დაახლოებით, 2 კმ ნახევარი მანძილის გავლის შემდეგ, ქარელებმა მანქანა გააჩერეს. ჯიპიდან ჯერ ოქრუაშვილის დაცვის წევრები გადმოხტნენ და იარაღის ტარით ბიძაშვილებს თავში ურტყეს. დაზიანებები ძირს დაგდებულებს ბეჭის არეშიც მიაყენეს.
,,ეს დეტალები მე უშუალოდ პირადად ვასიკოსგან და პავლესგან ვიცი. შევხვდი მათ. მანქანის დევნის ფაქტი ცენტრალურ ქუჩაზე ვინც იყო იმ დროს, ყველამ დაინახა. ბიჭები ჩემი თანამებრძოლები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. აქტიურად მეხმარებოდნენ და აშკარად ეს არ აპატია მათ ოქრუაშვილმა" - გვითხრა ტყვიავის თემის წარმომადგენელმა გორის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ამჟამად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ გიგუაშვილმა. თემურ გიგუაშვილი კენჭს კოალიცია ,,ქართული ოცნების" სახელით იყრიდა. სოფელ ტყვიავში ოქრუაშვილის ,,ქართულმა პარტიამ" და კანდიდატმა არჩევნები ყველა მიმართულებით (პროპორციული, მაჟორიტარული და რაიონის გამგებლის არჩევნები) წააგო.
საქმე იმაშია, რომ საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი (2004-2005 წწ)ირაკლი ოქრუაშვილი დაცვის წევრებთან ერთად საკუთარ სახლში მიდიოდა. უბანში, სადაც ასევე ვასილ და პავლე ქარელები ცხოვრობენ, მანქანები ერთმანეთს შეხვდნენ. ქარელებმა ოქრუაშვილის ჯიპს გზა არ დაუთმეს. ყოველ შემთხვევაში ასე ჩათვალეს ჯიპში მსხდომებმა. ამის შემდეგ კი ,,დაწინაურებულ" მერსედესს გამოედევნენ.
,,როდესაც ბიჭებს სცემდნენ, ოქრუაშვილი გადმოვიდა მანქანიდან და დაიძახა: ,,ეყოფათ!". რა თქმა უნდა, იცნეს ვინც იყო. მისი ხმაც გაიგეს, ,,ფუ თქვე ტყვიაველობასაო" - ესეც მიუძახებია. მერსედესის მანქანიდან გასაღები ამოიღეს და გაისროლეს" - ამბობს თემურ გიგუაშვილი.
ავტომანქანას 3 ტყვია აქვს მოხვედრილი: ერთი უკანა მხარეს, საბარგულთან, მეორე - მარცხენა მხარეს, მძღოლის სიახლოვეს, მესამე კი - გამავალი ნატყვიარები ბენზისის ავზსთან ფიქსირდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს. ავტომანქანას კი ბალისტიკური ექსპერტიზა უტარდება, რომლის დასრულება ერთი თვის ვადაშია მოსალოდნელი.
ფოტოზე: ირაკლი ოქრუაშვილი და მისი დაცვის წევრები (სპეციალური ნიშნით აღნიშნულები). გადაღებულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში.
,,ირაკლის თუ შეეხები, შემდეგი იქნება დედა და შვილები” – ,,ნათლია” და შურისძიება ტყვიავში (VIDEO)
,,თუ სახლიდან შედეგი ვერ გამოიტანე, შემდეგი იქნება დედაშენი, და ბოლოს, შვილებს დაგიბინავებ” – ეს შეტყობინება ამჟამად ევროპაში მყოფმა სოსო ჩიხლაძემ მას შემდეგ მიიღო, როცა სოფელ ტყვიავში მისი სახლი მესამედ დაიწვა. საქმე ეხება ,,ქართული პარტიის” ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს. სატელეფონო შეტყობინების ავტორი მოუწოდებს სოსო ჩიხლაძეს, რომ ,,ირაკლის არ შეეხოს”. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დამწვარ სახლში სოსო ჩიხლაძის დედას ეკატერინე ჩიხლაძეს ინტერვიუ ჩამოართვა.
,,შეიძლება ამის შემდეგ მომკლან, მაგრამ ეს ინტერვიუ ხომ დარჩება? შემდეგ ჩემი შვილები და შვილიშვილები გააგრძელებენ ბრძოლას. გაგვწირეს, გაგვანადგურეს…” – აცხადებს ეკატერინე ჩიხლაძე. სახლის მეორე სართულის ერთ-ერთ ოთახში, რომელიც ხანძრიდან 6 თვის შემდეგაც ხელშეუხებელია, სპეციალურად მოსხმული ტრაქტორის დიზელის საწვავი დღესაც ემჩნევა.
