26.11.2015 გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითში, რომელიც გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს, სასმელი წყალი საუბნო ონკანებიდან იმ დროს მოვიდა, როდესაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები ჩავიდნენ. ქვემო ხვითელები წყალს სახლებში გადათხრილ გზებზე გავლით ეზიდებიან.
26.11.2015 ქარელის რაიონის სოფელ კნოლევის არასრული საჯარო სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა აგვისტოს ომის შემდეგ 50%-ითაა შემცირებული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში სკოლის დირექტორი თინათინ კოკოლაშვილი აცხადებს. ამჟამად, 9 წლიან სკოლაში 18 მოსწავლე ირიცხება.
26.11.2015 გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში გამავალ მთავარ სარაინოთაშორისო მაგისტრალზე მიწა ამოთხარეს, თუმცა პირვანდელ მდგომარეობას აღარ დაუბრუნეს. გორი-უფლისციხისა და გორი-კასპისკენ მიმავალი ავტომანქანები თხრილში ისე ვარდება, რომ საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნებიც კი არაა დამონტაჟებული.
25.11.2015 შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, 2013-2015 წწ-ში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა კასპს ერგო. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა კულტურის ცენტრის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ანგარიშის წარდგენისას განუცხადა. შეხვედრაზე კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი არ მიიწვიეს.
25.11.2015 ქარელში, მარჯანიშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ასფალტი ჩაინგრა. ამის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ნუგზარ დაბრუნდაშვილს აცნობეს. დაბრუნდაშვილმა ისინი, ჯერჯერობით, უარით გაისტუმრა.
25.11.2015 გორის რაიონის სოფელ მერეთის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობა სანაგვე ურნების დადგმას ითხოვენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს ადგილობრივებმა განუცხადეს. მათი თქმით, სოფელში ახლადდამონტაჟებული ჭაბურღილიც სრული დატვირთვით არ მუშაობს.
17.11.2015 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციამ,
„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, მუნიციპალიტეტის 9 თვიანი საქმიანობა
დადებითად შეაფასა. ამ 9 თვეში გამგეობამ 5 მილიონი ლარი ვერ
აითვისა.
პარტია „ქართული ოცნების“ წევრებმა განგაში ატეხეს და ინფრასტრუქტურის
სამსახურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს.
გამგეობამ კი ჯოხი ზედამხედველობის სამსახურზე გადატეხა.
გამგეობის მუშაობა უარყოფითად კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" შემავალმა პარტია „ქართულმა ოცნების“ წარმომადგენლებმა შეაფასეს, ამავე კოალიციაში შემავალმა „ეროვნულმა ფორუმმა“კი - დადებითად. ,,ნაციონალების" პოზიცია ,,ქართულ ოცნებას" დაემთხვა, ხოლო ქართული პარტიის 4 ხმა ეროვნულ ფორუმს მიემატა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პარტია ,,ქართული ოცნებიდან" სოსო ვანიშვილი ამბობს, რომ 9 თვის განმავლობაში გამგეობამ 4 მლნ 800 ათასი ლარი ვერ აითვისა. ფაქტობრივად, 3 კვარტლის შედეგებს უარყოფითი შეფასება მისცა.
„ნოემბრის თვეა უკვე. ამ ასათვისებელ თანხას ხომ მოემატება მეოთხე კვარტლის შესასრულებელი სამუშაოს თანხა? კიდევ დაემატება ასათვისებელი თანხა. ყველაფერი ნათელია და რა განმარტებას ვითხოვთ ბატონებო?“ - კითხულობს ნიაზ ნიაზაშვილი პარტია ,,ქართული ოცნებიდან".
სოფელ ტინისხიდის მაჟორიტარი დეპუტატი კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან", მარლენ ნადირაძე ითხოვს, რომ დაკონკრეტდეს, ვინაა დამნაშავე ამ აუთვისებელი თანხების გამო.
„აქ რომ რამე დარღვევა იყოს და დავრწმუნდე ამაში, ვერავინ ვერ დამასწრებს გამგეობის წინააღმდეგ ხმის მიცემას. არც გია წვერავასი მომერიდება და არც დათო ონიაშვილისა, ხმამაღლა რომ ვთქვა. თუ საჩხუბარია, მაგრადაც მიჩხუბია ხოლმე. მე მინდა დავწრმუნდე, ვისი ბრალია?“ - ამბობს მარლენ ნადირაძე.
რევაზ გოგიაშვილი, მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი, ხელს ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი თანამშრომლებისკენ იშვერს:
„ზედამხედველობის სამსახურმა, იმ დრომდე რა დრომდეც მუშაობდნენ თანამდებობებზე თავის საქმე გააკეთეს, თუმცა პასუხისმგებლობას გაექცნენ“- განაცხადა რევაზ გოგიაშვილმა.
