რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ახალგორელების ცხელი ზაფხული
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, 25 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის 13 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული. სულ პანდემიის პერიოდში დადასტურებულია ინფიცირების 3 451 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3383 ადამიანი, 68 პაციენტი კი გარდაიცვალა.

,,ახალგორში ამჟამად სტაბილური მდგომარეობაა. კორონავირუსის თითქმის არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს“, - ამბობს რაიონის ლეგიტიმური გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი. მისი თქმით, ივნისში, რაიონის მასშტაბით, სულ 12 მოქალაქე იყო ინფიცირებული, რომლებიც უკვე გამოჯანმრთელებულები არიან.

,,მეტად რთული იყო შემოდგომის პერიოდი: განსაკუთრებით ნოემბერი და მძიმე მდგომარეობა იყო დეკემბერშიც. რაიონში ვირუსის 600 შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა ყველაფერი დასტაბილურდა. მოსახლეობას ჯანდაცვის სერვისებზე ადვილად მიუწვდება ხელი, რადგან გვაქვს ახალგორის პოლიკლინიკა, სამედიცინო ამბულატორია. წილკანში და ფრეზეთშიც სამედიცინო ამბულატორიებია. ქურთის საავადმყოფოა წეროვანში, ორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მცხეთის საავადმყოფოებია - სულ 5 კილომეტრში ჩვენგან და ამ კუთხით არ გვაქვს პრობლემა. აგრეთვე გვაქვს ორი პუნქტი, სადაც ხდება მოსახლეობის კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა. ეს არის ქურთის საავადმყოფო და ახალგორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. სამწუხაროდ გარდაცვალების შემთხვევებიც იყო, რა თქმა უნდა. მათ შორის, ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა“, - ამბობს ნუგზარ თინიკაშვილი. მისი რეზიდენცია წეროვანის დევნილთა დასახლებაშია.

მართალია, რაიონის ლეგიტიმური გამგებელი სერვისების ხელმისაწვდომობაზე საუბრობს, თუმცა ჩვენ დავინტერესდით, რამდენად ხელმისაწვდომია ეს სერვისები უშუალოდ რაიონში მცხოვრებლებისთვის, რომლებიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

ჩვენი რესპონდენტი ერთ-ერთია იმ ათასობით მოქალაქეთაგან, რომლებსაც ახალგორის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ, გადაადგილების უფლება შეეზღუდათ. მისთვისაც ცნობილია, რომ ჩაკეტვის მიზეზად 2019 წელს, წნელისში მოწყობილ ქართული საგუშაგოს ასახელებდნენ.

,,ახალგორის/ლენინგორის რაიონში მთავარი და აქტუალური პრობლემა დღევანდელი დღისთვის, რა თქმა უნდა, ისევ რჩება დაკეტილი გზა საქართველოსთან და ოფიციალური გადაადგილების შეზღუდვა. 2019 წლის 4 სექტემბრიდან თავისუფალი გადაადგილების აღკვეთამ, ძალიან ნეგატიურად იმოქმედა საერთოდ ხალხის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ჩვენი რაიონის მოსახლეობის უმეტესობას მანდეთ ჰყავს ახლო და შორეული ნათესავები და ახლობლები, ასევე ოჯახის წევრები. ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილი სამწუხაროდ დაყოფილები არიან საზღვრის ორივე მხარეს. ხალხს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს და ახლობლებს თითქმის ორი წელიწადი არ უნახავთ ერთმანეთი. ასეთი ცხოვრება ჩვენთვის ძალიან ძნელია. ციხეზე უარეს პირობებში ვართ, თუმცაღა ციხეში პატიმრებს ნათესავების ნახვის უფლება მაინც აქვთ...“ - გვწერს ახალგორის მცხოვრები.

,,ჩვენთან ვირუსი დამარცხებულია. ერთადერთ ნაბიჯად რჩება - ვაქცინაცია.“ - აცხადებენ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა პანდემიამდე და აწ უკვე ,,დამარცხებული“ ვირუსის დროსაც, ახალგორის რაიონის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ძირითად პრობლემას მაინც თბილისთან ჩაკეტილი გზა წარმოადგენს.

სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, ამ ფაქტს ,,ბიბილოვის სახის შენარჩუნებას“ უწოდებს. ,,დიახ, ეს იყო ბიბილოვის სახის შენარჩუნება, მას პრობლემები შეექმნა წნელისში, ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო და მან თითქოს ერთადერთ გამოსავლად მიიჩნია ახალგორის ჩაკეტვა, რადგან ფიქრობდა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ჩაკეტილი გზის სანაცვლოდ, დაჰყვებოდა ბიბილოვის მოთხოვნებს და აიღებდა წნელისში განთავსებულ პოსტს“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას თამარ მეარაყიშვილი. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება, მხოლოდ იმის ტირაჟირებით შემოიფარგლა, რომ ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისია და მოსახლეობას უჭირს, რეალურად კი არაფერს აკეთებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.


ფოტო: ახალგორის დაცარიელებული ავტოსადგური

,,მოსახლეობა იყო მოუმზადებელი და გზის განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვა ჩვენთვის მოულოდნელი იყო. მანამდე კი ვრცელდებოდა ხმები და სოფლებშიც, თვითონ ხალხი აფრთხილებდა ერთმანეთს, რომ თუკი რამე ეძვირფასებოდათ, მოეკიდათ ხელი და წასულიყვნენ... ხალხი გარბოდა ფაქტიურად და დაახლოებით ორ დღეში 400-მდე ადამიანი გადავიდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე; თუმცა მაინც არ დავიჯერეთ, იმიტომ რომ გამოცხადდა, რომ მარტო სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით შეიზღუდებოდა გადაადგილება, მაგრამ რამდენიმე თვეში შესრულდება ორი წელი, რაც მძევლებად ვართ აყვანილნი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“, - გვიყვება თამარი.

ენატრებათ ახლობლები, ნათესავები და უჩნდებათ კითხვა - მართლა ასე სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას წნელისის პოსტი?! ანდა სამხრეთ ოსეთისას - გამუდმებით იმის გამეორება, რომ მათი უფლებები ირღვევა?!

თამარ მეარაყიშვილი ერთადერთია ახალგორში და ალბათ მთელ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთშიც, ვინც ასე ღიად და დაუფარავად საუბრობს ცხინვალის უსამართლობასა და დანაშაულებრივ ქმედებებზე; კორუფციასა და თაღლითობაში ჩაფლულ მაღალჩინოსნებზე, ასევე ოფიციალური თბილისის უნიათობასა და შაბლონურ, ტრაფარეტულ განცხადებებზე, რომელიც რეალურად არაფერს შველის, საქართველოს მოქალაქეების ყოფას, რომლებიც უკვე ორი წელიწადია ,,რეზერვაციაში“ არიან გამოკეტილნი.

,,იქნებ მოგვისმინოთ, იქნებ რა გვაქვს თქვენთვის სათქმელი და რა უნდა გითხრათ, რატომ არ გაინტერესებთ? მოგვისმინეთ, გაიგეთ რა გვიჭირს და გაგვაგებინეთ რით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, აქ დარჩენილ, დაუცველ ხალხს?“ - მიმართავს თამარ მეარაყიშვილი საქართველოს ხელისუფლებას.

როგორც ჩვენი რესპონდენტები აცხადებენ, დე-ფაქტო მთავრობამ, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის გააადვილა პასპორტის აღება, განსაკუთრებით კი ახალგორის რაიონის მოსახლეობისათვის, რომელთა უმეტესობასაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ამან ერთი შეხედვით შეამსუბუქა მათი მდგომარეობა, რადგან ახლა შეუძლიათ პენსიისა და სხვა სოციალური შემწეობის მიღება ცხინვალისგან. მიუხედავად ასეთი შეღავათებისა, რომლებიც მხოლოდ იმისკენ არის მიმართული, რომ ახალგორის მოსახლეობაში უკმაყოფილების ნაპერწკალი არ გაღვივდეს, მიუხედავად ცხინვალელი ჩინოვნიკების დაუღალავი გამეორებისა, რომ ცხინვალშიც კარგ და მაღალ დონეზეა განვითარებული მედიცინა, ახალგორის გამშვების პუნქტის ჩაკეტვის დღიდან რაიონში 35 და მეტი ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მიიღო შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ესეც, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოხერხდა მათი თბილისში გადმოყვანა.

