რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
აფიშის მიღმა (VIDEO)


პრემიერის დასასრულს, მით უფრო მაშინ, როდესაც სპექტაკლი სრული ანშლაგით მიდის, რეჟისორებისთვის, მსახიობებისა და მაყურებლებისთვისაც ყველაზე სასიამოვნო კულმინაცია ფეხზე წამომდგარი დარბაზი და აპლოდისმენტებია. ხშირად ისეც ხდება, რომ მსახიობები სცენაზე ორჯერ ან სამჯერაც კი ბრუნდებიან ტაშის მოსასმენად, თუმცა დარბაზში მყოფთაგან ცოტამ თუ იცის, სცენაზე მდგარი ადამიანების გარდა, კიდევ რამდენის შრომაა საჭირო იმისთვის, რომ რეჟისორის ჩანაფიქრი და შესაბამისად, საღამოს ამგვარი კულმინაცია დაიბადოს.


გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის თანამშრომელი ჟუჟუნა თომაშვილი უკვე 24 წელია აქ მუშაობს. სპექტაკლისათვის კოსტუმებსა და ქუდებს, სცენისთვის კი ფარდებს კერავს. ყველაფერს, რასაც შეიძლება თეატრში ნემსი და ძაფი დასჭირდეს, ჟუჟუნა აკეთებს. ამ დამსახურებისათვის მან თეატრალური საზოგადოების ჯილდო "ამაგდარიც" მიიღო. პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ის თეატრალურ ცხოვრებას სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა.

"1997 წლიდან ვმუშაობ, მას მერე ვკერავ და ვკერავ. მაშინ სამუშაო ადგილები ძალიან ჭირდა ამიტომ ვიღაცამ მირჩია, რომ თეატრში მკერავის ადგილი იყო ვაკანტური. მეც უყოყმანოდ მოვედი. ხელფასი 14 ლარი მქონდა. ძმა მოქანდაკე მყავდა. ხელოვანი ადამიანი იყო, ამიტომ თეატრის დასიდან ბევრი იცნობდა და მეც არ გამიჭირდა აქ დამკვიდრება. კარგად მახსოვს პირველი სპექტაკლი რაზეც ვიმუშავეთ, ეს იყო "მამა". მაშინ ალექსი ჯაყელი იყო ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი. თავიდან მიჭირდა გაცნობიერება რა ხდება? როგორ ხდება? საკერავი მანქანა კი იყო, მაგრამ მხატვრებთან და რეჟისორებთან ურთიერთობა ცალკე საქმეა, რადგან არ იცი ზუსტად, რა უნდათ, როგორ უნდათ. ზოგჯერ კოსტიუმი არის, მაგრამ მიზანსცენა რა უნდათ, ეს უნდა გაითვალისწინო. პირველი სპექტაკლის ტანსაცმელზე მთლიანად ვიმუშავე. კაბა შევკერე და შარვლები. თან მაშინ ისეთი პირობები იყო, არც შუქი არც გაზი, ციოდა, გაყინულები და მშივრები ვიყავით, რას ვაკეთებდი, თვითონაც არ ვიცოდი. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვმუშაობდით და ღამეებს ვათენებდით რომ პრემიერამდე ყველაფერი მოგვესწრო", - ამბობს ჟუჟუნა და იხსენებს, რომ როდესაც სამუშაოს დასრულება უჭირდა და პრემიერა ახლოვდებოდა ნერვიულობისგან უტირია კიდეც.

"ხანდახან ჩვეულებრივ შარვალ-კოსტუმს ვკერავ, ხან ეს ყველაფერი ძალიან უნდა იყოს გადაპრანჭული. მაინც სიამოვნებაა, შრომატევადი სამუშაოს შემდეგ რომ გამოვიპრანჭებით, პრემიერაზე მოვდივართ და ჩვენს ნამუშევარს ვუყურებთ. ამ დროს შეიძლება გვერდით გეჯდეს მაყურებელი და წარმოდგენა არ ჰქონდეს, რომ ეს ამდენი რამე ჩაცმულობიდან დაწყებული ფარდებით დამთავრებული, მე შევკერე."

