ნგრევა 20 დეკემბერს გვიან საღამოს მოხდა. ობიექტზე ბინა 62 დევნილ ოჯახს უნდა მიეღო. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობა დიდი ხანია ,,გაქცეულია".
სოზარ სუბარმა, აღნიშნული ობიექტის შესახებ, 2014 წლის 16 დეკემბერს გორში 2 წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას შეეხო. სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, რომ 2015 წლის იანვრიდან ახალი ტენდერის პირობებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდებოდა. 4 დღეში კი კედელი დაინფრა. სარეაბილიტაციო სამუშაოების სატენდერო ღირებულება 1 100 000 ლარი იყო.
გამოიწვია თუ არა ნგრევა არასწორმა რეაბილიტაციამ, ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა შეჩერებული სამუშაოების გამო ნალექი საძირკველში რომ გროვდება, ეს ფოტოებიდანაც ჩანს. ,,ეს შენობა მთლიანად წყალზე დგას" - გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საავადმყოფოს გვერდით მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე მუშაობს და ფოტოების გადაღებისას გაგვესაუბრა.
,,ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს NBG, შავ სიაშია შეყვანილი. ამის მიზეზი კომპანიის მხრიდან უხარისხო მშენებლობა გახდა. სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაზე იყვნენ პასუხისმგებლები 800 000 ლარის სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი, რეალურად კი მშენებლობაზე 100 000 ლარის სამუშაოებია გაწეული. აღნიშნული თანამშრომლები დღეს დევნილთა და განსახლების სამინისტროში აღარ მუშაობენ და მათ წინააღმდეეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებაშივე ვიგებთ, რომ ხელახალ ტენდერში გამოცხადებულ კომპანიას სამუშაოები 22 დეკემბრიდან უნდა დაეწყო, თუმცა ახალი ტენდერის პირობებში, შედიოდა თუ არა საძირკვლის ტექნიკური შემოწმება თუ რეაბილიტაცია, უცნობია.
აღნიშნული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ინფორმაცია სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა საქართველოს პროკურატურაში სამი კვირის წინ გადაადგზავნა, რადგან საქმეში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა.
20 დეკემბერს გვიან ღამით შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ დევნილთა და განდასახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დიხამინჯია და სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი თამაზ გვიმრაძე.
მომდევნო დღეს შემთხვევის ადგილზე გორის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად, მივიდა. ერთ-ერთი ფლიგელი, სადაც ადრე საავადმყოფოს მიმღები იყო, ეპარქიას სათნოების სახლის მოსაწყობად გადაეცა. მეუფე ანდრიამ დაათვალიერა როგორც ჩამონგრეული ადგილი, ასევე რეაბილიტაციის პროცესში მყოფი სათნოების სახლი.
,,ამას ჩვენი ძალებით ვაკეთებთ, შენობის ნაწილი სახელმწიფომ გადმოგვცა. ჯერ-ჯერობით პირველ და მეორე სართულზე ხორციელდება რემონტი" - გვითხრა მეუფე ანდრიამ. მეუფეს იმედი აქვს, რომ სათნოების სახლის ფლიგელს პრობლემები არ აქვს: ,,ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ექსპერტიზის საერთო დასკვნა" - აცხადებს მეუფე.
სტატიის გამოყენების პირობები