მძღოლს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 122-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, 2000-ლარიანი ჯარიმა შეუდგინეს.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს: სატრანსპორტო საშუალების მართვა /.../ შენიღბული ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, რაც იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს მოქალაქემ ოქმი ჯერ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციაში გაასაჩივრა, სადაც არ დააკმაყოფილეს. ამის შემდეგ საქმის განხილვამ გორის სასამართლოში გადაინაცვლა.
დღეს სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო გერგაულმა საპატრულო
პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი გააუქმა.
სხდომაზე მთავარი საკითხი შეეხო იმ გარემოებას, იყო თუ არა უშუალოდ
ნომერი შენიღბული ან შეცვლილი. ავტომანქანის სანომრე ნიშანზე
დაზიანებული არ აღმოჩნდა არც სერია და არც სხვა მაიდენტიფიცირებელი
ნიშნები, გარდა რუსეთის დროშისა.
,,სხდომაზე განვაცხადე, რომ ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის დროშის წაშლის
გამო არა თუ ჯარიმა, ადამიანს ჯილდო ეკუთვნის. პოლიციელმა თქვა, რომ
არ ვეთანხმებიო. რას არ ეთანხმებითო, ჩაეკითხა მოსამართლე ნინო
გერგაული - რუსეთი რომ ოკუპანტიაო თუ ჯილდო რომ ეკუთვნისო? საბოლოოდ
მოსამართლე ნინო გერგაულმა საჯარიმო ქვითარი გააუქმა, რაც ძალიან
სამართლიანი და აღსანიშნავია ფაქტია,'' - გვითხრა მოქალაქემ.
მოქალაქემ გვითხრა, რომ მანქანის ნომრის შეცვლის უფლებას შს
სამინისტროში არ აძლევენ.
მოქალაქის ინტერესებს სასამართლო სხდომაზე ადვოკატი კახა კალმახელიძე
იცავდა.
,,იურისტმა კახა კალმახელიძემ შემთხვევით გაიგო, რომ რუსეთის დროშის
წაშლის გამო დამაჯარიმეს, მოვიდა ჩემთან, ძალიან შეწუხებული იყო.
ასეთი რამ როგორ შეიძლება მოხდესო და სრულიად უსასყიდლოდ დაიცვა ჩემი
ინტერესები'' - გვითხრა მოქალაქემ.