რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
სხვადასხვა
სისხლიანი 9 მარტის დღეები გორში - 1956 წელი
1956 წლის 9 მარტს თბილისში დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა ჯერაც არ არის ცნობილი. შსს-ს საარქივო სამმართველოში დაცული მასალების მიხედვით, ოფიციალური ინფორმაციით, სროლის შედეგად, 27 ადამიანი დაიღუპა და 54 დაიჭრა, თუმცა, ,,საარქივო მოამბეც" და თვითმხილველებიც აცხადებენ, რომ მსხვერპლი ბევრად მეტი იყო და იმ დღეს 70-დან 100 კაცამდე დაიღუპა.

საღამოს 8 საათისთვის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. შეადგინეს მოსკოვისა და ლენინგრადის ახალგაზრდებისადმი მიმართვის ტექსტი მხარდაჭერის თხოვნით. შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც მიმართვა უნდა გაეგზავნა კავშირგაბმულობის სახლიდან. ისმოდა მუქარა, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში ხელში აიღებდნენ ფოსტა-ტელეგრაფს. სანაპიროზე, ჩამწკრივდნენ ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები.

ხალხი ჯორჯიაშვილის ქუჩით დაიძრა კავშირგაბმულობის სახლისკენ. აქ, ახლოს მისულებს, სახურავიდან დაუშინეს ტყვიამფრქვევის ჯერი. პროსპექტზე მყოფ ჯარისკაცთა დაწოლით ხალხის ტალღამ უკან დაიხია სანაპიროსკენ. აქ მდგომმა ტანკებმა გასრისა სტალინის ძეგლის წინ მყოფი ხალხი. ტანკებს გადარჩენილი დემონსტრანტები სანაპიროს ჯებირებს მიაწყდნენ, რომელმაც ვერ გაუძლო მოწოლას და ადამიანები მტკვარში გადაცვივდნენ.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 1956 წლის თებერვალში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივნმა ნიკიტა ხრუშჩოვმა გააკეთა მოხსენება პიროვნების (სტალინის) კულტის შესახებ. ყრილობაზე გამომსვლელებმა, რომლებიც სტალინის ყველა სიტყვასა და ნამოქმედარს გენიალურს უწოდებდნენ, დაგმეს სტალინის პიროვნების კულტი.

მე-20 ყრილობის საიდუმლო ტექსტი მაშინვე ცნობილი გახდა საქართველოში. ქართველებმა მისი "საპროგრამო სიტყვა" ქართველი ერის შეურაცხყოფად აღიქვეს, რასაც თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მოჰყვა. 1956 წლის 3 მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში, გორში და სხვა ქალაქებში. ქართველმა სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მოაწყვეს მსვლელობა. 7 მარტს დემონსტრანტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ. საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა. დემონსტრანტებს ინტელიგენციის ნაწილი და მასში მონაწილე ახალგაზრდების მშობლებიც შეუერთდნენ. 8 მარტს კი დემონსტრანტებს მხარდაჭერა თბილისის სხვადასხვა ქარხნისა და ფაბრიკის მუშებმაც გამოუცხადეს.

,,9 მარტის სისხლიანი მოვლენების" მკვლევარები წერენ, რომ აქციების დროს, ახალგაზრდებში საბჭოთა კავშირიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ლოზუნგებიც ისმოდა.

ქ. გორში მოქალაქეთა გროვა სტალინის ძეგლთან 9 მარტის დილიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახალგაზრდები, სტუდენტები, კოლმეურნეები თბილისიდან, სხვა ქალაქებსა და რაიონებიდან მანქანებით, პლაკატებით, ლენინისა და სტალინის პორტრეტებით
ორგანიზებულად მოედინებოდნენ. დღის მეორე ნახევარში ქალაქის მოედანი და მიმდებარე ქუჩები ხალხით იყო სავსე. გათავხედებული ახალგაზრდობა ცდილობდა თბილისი-მოსკოვის #14 მატარებელზე აჭრას. თავს დაესხნენ ქვებით, ჯოხებით, რკინის მილებით, ჩაამტვრიეს მინები და მატარებლის მოძრაობა შეაყოვნეს 38 წუთით.