ჩიხლაძეების სახლი პირველად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწვა. ეკატერინე ჩიხლაძე ამბობს, რომ იმ დროს გაჩენილი ცეცხლი მალევე ჩააქრეს მეზობლებმა და ფაქტობრივად პირველი სართულიც კი იყო გადარჩენილი, მეორედ სახლს ცეცხლი 2011 წელს გაუჩნდა, მესამედ კი 2013 წელს, ნოემბერში.
,,რა ხდებოდა ჩემს შვილსა და ოქრუაშვილს შორის, არ ვიცოდი. სახლის დაწვამდე ხორბლის ყანები დაგვიწევს. ეს ზუსტად ვიცი, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ბიძაშვილმა, სოსო გიგუაშვილმა გააკეთა. მისულა ყანასთან, უკითხია და უჩვენებიათ, ეს იმისი ყანააო. შემდეგ ურეკავს სოსო გიგუაშვილი ჩემს შვილს და ეუბნება: ჩამოხვალ საფრანგეთში ირაკლისთან და იქ გავარჩევთ საქმესო, ვინ არის სოსო გიგუაშვილი, რომ იბარებს ჩემს შვილს? მესამედ სახლი რომ დაგვიწვეს, ტელევიზიით განვაცხადე, რომ არა მგონია, რომ ეს ირაკლი ოქრუაშვილს გაკეთებინა-მეთქი. ამაზე ჩემი შვილი გამიბრაზდა, ეს რატომ თქვიო. მერე ის მესიჯი გამოაქვეყნა, რომელიც ჩემს შვილს ტელეფონზე მიუვიდა. სახლის დაწვის შემდეგ დედის და შვილების ,,დაბინავებით” ემუქრება. ეს რომ გავიგე, გაოგნებული ვიყავი? აი, თქვენც ხედავთ, როგორაა დასხმული ოთახში საწვავი, ეს ვიცი, ვისი გაკეთებულიცაა, ყველაფერი იცის გამოძიებამ. ამიტომ, ვითხოვ, რომ დროულად დაამთავრონ გამოძიება.” – ამბობს ეკატერინე ჩიხლაძე.
სოსო ჩიხლაძე, რომელიც სოფელში ,,ვოლკის” სახელითაა ცნობილი, თავდაცვის მინისტრად ირაკლი ოქრუაშვილის ყოფნის დროს, შესყიდვების სამსახურის უფროსი იყო. ის 2007 წელს ევროპაში დააკავეს, შემდეგ ერთ თვეში გაათავისუფლეს და ევროპაში დევნილის სტატუსი მიიღო. ამჟამად მოქალაქეობა მიიღო და ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრობს. სოსო ჩიხლაძის დედისთვის მოულოდნელი იყო ასევე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის მიერ გამოქვეყნებული იმ მესიჯების შინაარსი და ტექსტი, რომლითაც ,,იკას ხსენების” გამო, სახლის დაწვით და ამოწყვეტით ემუქრებოდნენ. ოქრუაშვილი ყოფილ თანაგუნდელებთან ურთიერთობის შესახებ მხოლოდ ერთი სატელეფონო კომენტარით შემოიფარგლა: ,,ღორის ტილს რომ ფეხზე დაისვამ, თავზე აგაცოდებაო.”. ეს მართალია მიხეილ ქარელის მისამართით იყო გაკეთებული, მაგრამ ეკატერინე ჩიხლაძეც ფიქრობს, რომ ანალოგიურად მის შვილსაც ეხება.
,,გაგვინადგურეს მე და ჩემი მეუღლის შრომით მოპოვებული ქონება, გაგვწირეს. ეს სახლი ჩემს შვილს არ აუშენებია. 2 წლის განმვალობაში ჩემს შვილს ვეუბნებოდი, რომ ამას ოქრუაშვილი არ გააკეთებდა. მით უმეტეს ბავშვის ნათლიაა. დღეს გავიგე, რომ ეს ხალხი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. ეს არის სირცხვილი. მე თუ მომკლეს, ეს ინტერვიუ მაინც დარჩება. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ამ საქმეზე პასუხი აგონ. ყველაფერი ცნობილია გამოძიებისთვის, ვინაა შემსრულებელი და ვინაა დამკვეთი” – აცხადებს ეკატერინე ჩიხლაძე.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
სტატიის გამოყენების პირობები