,,ჩვენთან სოფელში სტუმრად იყვნენ ამოსულები მარიამობის დღესასწაულზე. სუფრაზე იმყოფებოდა ჩემთვის უცხო პიროვნება, რომელმაც დაჟინებით მოითხოვა ვინმე ჭრიკაშვილის სადღეგრძელოს დალევა. მე არ ვიცოდი, თუ ვინ იყო ჭრიკაშვილი და ვთქვი, რომ რაზე უნდა დავლიო-მეთქი. ამ პიროვნებამ, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ პოლიციელი იყო, აგრესიულად დამიწყო ლაპარაკი - მსოფლიო ჩემპიონის სადღეგრძელო როგორ არ უნდა დალიოო და საერთოდ რატომ არ იცნობო. ამ პოლიციელმა კამათის დროს მუშტებით ცემა დამიწყო სახეზე და მოგვივიდა ჩხუბი. შემდეგ წამოვედი და გზაზე გააგრძელა ჩემს მისამართით გინება და ლანძღვა. უკან მომდევდა. დამეწია და ისევ დავიწყეთ ჩხუბი. ამ ცემის დროს ამოვარტყი რკინის საგანი" - აღნიშნულია ლერი ყველაშვილის ჩვენებაში.
პოლიციის მუშაკი დავით მესხიძე ჩვენებებში უთითებს, რომ ლერი ყველაშვილს სუფრაზე ჩხუბი მისი ცოლის ძმასთან მოუვიდა და ის, მხოლოდ, გამშველებლის როლში იყო.
,,დღეობას ავედი ჩემი მეუღლის ნათესავების ოჯახში. არც ფორმა მეცვა და არც იარაღი მქონდა. ცოლის ძმამ მითხრა, რომ გვერდით სოფელში, ბოშურში გადავიდეთ, დღეობააო. სუფრაზე კამათი ჭრიკაშვილის სადღეგრძელოს ირგვლივ მოხდა. შემდეგ წამოსვლას ვაპირებდით და გარეთ გავედით, თუმცა ლერი ყველაშვილი კვლავ აგრძელებდა ჩხუბს. მე გადავედი მანქანიდან და აგრესიული საუბრის შეწყვეტა მოვთხოვე. მან იცოდა, რომ პოლიციელი ვიყავი, თავი დაანება ჩემს მოყვარეს და მე დამიწყო გინება. ამას მოჰყვა ჩხუბი, რა დროსაც დანა დამარტყა" - ასეთია პოლიციელის ჩვენების მოკლე შინაარსი.
ლერი ყველაშვილის ბრალდების საქმეს გორის რაიონულ სასამართლო იხილავს. პროკურატურასა და დაკავებულის მხარეს შორის მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების თაობაზე მიმდინარეობს.
,,2014 წლის 7 ოქტომბერს მთავარ პროკურატურაში საპროცესო შეთანხმების თაობაზე წერილობითი განცხადება გავაგზავნეთ, საიდანაც ჯერ პასუხი არ მიგვიღია" - განაცხადა პროკურორმა. ლერი ყველაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლებას და საპროცესო შეთანხმების დროულ გაფორმებას ითხოვს, რადგან მას ღვიძლი ცუდ მდგომარეობაში აქვს.
,,მე კიდევ ორი კვირა რომ დავრჩე პატიმრობაში, ღვიძლი დამეშლება. არ მკურნალობენ არაფერს" - თქვა ლერი ყველაშვილმა 28 ოქტომბრის სასამართლოს სხდომაზე.
ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონი 2014 წლის 28 აგვისტოს გახდა. ჩელიაბინსკში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭრიკიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან კანადელი ოლიმპიური პრიზიორი ანტოინ ვალოის-ფორტიერი დაამარცხა.
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
სტატიის გამოყენების პირობები