9 მარტი და გორი

შსს არქივში დაცულია სისხლის სამართლის საქმე (საქ. #5624), რომელიც მაყვალა ალექსანდრეს ასულ ოქროპირიძეზე, როგორც მიტინგის ერთ-ერთ ხელმძღვანელზე, აღიძრა. მასში დევს დოკუმენტი, რომელიც ქრონოლიგიური სიზუსტით აღწერს გორში განვითარებულ მოვლენებს...

ი. ბ. სტალინის გარდაცვალების მესამე წლისთავთან დაკავშირებით, 1956 წლის 5, 6, 7 და 8 მარტს ქალაქ გორისა და საქართველოს სხვა ქალაქების მცხოვრებლები მიდიოდნენ სტალინის სახელობის მოედანზე და მის ძეგლს გვირგვინებით ამკობდნენ. ქალაქის ახალგაზრდობა უწყვეტ რეჟიმში მორიგეობდა, მონუმენტთან მუდამ იდგა საპატიო ყარაული. მოედანზე კარავი იყო გაშლილი, იქვე ახლოს კოცონი ენთო, სადაც მორიგეები თბებოდნენ.

საპატიო ყარაულის ცვლას 1926 წელს დაბადებული, უპარტიო, არტელ ,,ლიახვის" მკერავი მერი იოსების ასული ჯიოევა ხელმძღვანელობდა. იგი საკუთარ თავს ხან ჯუღაევად, ხან კი ჯუღაშვილად მოიხსენიებდა.

აღნიშნულ დღეებში ტრიბუნაზე გამოდიოდნენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. წარმოთქვამდნენ ლექსებს, რომლებიც, ძირითადად, სტალინის ხსოვნას ეძღვნებოდა. ლექსების უმრავლესობა ბელადის სიცოცხლეშივე იყო შექმნილი. მათი შინაარსი არ იყო ანტისაბჭოთა ან ანტიპარტიული და არც ვინმეს წინააღმდეგ მიმართული.

ქალაქში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა 1956 წლის 9 მარტს აღნიშნავს სტალინის გარდაცვალების მესამე წლისთავს, გორში დიდი რეზონანსი მოჰყვა. 9 მარტს სტალინის სახელობის მოედანზე დილიდანვე დაიწყო ხალხის მოზღვავება. ქალაქში მიტინგი ოფიციალურად 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

დაახლოებით 12:00 საათზე ტრიბუნაზე მიკროფონები და რეპროდუქტორები დააყენეს, ამ ფაქტმა ახალგაზრდობა აღაფრთოვანა, რადგან მიტინგი უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენდა.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისიდან ჩასულ სტუდენტებს თან ჰქონდათ მიკროფონები და ხმის გამაძლიერებლები იმ შემთხვევისთვის, თუკი მიტინგის მსვლელობისას რაიმე ტექნიკური პრობლემები წარმოიქმნებოდა.

13:00 საათზე ტრიბუნაზე ქალაქის პარტიული ელიტის წარმომადგენლები ავიდნენ. მიტინგი მშრომელთა დეპუტატების გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე გრიგოლ ზერეკიძემ გახსნა და სიტყვა. მან საქართველოს კპ გორის რაიკომის მდივანს, XX საკავშირო პარტიული ყრილობის დელეგატს, იოსებ რთველიაშვილს გადასცა.

გამომსვლელები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. შემდეგ მიკროფონთან მივიდა გორის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი ვასილ ჩოფიკაშვილი, რომელიც პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი ხარაულმა ჩაანაცვლა...

აღსანიშნავია, რომ რთველიაშვილის გამოსვლის დროს, ჭავჭავაძის ქუჩიდან მომიტინგეებს ნელი სვლით სატვირთო მანქანა მიუახლოვდა, რომელზეც განთავსებული იყო დეკორაციები სპექტაკლიდან - ,,ბელადის სიყმაწვილე”. მსახიობებმა იქვე წარმოადგინეს ნაწყვეტი აღნიშნული დადგმიდან. ლენინის როლს ასრულებდა ლომიძე, ხოლო სტალინისას _ არაქელოვი.

