Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
მერი - სოფელი სუქანაანთუბანი /Video/


მდინარე ძამის ვიწრო ხიდი ფრთხილად გადავიარეთ მანქანით. სოფლის მთავარ გზას გავუყევით. ასეთი მთავარი გზა სხვა სოფელში შეიძლება არც ჩათვალოთ გზად. ირგვლივ ადამიანის ჭაჭანება არ იყო.

ზაფხულში აქ ვერ გაარჩევთ ადგილობრივსა და სტუმარს, სოფელში დასასვენებლად ჩამოსულსა და ძამის ხეობის ვიზიტორს შორის; ხეობა მოფენილია ხოლმე სკოლის მოსწავლეებით, სტუდენტებით, მოლაშქრეებით, ბატეთის ტბისკენ მიმავალი ადამიანებით; ამიტომ, სუქანაანთუბანში ვიზიტისთვის ჩვენ ისეთი პერიოდი შევარჩიეთ, როდესაც სოფელში მხოლოდ ის ადამიანები არიან დარჩენილნი, ვინც ზამთრის გატარებას აპირებს.

ერთი ძველი, თითქმის დანგრეული სახლის უკან კიდევ ერთი ძველი სახლის ეზოში ქალი დავინახეთ, რომელიც შეშას აგროვებდა. რადგან შუა შემოდგომით ხეებს ფოთლები ცვივა, ეზოში მოფუსფუსე ქალის დანახვა ამიტომაც შევძელით.

,,მობრძანდით"

,,როგორც ჩანს ზამთრის გატარებას აქ აპირებთ" - ვუთხარით.

,,ოი, ეზო რომ არეული მაქვს...? რომ მცოდონოდა მოდიოდით.."

ჩვენი მასპინძელი მერი (ზაირა) თურმანოვია. ის სოფელში ერთი წლის წინ დაბრუნდა. 10 წელი ემიგრაციაში იყო. სოფელში დაბრუნებულს სახლი გაძარცვული დახვდა:

,,ვერ გავიგე, ვის ეძინა ხოლმე ამ სახლში... ვინ ანთებდა ხოლმე ღუმელს... ვინ უკიდებდა ხოლმე ცეცხლს სიგარეტებს. ყველაფერი აღვადგინე" - გვიყვება მერი, თან მეორე სართულზე გვეპატიჟება.

,,აბა, შეხედეთ ეზოს... როგორ მოღავებულა. საქონელი დადის. ეზოს რომ ღობე არა აქვს, საქონელი თავისუფლად შემოდის. ძალიან მაწუხებს ეგ ამბავი. როგორმე მინდა, რომ ეზო შემოვღობო და გავალამაზო" - ამბობს მერი.

კიბე ფრთხილად ავიარეთ. სიძველისგან კოჭები დახრილიყო. აივანზე დიდი სარკეა დაკიდული. ასეთ ადგილებში სახლების აივნებზე ხშირად შეგვხვედრია სარკეები. ლამაზი ბუნების ფონზე საკუთარი თავი ჩვენც რამდენჯერ დაგვინახავს სარკიდან...

,,ზამთარში რომ მოვედი, ჩიტი დამხვდა. აი, ამ მაგიდაზე ჯდება და მელოდება ხოლმე, საკენკს როდის დავუყრი. მერე მეგობარი მოიყვანა. ზაფხულში უკვე ნაკლებად. ეხლა რომ აცივდა, ისევ მაკითხავს ხოლმე" - გვითხრა მერიმ და ოთახებში შეგვიყვანა. ოთახს ღუმელით ათბობს.

მერი გამასპინძლებას შეუდგა. აივანზე მერის ბიძაშვილი, 80 წლის ქალი გამოჩნდა.

,,გოგონი!" - გასძახეს ერთმანეთს.



მერიმ და მისმა ბიძაშვილმა სოფელი გაგვაცნეს. გვითხრეს, თუ ვინ და რა გვარები ცხოვრობენ.

აღმოჩნდა, რომ 1990-იან წლებამდე აქ 93 კომლი ცხოვრობდა. ამჟამად 25 ოჯახია. მათგან უმრავლესობა ახალმოსახლეა.

ჩვენი მასპინძლებისგან გავიგეთ, თუ რატომ ჰქვია სოფელს სუქანაანთუბანი:

,,კომუნისტების დროს ამ სოფელში ძალიან დიდი მოსავალი მოყავდათ. ერთხელ იმდენი ჭარხალი მოიყვანეს, ვერ აუდიოდნენ განაწილებას. პურის მარცვალი რომ გაანაწილეს, ოთახები გაივსო. ამ ხეობაში ყველაზე უხვი მოსავალი აქ მოდიოდა. ამიტომაც დაარქვეს მსუქანაანთუბანი." - ამბობს მერი.

,,არეულობის დროს წავიდნენ, თანაც ახალგაზრდები. ახლა ჩამოდიან ხოლმე, მათი შვილიშვილები. ამ ზაფხულს ჩამოვიდნენ და სახლების გაყიდვა გადაწყვეტეს. აგერ ჩემ გარშემო ორივე სახლი ჩემი ბიძაშვილებისაა. გადავაფიქრებინა გაყიდვა." - ამაყობს ჩვენი მასპინძელი.

თავდაპირველად, მარტო ცხოვრება გაუჭირდა. მოგვიყვა, თუ როგორ აღმოჩნდა ემიგრაციაში.

,მე ისეთი ცხოვრება გავიარე" - ამოიხრა მერიმ. ასეთი შესავალი უკვე იმის მანიშნებელი იყო, რომ საკმაოდ რთული ისტორიების მოსმენა მოგვიწევდა.