ჟუჟუნა გვიხსნის, რომ სანამ საქმეში მკერავი ჩაერთვება, სპექტაკლის დადგმისას თითოეული დეტალი ნაბიჯ-ნაბიჯ განიხილება. რეჟისორმა ჯერ პიესა უნდა აიღოს, შემდეგ მხატვართან მიზანსცენები განიხილოს, ამის შემდეგ, მხატვარმა ესკიზები უნდა შექმნას და ბოლოს საქმეს მკერავი უნდა შეუდგეს.

"მე მხატვარს ვუთანხმდები ნაჭერი როგორი გვინდა, რა ზომის და შემდეგ ვიწყებ მუშაობას.

სულ 120 სპექტაკლზე და 30-მდე რეჟისორთან ვიმუშავე. აი, ახლა ვმუშაობ ასმეოცეზე. ამ სპექტაკლს "თოჯინების სახლი" ჰქვია. შესაკერი ბევრი არ მაქვს. მხოლოდ სამი კაბაა და მოსაცმელი", - გვეუბნება ჟუჟუნა და გვიყვება, რომ ხელსაქმე ბავშვობიდან უყვარდა და კერვაც თავად ისწავლა.

"როდესაც ზღაპრები იდგმება, მიხარია, რადგან საინტერესო კოსტიუმებზე მიწევს მუშაობა რაც ძალიან მსიამოვნებს. როდესაც მხატვარს მოაქვს ესკიზი, მეც ვიჩენ ინიციატივას, რომ რამე დავამატო. მაქვს გამორჩეული და საყვარელი სპექტაკლები. "დანტონზე" ვიმუშავე ბევრი, გამორჩეულად მიყვარს. "სამეფოო ძველთა ძველო", იყო ასეთი სპექტაკლიც, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი შეიკერა, პლუს გრანდიოზული ფარდა, რომელზეც ათი დღე და ღამე ვიმუშავე. მიყვარს ჩემი საქმე, მაგრამ ეს პროფესია დაუფასებელია. თეატრი მსახიობის არის და ის უნდა ჩანდეს. ტექნიკური მხარე ნაკლებად. მხოლოდ მე ხომ არ ვარ? სცენის მუშები რამდენს წვალობენ. ტექნიკური მხატვრები, დურგლები, რომლებიც დეკორაციებზე მუშაობენ..." - გვიყვება ჟუჟუნა თომაშვილი.

მისი კოლეგა ინა ლომაური 22 წელია, თეატრის თანამშრომელია.მბობს, რომ წლების განმავლობაში ჯერ კონცერტმეისტერად მუშაობდა, შემდეგ კი, შტატების შემცირება მოხდა. გარდერობს სხვა ხელმძღვანელი ყავდა, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ინა ხელმძღვანელად გადაიყვანეს. პერსონაჟებისათვის შექმნილი ყველა სასცენო ტანისამოსი ახსოვს და მას შემდეგ თითოეულის ადგილმდებარეობაც ზეპირად იცის.

"1999 წლიდან ამ საქმეზე ვმუშაობ. ეს გარდერობი განახლდა ახლა პანდემიის დროს. მანამდე დაბლა ვიყავით პატარა ოთახში, სადაც არ ეტეოდა ამდენი ტანსაცმელი. ამ გარდერობის შექმნაში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. ეს ტანსაცმელი აქ იკერება, აქ იქმნება და ბუნებრივია, რომ გვჭირდებოდა დიდი ოთახი. ჩვენი მკერავი ქალბატონი ჟუჟუნა ძალისხმევას არ ზოგავს, რომ შეკეროს ისეთ კოსტიუმები, როგორიც სპექტაკლს სჭირდება. როდესაც მოდიან მხატვრები, უკვე თავისუფლად არჩევენ მათთვის საინტერესო და საჭირო კოსტიუმს ან რეკვიზიტს."

ინა ცხინვალიდან დევნილია და გორში 90-იან წლებში დასახლდა.