სპექტაკლის ეს ფრაგმენტი დამახინჯებული იყო, განსაკუთრებით ის სცენა, როდესაც გენერალსიმუსის ფორმაში გამოწყობილი სტალინი ხვდება ლენინს, რომელსაც უბრალო ჯარისკაცის ფორმა ეცვა. მანქანის კაბინაში თეატრის მთავარი რეჟისორი სიმონ გიორგის ძე ვაჩნაძე იჯდა. როცა სატვირთო მანქანა ტრიბუნის საპირისპიროდ გაჩერდა, ის წამოიმართა და მხურვალე ტექსტი წარმოთქვა.

ამ დროს სიტყვით რთველიაშვილი გამოდიოდა, რომელსაც ვაჩნაძემ, ფაქტობრივად, გამოსვლა შეაწყვეტინა. რეჟისორი ხალხს დაჰპირდა, რომ თეატრი შეეცდება, უფრო მეტად გააღრმავოს შემოქმედებითი პროცესი და დახვეწოს ბელადების სახეები. ამის შემდეგ მსახიობები გაემართნენ სტალინის სახლ-მუზეუმისკენ, მოგვიანებით კი გაემგზავრნენ თბილისში, რათა სტალინის ძეგლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ.

მსახიობებს ამგვარი გამოსვლები და, მით უმეტეს, თბილისში გამგზავრება გორის ქალაქკომის მდივნის მიერ სასტიკად ჰქონდათ აკრძალული. ეს თეატრის რეჟისორმა ვაჩნაძემ იცოდა, მაგრამ უმაღლესი პარტიული ორგანოების მითითებებს არ დაემორჩილა.

ამხანაგ გრიგოლ ზერეკიძეს მიტინგის დასრულება სურდა, ამის საშუალება კი ტრიბუნაზე მყოფმა ახლგაზრდებმა არ მისცეს. ისინი, ძირითადად, თბილისიდან ჩასული მოხულიგნო ელემენტები იყვნენ.

მათ დაბლოკეს მიკროფონთან მისასვლელი გზა და ქალაქის უმაღლესი პარტიული ორგანოების წარმომადგენლები ტრიბუნას ჩამოაშორეს. ამ დროს მიკროფონთან მივიდა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, 1931 წელს დაბადებული აპოლონ ივანეს ძე ჟორდანია, რომელმაც ხალხს მიტინგის გაგრძელებისკენ მოუწოდა. მან ვრცლად ისაუბრა სტალინის დამსახურებაზე საბჭოთა ხალხის წინაშე, შემდეგ კი ერთმანეთს შეადარა საბჭოთა კავშირის უმაღლესი ნომენკლატურის წარმომადგენლების გამოსვლები მეცხრამეტე და მეოცე ყრილობებზე.

მოწმეთა ჩვენებით, ჟორდანიას თავის გამოსვლაში ანტისაბჭოთა ლოზუნგები არ გაუჟღერებია.

ჟორდანიას გამოსვლის შემდეგ მიკროფონთან მიდიოდა ყველა, ვისაც კი ამის სურვილი ჰქონდა. არასანქცირებული მიტინგის ხელმძღვანელობა კომკავშირის წევრმა, გაზეთ ,,სტალინელის“ თანამშრომელმა, 1932 წელს დაბადებულმა მაყვალა ალექსანდრეს ასულმა ოქროპირიძემ ითავა. მან წაიკითხა მომიტინგეთაგან ანტისაბჭოთა შინაარსის წერილები.

გამომსვლელები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ... მოგვიანებით მილიციამ მაყვალა ოქროპირიძე დააპატიმრა.

1956 წლის 9 მარტის საღამოს მომიტინგეებს კომუნისტური პარტიის წევრმა, გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორმა, 1912 წელს დაბადებულმა სიმონ ალმასხანის ძე ციცქიშვილმა მიმართა. ის მიესალმა ახალგაზრდების წამოწყებას და განაცხადა:

- დროა, ზოგიერთი პოლიტიკური საკითხი ხალხმა გადაწყვიტოსო. მან იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტები დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. გამოსვლა კი დაასრულა ლოზუნგით ,,გაუმარჯოს ხალხის ძალას!”

