გადავადების მოსაკრებელი, მხოლოდ, 25 წლამდე ასაკის წვევამდელებს ეხება. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა უმაღლესი სასწავლებელი 2012 წლის ივლისში დაამთავრა. გურამ მჭედლიძე 25 წლის მიმდინარე წელის 30 იანვარს გახდა. შესაბამისად, მას 2000 ლარი 2012 წლის შემოდგომით, ხოლო მომდევნო 2000 ლარი 18 თვის შემდეგ უნდა გადაეხადა. სამხედრო კომისარიატში ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნიათ.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა, თუ გურამ მჭედლიძემ, 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, რა საშუალებით მოახდინა სავალდებულო სამსახურის გადავადება.
2012 წლის შემოდგომის გარდა, 2013 წლს ის არ გამოუძახებიათ, მოტივი უცნობია. 2014 წლის გაზაფხულზე ჩაბარებული უწყების ბედი კი ასეთია:
,,შარშან, 2014 წლის მარტში რომ გამომიძახეს, მაგისტრატურაში ვაბარებდი. საბუთები უკვე ატვირთული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის მონაცემთა ბაზაში და, შესაბამისად, ამის მიხედვით მოხდა გადავადება" - გვითხრა გურამ მჭედლიძემ. ეროვნული გამოცდები კი 2014 წლის ზაფხულში ჩატარდა. გურამ მჭედლიძე ამბობს, რომ ფასიან განყოფილებაში მოხვდა, ხოლო გადასახადის გადაუხდელობის გამო, მაგისტრატურაში სწავლა ვერ დაიწყო.
გორის მერიის სამხედრო კომისარიატის ხელმძღვანელი გელა შარვაშიძე ამბობს, რომ ის, 2014 წლის გაზაფხულზე, გაწვევის სამსახურს არ ხელმძღვანელობდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ქალაქის თვითმმართველობა ორად 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაიყო. გელა შარვაშიძე მერიის სამხედრო სამსახურს 2014 წლის შემოდგომიდან ჩაუდგა სათავეში.
,,მე ვერ გეტყვით, რა მოხდა 2014 წლის გაზაფხულზე, მაგრამ ახლა შემიძლია გითხრათ, რომ თქვენს მიერ ნახსენებ პიროვნებას წელს არაფერი დოკუმენტი წარმოუდგენია. ის ექვემდებარება გაწვევას, კიდევ დავუკავშირდებით და თუ არც ამ შემთხვევაში გამოცხადდა, მის საქმეს პოლიციას გადავცემთ" - განაცხადა გელა შარვაშიძემ.
,,თანხა არც ერთ შემთხვევაშია გადახდილი. იმ შემთხვევაში თუ პიროვნებას გადავადება სურს, ის უნდა სწავლობდეს უმაღლეს სასწავლებელში ან სკოლაში; უნდა იყოს დედისერთა, დაოჯახებული, ჰყავდეს ორი შვილი ან ერთი შვილი სამ წლამდე; უნდა იყოს სოფლის ექიმი ან მასწავლებელი; უნდა არჩენდეს ოჯახის წევრებს - და-ძმას; უნდა არსებობდეს პრემიერ-მინისტრის კონკრეტული გადაწყვეტილება. არსებობდეს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა. საქმეში არც ერთი მსგავსი საბუთი გვაქვს, არც ადრინდელი და არც ამჟამინდელი" - განმარტავს გელა შარვაშიძე.
ვინ უნდა დაინტერესდეს სამხედრო კომისარის მუშაობით, გელა შარვაშიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს ქალაქის მერი, ხოლო გასულ წლებში ამაზე ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის გამგებელს - (პაპუნა კობერიძეს) ევალებოდა.
გურამ მჭედლიძე გვეუბნება, რომ წელს, 2015 წელს, სამედიცინო შემოწმებას გაივლის:
,,სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაქვს. ავიღებ სამედიცინო დასკვნებს. ხოლო ის ფაქტი, თუ რატომ არ გამოვცხადდი 2015 წლის 5 თებერვალს, ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ შევძელი მისვლა. ჩემი ოჯახის წევრს აქვს ასევე ჯანმრთელობის პრობლემა" - აცხადებს გურამ მჭედლიძე.
,,როდესაც წვევამდელები ცხადდებიან, მათ ჩვენი სამედიცინო კომისიის ექიმები ამოწმებენ. თუ პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა სამხედრო სამსახურის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, მას აუცილებლად უარყოფით დასკვნას მისცემენ" - აღნიშნავს კომისარი.
ასე, რომ წელს გურამ მჭედლიძე ჯერ კომისარიატში უნდა გამოცხადდეს და შემდეგ წვევამდელებთან ერთად სამხედრო ექიმებთან გაიაროს სამედიცინო შემოწმება.
ცნობისათვის, 2014 წელს გამწვევ კომისიაზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 611 წვევამდელი იყო გამოძახებული. აქედან სამხედრო სამსახურში 196 გაიწვიეს; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 34-მა წვევამდელმა გაწვევა გადაავადა; მოსაკრებელი ერთმა გადაიხადა; 377 წვევამდელის მასალები კი პოლიციას გადაეცა.
რაც შეეხება 2015 წელს, საგაზაფხულო გაწვევას 778 წვევამდელი ექვემდებარება, აქედან გამწვევი კომისიის მუშაობის ანალიზის მიხედვით, გადავადებას (განთავისუფლებას) 529 წვევამდელი ექვემდებარება.
მათ შორის:
1. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო - 127
2. სტუდენტობის გამო - 115
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო - 176
4. ოჯახური მდგომარეობის გამო (დედისერთა, ცოლშვილიანი) - 57
5. გადაიხადა მოსაკრებელი - 3
6. გამოთქვამს სურვილს, იმსახუროს ალტერნატიულ შრომით სამსახურში - 42
7. სხვა - 9
8. დარჩება გასაწვევი რესურსი - 249
სტატიის გამოყენების პირობები