ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
მისი თქმით: ,,საბჭომ უნდა განიხლოს აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული რეაქციები, რათა არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს ეს მოვლენები გამოიყენონ იმისათვის, რომ საქართველოს მიმართ მოსახლეობაში უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას. ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ.''
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ აპირებს, კომენტარი გააკეთოს [რუსეთის] შიდა მოვლენებზე.
,,მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც შეიძლება ჩვენ გვეხებოდეს და გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე.'' - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
რა ხდება ცხინვალში?
დღეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთმა ,,მოსაბრუნისა'' და ,,პერევის''
საგუშაგოები 3 დღით ჩაკეტა. როგორც ცხინვალში, ე.წ. სახელმწიფო
უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვები დაიწყო
დღეს 24 ივნისიდან და გაგრძელდება 27 ივნისის ჩათვლით.
,,კგბ''-ს განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს
საქართველოს პრო-დასავლური ძალების გააქტიურება, რომლებიც ქვეყნის
გაერთიანების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.
"ამასთან დაკავშირებით რჩება სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს საზღვარზე
დესტაბილიზაციის საფრთხე, რომელიც სხვადასხვა ფორმის პროვოკაციებითაა
მოსალოდნელი" - აღნიშნულია შეტყობინებაში.
ამასთანავე დღეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა
მოუწოდა თანამოქალაქეებს, რომლებიც ვაგნერის რაზმის
შემადგენლობაში არიან, არ დაუჭირონ მხარი უკანონო ქმედებებს, იუწყება
დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური.
„უკრაინაში და მის გარშემო სპეცოპერაციის ზონაში მიმდინარე
მოვლენებთან დაკავშირებით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ რუსეთის
ფედერაციის პრეზიდენტის - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების
უმაღლესი მეთაურის ვლადიმერ ვლადიმერის ძის ქმედებებს, რათა
ჩაახშოს „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის
შეიარაღებული აჯანყება“, - ნათქვამია ალან გაგლოევის
განცხადებაში.
სააგენტო ,,რესის'' მიერ გავრცელებულ
ტექსტში ხაზგასმულია, რომ რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის ამ რთულ
საათში ყველა უნდა დარჩეს ერთიანი და იმოქმედოს საერთო მომავლის
სასარგებლოდ.
„მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამემამულეს, რომლებიც არიან
ვაგნერის რაზმის შემადგენლობაში, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და
არ დაუჭირონ მხარი თავიანთი ხელმძღვანელობის უკანონო ქმედებებს“, -
ნათქვამია მიმართვაში.
რადიო თავისუფლების ცნობით, 23
ივნისს, პარასკევს, "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის
ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით,
"ვაგნერის" რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი
მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს
"ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".
ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო
გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".
პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს
"ზურგში დარტყმა" უწოდა.