ს. ციცქიშვილის შემდეგ მიკროფონთან მივიდა საქ. კპ ცკ-თან არსებული მარქსიზმლენინიზმის საღამოს ინსტიტუტის გორის ფილიალის დირექტორი მაზმიშვილი,რომელმაც განაცხადა: XX საკავშირო პარტიულ ყრილობაზე ,,პიროვნების კულტის” წარმოთქმული გამოსვლა არ ეხება არც სტალინს, არც მარქსს და ენგელსს, რადგან ისინი უბრალო მოღვაწეები არ ყოფილან და მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსებს წარმოადგენენ, რომლებმაც ადამიანთა ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს.

9 მარტს, ოფიციალური მიტინგის დასრულების შემდეგ, მაყვალა ოქროპირიძემ რამდენჯერმე გამოაცხადა, რომ მოეყვანათ გორის რაიკომის მდივანი რთველიაშვილი, რათა მას ხალხისთვის დაწვრილებით მოეთხრო XX პარტიული ყრილობის დეტალები.

მომიტინგეებს ახალგაზრდების დიდი ნაწილი გამოეყო. ისინი რთველიაშვილის სახლისკენ გაემართნენ. მათ შორის იყო გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატის კომკავშირის მდივანი დვალი. სახლში  შეჭრილ ახალგაზრდებს რაიკომის მდივანი ადგილზე არ დახვდათ. ხალხი რაიკომისკენ დაიძრა, მაგრამ რთველიაშვილმა მოასწრო და სოფელ ხელთუბანს შეაფარა თავი.

მიტინგზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილიციამ დააკავა პიროვნება, რომელმაც რესტორანში ვითომდა სტალინის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. აქციის მონაწილეებმა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. მომიტინგეებს დაახლოებით სამასამდე ადამიანი გამოეყო. ისინი ქალაქის მილიციის შენობისკენ გაემართნენ. ადგილზე მისულებმა მორიგეს დაკავებული პირის

გათავისუფლება მოსთხოვეს. საქართველოს სსრ მილიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ გიორგი შალამბერიძის განკარგულებით, დაკავებული კვიცარიძე გაათავისუფლეს, რომელიც სინამდვილეში ხულიგნობის გამო იყო დაპატიმრებული. გათავისუფლებული კვიცარიძე მიტინგზე მივიდა და სიტყვით გამოვიდა. სამი დღის შემდეგ მილიციამ ის კვლავ დააპატიმრა და ხულიგნობისთვის გაასამართლა.

9 მარტს, საღამოს, როდესაც მიტინგზე პროვოკაციული გამოსვლები გახშირდა, სიტყვით გამოვიდა გორის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის პირველი ნაწილის ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი კუხიანიძე. იგი მოგვიანებით მილიციამ დააპატიმრა.

10 მარტს, ღამით, სტალინის მოედანზე მხოლოდ მორიგეები იმყოფებოდნენ, მათ მიუახლოვდა ,,ზიმის“ მარკის ავტომანქანა ტაქსის ტრაფარეტით. მანქანიდან დაახლოებით ცხრა ადამიანი გადმოვიდა, თან ჰქონდათ წითელი დროშა, რომელიც საპატიო ყარაულში მდგომ ახალგაზრდებს აჩვენეს და უთხრეს, რომ ეს დროშა მათი თანამოძმეების სისხლით იყო გაჟღენთილი, რომლებიც 9 მარტს თბილისში დახვრიტეს.

ამის დასტურად ერთ-ერთმა სტუმარმა სთხოვა, სისხლიან დროშას ხელით შეხებოდნენ...
ის მართლაც სისხლიანი აღმოჩნდა. შემდეგ სტუმრები საპატიო ყარაულში მდგომ ახალგაზრდასთან ერთად მანქანაში ჩასხდნენ და გორის პედაგოგიური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლისკენ გაემართნენ.