,,აქ დავიბადე. 4 წლის ასაკამდე აქ ვცხოვრობდით. მერე მამამ მუშაობა თბილისში დაიწყო. სკოლაც იქ დავამთავრე. დავამთავრე უცხო ენების ფაკულტეტი. სულ ვმუშაობდი" - იხსენებს მერი.


შემდეგ უკვე 1990-იანი წლებში ქვეყანაც აირია. დაიწყო კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის. ოსმა მოსახლეობამ გახიზვნა დაიწყო.

,,ჩემი ოჯახის წევრებიც წავიდნენ. ჩემი ერთი ძმა უფრო ადრე იყო წასული. წავიდნენ სხვებიც. ჩვენ ბინა გვქონდა თბილისში. იქ ვცხოვრობდი. ერთი პერიოდი ნოტარიუსადაც ვმუშაობდი. ერთხელ მომიტანეს საბუთები ბინების გადასაფორმებლად. წავიკითხე, რომ ოსის სახლი უნდა გადამეფორმებინა სხვისთვის. უარი ვუთხარი, სახლის პატრონი მოვიდეს მეთქი. ამის გამო, ძალიან მცემეს. თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დამაგდეს" - იხსენებს მერი.

ამ ფაქტის შემდეგ ვლადიკავკაზიდან ძმები სთხოვდნენ, რომ დაეტოვებინა თბილისის სახლი, თუმცა სახლი არ დათმო:

,,ჩემი ძმა მეხვეწებოდა, გაყიდე ქალაქის სახლი, ოღონდ სოფლის სახლი არ გააყიდოო, ოდესმე ხომ მაინც დავბრუნდებითო"



მერიმ არც სოფლის და არც ქალაქის სახლი გაყიდა. სამსახურიც შეინარჩუნა. მაგრამ, მისი ქონების მსურველები მაინც არ ისვენებდნენ:

,,ერთ ღამეს დამაყაჩაღეს, თან ძალიან მცემდნენ. წამართვეს ყველაფერი. უთოს გამოყენებასაც აპირებდნენ. ვთხოვე, ყველაფერი წაეღოთ, ოღონდ არ დავეუთოვებინე." - გვითხრა მერიმ.

მერის დაყაჩაღების ფაქტი იმდენად საზარელი იყო, რომ, როგორც მერი იხსენებს, თვით შინაგან საქმეთა მინისტრმა რომან გვენცაძემ დაიწყო გამოძიება. დააკავეს დამყაჩაღებლები.

სამუშაო 1998 წლამდე შეინარჩუნა. შემდეგ რეორგანიზაცია დაიწყო და 48 წლის ასაკში სამსახურის გარეშე დარჩა:

,,იმ დღეს, სამსახურიდან რომ გამანთავისუფლეს, ქაშუეთის ეკლესიასთან ბაღში დავჯექი და ვტიროდი. გზის ფულიც არ მქონდა, რომ სოფელში დავბრუნებულიყავი."

მერი საქართველოში კიდევ 2 წელი დარჩა. 2000 წლის 9 აპრილს კი, ემიგრაციაში წავიდა. ანკარაში მომვლელად დაიწყო მუშაობა.

,,ათი წელი ემიგრაციაში გავატარე. როცა მომენტარებოდა ხოლმე საქართველო, დავიწყებდი ტირილს და ვამბობდი, რომ საფლავის ქვაზე გარდაცვალების თარიღად 2000 წელს მივუთითები. ვამბობდი, რომ მე მოვკვდი მაშინ, როცა საქართველო დავტოვე."

ანკარაში მუშაობდა აჭარელ თავადების, ხიმშიაშვილების ოჯახში. ხიმშიაშვილებმა ბათუმი 1921 წელს დატოვეს. მერი დიდი თავადის შვილს, უკვე ხანდაზმულ ქალბატონს უვლიდა და მის მეგობრად იქცა. ,,ამიტომაც გავძელი იქ, იმიტომ,რომ ისეთი ოჯახი შემხვდა, სულ მეუბნებოდნენ, საკუთარ სახლში იგრძენი თავიო"

2021 წლის ბოლოს, მერის მეგობარი გარდაიცვალა ანკარაში. უკვე დადგა იმის დრო, დაბრუნებულიყო მშობლიურ ქვეყანაში. სოფელ სუქანაანთუბანში ზამთარში დაბრუნდა.

მერის ძალიან უყვარს წიგნებისა და გაზეთების კითხვა. თუკი ვინმე ქარელში ან სხვა ქალაქში ხშირად მოძრაობს, ყველას სთხოვს, რომ თუნდაც ძველი გაზეთები მიუტანოს.

,,ძალიან გამიჭირდა თავიდან, დეპრესია დამემართა. არა ხალხი, არა ბავშვი... არა ჟრიამული. თოვლიც მოვიდა და გარეთაც ვერ გავდიოდი. ვიჯექი ფანჯარაში და ვუყურებდი დათოვლილ არე-მარესა და მთებს."

სოფელი შებინდებისას დავტოვეთ. გვთხოვა, რომ მას და სოფელს ისევ ვესტუმროთ, თუნდაც მაშინ, როდესაც არემარე თოვლით იქნება დაფარული. დარწმუნებულია, რომ მომავალ ზაფხულს ისევ ახმაურდება სოფელი, გაივსება ახალგაზრდებით. გაკეთდება ყველა ეზოში წყალი, გაიყვანენ გაზს, რათა ახალგაზრდები დიდხანს დარჩნენ ხოლმე, შესაძლებელია უკვე - ზამთრობითაც კი.



Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.