"გორის თეატრი არის ჩვენი მეორე ოჯახი. ალბათ სახლში არ ვატარებთ იმდენ დროს, რამდენსაც აქ. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს თეატრი დაკეტილი იყო, მაინც შემოვდიოდით რამდენიმე თანამშრომელი და პირბადეებით ვმუშაობდით. იცით როგორი რაღაცაა? წყალივით მიდის ეს საქმე და გინდა სულ აკეთო. გიყვარს და არ იღლები ამ ყველაფრის კეთებით. აქ ძალიან ბევრი საქმეა. არავინ თქვას, რომ გარდერობი ძალიან ადვილია. თავიდან ჩემთვისაც ძალიან რთული იყო და მერე უკვე ალღო ავუღე საქმეს. მინდა, რომ ახალგაზრდები მოვიდნენ და დაინტერესდნენ ამ საქმით. ადრე კი იყო რაღაც დასაქმების პროგრამა და რამდენიმე გოგო მოვიდა. როდესაც შეხედეს რას ვაკეთებდი, შეწუხდნენ, " ვაიმე, რა რთულია ამდენს როგორ აუდიხართ", - მკითხეს. მე კი ვფიქრობ რომ საერთოდ არ არის რთული, თუ კი მოინდომებ, შეძლებ", - ინა გვეუბნება, რომ თეატრი სხვა სამყაროა, სადაც შედიხარ და უკან გამოსვლა აღარ გინდა.

"მოდიან სპექტაკლზე და შენს ამ ნამუშევარს ხედავს მთელი ქალაქი. გაფასებენ, გიცნობენ. უფლის მადლობელი ვარ, რომ თეატრი ჩემი მეორე ოჯახია. ძალიან კარგი კოლეგები გვყავს მე და ჟუჟუნას სხვადასხვა რეგიონში. სამწუხაროდ, მათაც არავინ იცნობს. იცით, სულ მაქვს ის განცდა რომ მინდა გავიცნო ვიღაც ახალი და საინტერესო ადამიანი, თუნდაც ზუგდიდის თეატრიდან, რუსთავის თეატრიდან, გურიიდან. არანაკლებ შრომას ეწევიან ისინიც და არანაკლებად საინტერესეო ადამიანები არიან."

ინა ფიქრობს, რომ მთელ თავის ცხოვრებას თეატრში გაატარებს - თეატრის გარდერობში, სადაც უამრავი პერსონაჟი ცოცხლდება.

"სანამ შემეძლება აქ ვიმუშავებ, თავს არ დავზოგავ და ჩვენს მსახიობებს, მხატვრებს და რეჟისორებს ვაჩუქებთ კიდევ ბევრ ლამაზ დღეს. ერთხელ თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ მითხრა, შენს კოსტიუმებს მუსიკალურად ესაუბრეო. მართლაც, როდესაც მარტო ვრჩები გარდერობში გამუდმებით ვლაპარაკობ. ზეპირად ვიცი სად რა კოსტუმი მიდევს", - გვიყვება ინა და წუხს, რომ მათი შრომა სათანადოდ მაინც არ ფასდება.

"ამას ძალიან დიდი დაფასება უნდა. წახალისება უნდა თუნდაც ხელფასით. ძალიან დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, რადგან წელს გავხდით "ამაგდრები" და ძალიან გაგვიხარდა ეს პატარა ჯილდო. ახლა უფრო მეტი მოტივაცია გვაქვს. ჟუჟუნა ძალიან უყვარს მთელ კოლექტივს და ვუსურვებ დიდ ენერგიას. იმის გარდა, რაც თეატრს ეხება ყველა მასთან მოდის "ჟუჟუნა ეს გადამიკეთე", ჟუჟუნა ის გადამიკერე", ჰო, და ჩვენი ჟუჟუნაც თვალდახუჭული აკეთებს თავის საყვარელ საქმეს."

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 3 აპრილს მაყურებელს პრემიერით დაუბრუნდა.

ფლორიან ზელერის ტრილოგიის პირველი ნაწილი "ვაჟიშვილი" რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა დადგა.

თეატრმა ივნისის თვეც ახალი დადგმით დაიწყო. 4 ივნისს გაიმართა სპექტაკლის "სიყვარული შობს სიყვარულს" პრემიერა რომლის რეჟისორც გახლავთ ელენე მაცხონაშვილი. აგრეთვე 6 ივნისს შედგა პრემიერა რეჟისორ თომა ათანელიშვილისა "თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ"



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.