პატარა ანა ფრანკზე მეძალება ფიქრი...

პატარა ანა ნატრობდა თავისუფლებას, ბედნიერებას, მზეს, ემალებოდა ფეხდაფეხ მიმყოლ სიკვდილს და ზუსტად ომის საშინელებასა და უსამართლობას აპროტესტებდა: „რატომ ხარჯავენ ყოველდღურად მილიონებს ომის საჭიროებისთვის, ხოლო მედიცინის ხლოვნებისა და ღარიბებისთვის ერთი ცენტიც არ ემეტებათ?“- ეს კითხვები ალბათ დღესაც ისეთივე აქტუალური და პასუხგაუცემელია, როგორც მაშინ, მეორე მსოფლიო ომის პირობებში. როცა ორი წლის წინ ეს დღიური წავიკითხე, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ იატაკქვეშ მაცხოვრებელი ანას ისტორია შეიძლება ბევრად უფრო კომფორტული ყოფილიყო, ვიდრე 21-ე საუკუნეში ქალაქ მარიუპოლში მაცხოვრებელი არა ერთი ალიონასი თუ ლეონიდისა... მე შემზარა ამ ისტორიებმა, სიძულვილი და პროტესტი გამიჩნდა ამაზრზენი, თითქმის დაუჯერებელი, მაგრამ რეალურად მომხდარი ისტორიების მიმართ, სექსუალურად ძალადობის მსხვერპლი პატარების ისტორიის მიმართ.

ცოტა ხნის წინ წავიკითხე წიგნი „ბიჭუნა ზოლია პიჟამაში“. ვიცი, რა ბარბაროსულ პირობებში უხდებოდათ არსებობა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმსმელი, მონსტრი ფაშისტური რეჟიმის ქვეშ ებრალებს და დღეს ვის შეუძლია მიპასუხოს, გავიდა მას მერე რამდენიმე ათეული წელი, მსოფლიო თავისი განვითარების ალბათ ზენიტში მყოფია და რა ხდება უკრაინაში, პალესტინაში, ლიბანში? არის რამე განსხვავება, არის რამე კომპრომისი? არა, ადამიანებო, არა! თქვენ, უფროს ადამიანებს, არ გევალებათ შეაჩეროთ ეს აგრესია? არ გეფიქრებათ დაიცვათ ბავშვები სიცოცხლის მოსპობისგან? ნუ შფოთავთ მარტო, ეს ზღვაში წვეთია! მეტი გევალებათ, მეტი მოგეთხოვებათ! მეტი გეკისრებათ! თუ მარტო სადღაც ევროპის ან ამერიკის კონტინეტზე თბილ კაბინეტებში მოკალათებულნი ჯიუტად იმეორებთ მოხუცი პეტრეს სიტყვებს: "მე რა შუაში ვარ"... დიახაც, რომ ხართ, ყველანი ხართ პასუხისმგებელნი, რომ ომი შეჩერდეს, რადგან მილიონობით პატარა თბილ ოჯახში მშვიდად უნდა იძინებდეს, სკოლაში გახარებული მიდიოდეს, სწავლობდეს და თავს დაცულად გრძნობდეს და არა ამდენი ლტოლვილი იყოს, ამდენი ოჯახი ინგრეოდეს, სამუდამო დაღი დაესვათ ბავშვებს ფსიქიკას, ფერადი და ლაღი ბავშვობა გაუფერმკთალდეთ და გაუნაცრისფერადეთ...