უცნობმა პიროვნებამ ავტომობილიდან დროშა გადმოიღო, საერთო საცხოვრებელში შევიდა და სტუდენტებს აჩვენა, თან უამბობდა, თუ როგორი სისასტიკით გაუსწორდნენ თბილისში მომიტინგეებს და როგორ დახვრიტეს აქციის მონაწილეები. ბოლოს კი სთხოვა, მომიტინგეთა მხარდასაჭერად დედაქალაქში წასულიყვნენ...ახალგაზრდების ნაწილი გორის ცენტრისკენ დაიძრა.

მღელვარება პიკს აღწევდა. სტუდენტები სტალინის მოედნიდან გორის ბამბეულის კომბინატისკენ დაიძრნენ. ადგილზე მისულებმა ყარაული მოხსნეს და ერთ-ერთ ცეხში შევიდნენ. მუშებს აჩვენეს სისხლიანი დროშა, აუხსნეს საქმის ვითარება და სთხოვეს,

სამუშაო შეეწყვიტათ და მომიტინგეთა მხარდასაჭერად თბილისში წასულიყვნენ. მათ დანარჩენი მუშებიც გააღვიძეს და დაახლოოებით სამასამდე კაცი გორის სატრანსპორტო კანტორისკენ დაიძრა.

ადგილზე მისულები ღობეზე გადაძვრნენ, ავტოსადგომიდან გამოიყვანეს სამი ავტობუსი, ერთი სატვირთო მანქანა და თბილისისკენ გაემგზავრნენ. მომიტინგეთა ნაწილმა, რომელთათვისაც ტრანსპორტში ადგილი არ მოიძებნა, მატარებლით დააპირა დედაქალაქში ჩასვლა. ზემოთ ხსენებული ცხრა პირი, ვინც 10 მარტს ღამით თბილისიდან გორში ჩავიდა, მცხეთაში დააკავეს. ჩხრეკის დროს დროშა არ აღმოაჩნდათ. მცხეთაშივე დააკავეს ავტობუსები და მგზავრები ჩამოსვეს, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს რკინიგზის სადგურამდე მისვლა და თბილისში მატარებლით ჩავიდნენ.

დროშებითა და ბელადის პორტრეტებით ,,შეიარაღებულნი”, ჩელუსკინელების ქუჩისკენ გაემართნენ. როგორც კი პლეხანოვის პროსპექტს მიუახლოვდნენ, სამხედრო პატრულმა დააკავა და ყველა ერთად სპეციალური ვაგონებით უკან, გორში გააბრუნა.

1956 წლის 10 მარტს გორში, სტალინის სახელობის მოედანზე მიტინგი კვლავ გაგრძელდა, მაგრამ ხალხის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.  კომკავშირის წევრმა, ქარელის რაიონის სოფელ დირბში მცხოვრებმა, 1931 წელს დაბადებულმა ზინა არსენის ასულ გავაშელიშვილმა, თოჯინებით იმპროვიზირებული წარმოდგენა დადგა. მოგვიანებით ეს პიროვნება მილიციამ დააკავა და სისხლის სამართალის პასუხისმგებლობა დააკისრა.

9 და 10 მარტის მიტინგში აქტიურ მონაწილობას იღებდა ქალაქ გორში მცხოვრები, 1931 წელს დაბადებული, უპარტიო, პროფესიით მხატვარი რემიკ იოსების ძე სტეპანოვი. ის აგროვებდა მომიტინგეთა შინაარსის წერილებსა და განცხადებებს.

როდესაც გამოცხადდა, რომ მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდებოდა, მოსწავლეახალგაზრდების ნაწილი მონუმენტთან სამორიგეოდ დარჩა. 1956 წლის 11 მარტს ღამით ქალაქ გორში, სტალინის სახელობის მოედანზე მილიციის თანამშრომლებმა 39 ადამიანი დააკავეს. მათი უმრავლესობა სკოლის მოსწავლე იყო. ამის შემდეგ მთლიანი ტერიტორია საჯარისო ფორმირებებმა დაიკავეს, სრული ბლოკირება მოახდინეს და ტრიბუნაზე აღარავის უშვებდნენ.


წყარო:

,,საარქივო მოამბე"
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის
კოლმეურნეობას!

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

19:30 / 21.09.2019
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
17:45 / 13.06.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.