გია წვერავა (გამგებლის მოადგილე) „ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვიბრალებია. უბრალოდ, პასუხისმგებლობა იგრძნეს ადამიანებმა იმის გამო, რომ ზოგადად ალბათ რაღაც დაგვიანება მოხდა და მათ საკუთარი ნებით დაწერეს განცხადებები“
სოსო ვანიშვილი გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსისგან და გამგებლის მოადგილისგან იმის აღიარებას ითხოვს, რომ საქართველოს მასშტაბით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელობამ მუშაობას თავი ვერ გაართვა.
„იმას ხომ ვერსად ვერ წაუხვალთ, რომ რეგიონიდან გამოყოფილი თანხის 2 მილიონზე მეტი, საერთოდ, დავკარგეთ? იმას ხომ ვეღარ იტყვით, რომ ავითვისეთ? ის სხვა თემაა ხომ? საერთო ჯამში 7 მილიონი ლარი გვაქვს დაკარგული და უფრო მეტი დაიკარგება წლის ბოლომდე“ - კვლავ სიტყვა ითხოვა ნიაზ ნიაზაშვილმა.
თემურ აფხაზაშვილს, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საკუთარი ვერსია აქვს: „მთავრობამ ძალიან მორცხვად მოახერხა, რომ სეკვესტრი გაეკეთებინა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ლარის კურსის გამო და ეს არის ცნობილი პროცესები, რათა ჯოხი გადატეხილიყო ყველაზე დაბალ რგოლზე, თვითმმართველობაზე“.
„იმის ნაცვლად, რომ პროექტები მაისის ბოლოს ყოფილიყო მზად, მე პირადად სექტემბერში მითხრეს, როგორც სოფლის დეპუტატს, რომ პროექტი მზადაა. თუმცა, როცა პროექტი წლის ბოლოსაა მზად, მის თანხას აღარვინ მოგცემს იმავე წელს“ - ლიანა კოვზიაშვილი, ,,ქართული ოცნება".
„მართალია, პარლამენტარი ჩაერთო ამ საქმეში, მაგრამ პრემიერის წარმომადგენელი არ ჩაგვირთავს. არ გვეხმარება და იმიტომ" - განაცხადა გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა ჰკითხა:
,,თქვენ ამბობთ, რომ მაჟორიტარი პარლამენტარი გეხმარებოდათ, მაგრამ ვერაფერი გააკეთა. ჩართეთ ამ საქმეში პრემიერი ან მისი წარმომადგენელი?" - რაზედაც გოგიაშვილისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თევდორე ხოსრუაშვილი მუნიციპალიტეტს არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ გამგეობა არაეფექტურად მუშაობს:
თევდორე ხოსრუაშვილი: „3 თვის წინაც 2 კვარტლის შეჯამების დროს უარყოფითად შევაფასეთ ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. დაგვპირდნენ, რომ თანხებს ავითვისებთო, მაგრამ ვერ აითვისეს. ახლა ეს თანხა 4 მილიონზე ავიდა"
სიტყვა ითხოვა სოფელ ძევერის მაჟორიტარმა დეპუტატმა მევლუდ პურიჭამიაშვილმა:
,,ეხლა ჩემი დეეყარა, მე უნდა ვთქვა სიტყვა. ჩემ სოფელში ასვალტი კაპიტალკა გაკეთდა, სხვა ბევრი რამ გაკეთდა. ჩემი სოფლის მაგალითზე ვიტყვი, რომ საქმე კეთდება და ამიტომ გამგეობის მუშაობას დადებითად ვაფასებს" - ამბობს მევლუდ პურიჭამიაშვილი.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი არკვევს იმ საკრებულოს წევრების ვინაობას, რომლის ოჯახების წარმომადგენლები გამგეობამ სხვადასხვა სამსახურებში დაასაქმა, სამაგიეროდ კი გამგეობამ 33 დეპუტატიდან 18 დადებითი ხმა მიიღო.
17.11.2015 გორის უნივერსიტეტთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია ,,ჩუქურთმა" სოლო კონცერტისთვის ემზადება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ანსამბლის ხელმძღვანელმა თემურ ტატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, უნივერსიტეტთან არსებული ანსამბლი წლებია წარმატებით ფუნქციონირებს, ხოლო გასტროლებს საზღვარგარეთაც აწყობს.
16.11.2015 გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ კნოლევში ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაოები მთავრდება. რამდენიმე ოჯახში გაზქურები აანთეს, თუმცა გასათბობად ბუნებრივ არის წელს ჯერ მაინც ვერ გამოიყენებენ.
16.11.2015 თბილისი-სენაკის მაგისტრალის ხაშურის მონაკვეთზე, სოფელ გომთან, სამი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა 5 ადამიანი.