სადღაც მომისმენია: "აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი არ იქნება", და მე, გთხოვთ, თქვენ, შეხედეთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გახიზნულ უკრაინელ ბავშვებს, სხვადასხვა სკოლაში სახელდახელოდ გადანაწილებულ უდანაშაულო ბავშვებს და ნუ იქნება ომი! უმორჩილესად გთხოვთ, შეწყვიტეთ ომი! შეწყვიტეთ სროლა! შეწყვიტეთ სადღაც ჩემგან მარჯვნივაც ამ სამხედრო ტექნიკის მანევრირება! უკვე მერამდენე თვეა უკრაინაში იღვრება უდანაშაულო ადამიანების სისხლი, ყოველწამიერ იღუპებიან ადამიანები და როდემდე? ექნება ამას ოდესმე დასასრული? ჩემი თანატოლი ბავშვები სიკვდილს უყურებენ თვალებში, ალბათ ფიქრობენ, გადარჩებიან თუ არა. ესა არის პარადოქსი, მათი უმთავრესი ოცნება გადარჩენაა, ახლობლების სიცოცხლეა, დედის გაღიმებულ თვალებში ჩახედვაა, მშობლიურ სახლში საღამოს მაგიდასთან დასხდომა და ტკბილი, ოჯახური ვახშამია... ხომ არ აქვს იმას ალტერნატივა, რომ ბავშვმა უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თავი, მას სჭირდება უპირველესად მშობლის ნუგეში... ნუ გაგიკვირდებათ თუ ჩვენც ხშირად დავსვამთ კითხვას: ომი აქაც იქნება? ყველანი დავიხოცებით?

ზოგჯერ დგება დრო, რომ როცა ომობანა საყვარელი თამაში აღარ არის, რადგან ის ჩვენს რეალურ ცხოვრებაში იჭრება, ომი არც მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გატაცებით ყურებაა მაშინ, როცა მავანი თავის თბილ სახლში ზის... ამ დროს ჩვენ რაღაც ისეთს განვიცდით, რასაც საშიში ზღაპრის მოსმენისას ბებიისა და ბაბუის კალთაში უდარდელად მოკალათებული. ომი უკვე რეალურ ამბად იქცევა და ჩვენს ბაზისურ რწმენას უტევს-იმას, რომ სამყარო მშვიდი და სამართლიანია, რომ სხვა ადამიანების ნდობა შეიძლება და რომ სიკეთე ყველაში და ყველგანაა, უსაფრთხოების განცდა ადამიანის საჭიროებაა და ომი კი ამ საყრდენს გვაცლის, ჩვენ საშიშროებას უფროსების თავლით ვუყურებთ, მაგრამ მათზე მეტი უსაზღვრო ფანტაზია გვაქვს, მაგრამ არ შეგვიძლია თავის დაცვა...

თქვენ, უფროსები, თქვენს შიშებს ინფორმაციის სწრაფი და უწყვეტი ნაკადის მიღებით უკუაგდებთ, მერე განიხილავთ, ემოციებს გამოხატავთ, ამ დროს ჩვენ გვაქვს უამრავი კითხვა და არ გვპასუხობთ, გაურკვევლობის განცდა გვეუფლება... არ ღირს ზღაპრების მოყოლა, არარეალისტური სურათების დახატვა, რადგან ეს ორაზროვნება და ბუნდოვანება უფრო შემაშინებელია, ვხედავთ, რომ თქვენი დღის რუტინა შეცვლილია, მთლიანად ამ ამბით ხართ მოცულნი, მეორე მხრივ კი გვეუბნებით, არაფერია საშიშიო, არც ჩვენი სრულ იზოლაციაში მოხვედრაა გამართლებული, ან საკუთარ სივრცეში გამოკეტვა, რადგან გვესმის თქვენი კომენტარები, მოდის ტალღასავით ინფორმაციები ინტერნეტიდან. მოდის ტყუილები და მართალები. ომი კი უნდა დასრულდეს! მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ბავშვი სანგრებში არ უნდა კვდებოდეს, ცაში თვითმფრინავის გამოჩენის არ უნდა ეშინოდეს, მასზე არ უნდა ძალადობდეს, ტყვედ არ უნდა ვარდებოდეს, ჩვენ გვაქვს მშვიდობიან გარემოში ცხოვრების უფლება და ნუ წაგვართმევთ მას ნურავინ.. კი, ბატონო, გავუწოდოთ დახმარების ხელი ათასობით ლტოლვილ ბავშვს, სკოლის მერხიც ვუწილადოთ, ტაშის კვრითაც მივეგებოთ ჩვენს სკოლაში შემობიჯებულებს, მაგრამ უპირველესად ერთად ვიზრუნოთ, რომ ყველამ თავის ენაზე მიიღოს განათლება, ყველა თავისი მშობლის გვერდით, საკუთარ მიდამოში იზრდებოდეს და ჰქონდეს ცხრათვალა, მშვიდობიანი მზე!''

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.