როგორც თამარ მეარაყიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, - ,,მოსახლეობა ითმენს საშინლად გაძვირებულ პროდუქტს, ტანსაცმელს; თუმცა ერთადერთი, რაც არ ითმენს, ეს ჯანმრთელობაა.“ ახალგორის რაიონის მოსახლეობა კი ფაქტობრივად ნორმალური სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩა. როგორც მეარაყიშვილი აღნიშნავს - სტომატოლოგთანაც კი თბილისში უხდებათ წასვლა, რადგან იმდენადაა მოუწესრიგებელი ახალგორის ჯანდაცვის სისტემა, რომ ფიქსირდება ფაქტი, როცა სასწრაფო ყურადღების საჭიროების მქონე ადამიანი გარდაიცვალა, რადგან ვერ მიუსწრო სასწრაფომ, მხოლოდ იმიტომ რომ მორიგე ექიმს სახლში ეძინა და ვერ გააღვიძეს.

თამარი იხსენებს სატელეფონო საუბარს ალა ჩოჩიევასთან (დე-ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი), რომელსაც მან პარკინსონით დაავადებული თანამოქალაქის ჯანმრთელობის გამო დაურეკა. პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თბილისში ტრანსპორტირება:

,,მოვძებნე ტელეფონში ალა ჩოჩიევას ნომერი და დავურეკე. თავიდან ძალიან მშვიდად ავუხსენი სიტუაცია, ვუთხარი, რომ თამარ მეარაყიშვილი ვიყავი ლენინგორიდან და გასაგებ ენაზე ვუთხარი, რომ ეს ადამიანი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ,,ჩამოიყვანეთ ცხინვალში!“ - ეს იყო მისი პასუხი, ძალიან გულქვად. მეთქი, თქვენ ექიმი კი არა, ადამიანიც კი არ ყოფილხართ, რომ გიხსნით ადამიანის მდგომარეობას, თქვენზე ახალგაზრდა ქალი იტანჯება ამ დაავადებით, მაგრამ არაფერი. ის კი არა უამრავ მედია საშუალებას ვიყენებდით, სოციალურ ქსელშიც ვწერდით ამაზე, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, უბრალოდ ცხელი ხაზიც კი არ გამოიყენა“, - ამბობს თამარ მეარაყიშვილი ინტერვიუში.


ფოტო: გზა თბილისისკენ


რაც შეეხება პანდემიას და ვაქცინაციის პროცესს, - ,,პირველი სამი დადასტურებული შემთხვევიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთში გამოვლინდა, ორი ჩვენი რაიონის მოქალაქეს აღმოაჩნდა, თუმცა დადასტურებამდეც და დადასტურების შემდეგაც, ახალგორის მოსახლეობის აქტუალურ პრობლემას ისევ დაკეტილი გზა წარმოადგენდა და მიუხედავად იმისა, რომ გარდაგვეცვალა კიდეც რამდენიმე ადამიანი ამ ვირუსით, მაინც არ შეუცვლიათ აზრი“, - ამბობს თამარი.

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი ახალგორიდან გვეუბნება, რომ რაიონში პანდემიის საშიშროება აღარაა, თუმცა არსებობს ახალი შტამების გავრცელების რისკი:

,,სამხრეთ ოსეთში პრაქტიკულად უკვე აღარ არის არანაირი შეზღუდვა, თითქმის აღარანაირი საშიშროება იგრძნობა ამ ინფექციისგან. ახლა საშიშროებას წარმოადგენს კორონავირუსის ბრიტანული და ინდური შტამები, რომლებიც ჯერ არ დადასტურებულა რეგიონში, თუმცა შიშობენ, რომ მომავალში შეიძლება მათ წინააღმდეგაც მოუწიოთ ბრძოლა. ყველა ოფიციალური წყარო და მოქალაქეებიც აცხადებენ, რომ კორონავირუსის საშიშროებამ გადაიარა და ახლა საჭიროა ვაქცინაცია, თუმცა როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე სამხრეთ ოსეთშიც არიან მოქალაქეები, რომლებიც პესიმისტურად არიან განწყობილნი, არ სჯერათ ეპიდემიის და საერთოდ არ თვლიან საჭიროდ მის საწინააღმდეგოდ აცრას. სამხრეთ ოსეთში ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია: ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ პანდემიის დაწყებიდან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დაახლოებით 15% დაავადებული იყო კორონავირუსით. აქედან გამომდინარე ზოგმა ადვილად გადაიტანა ეს დაავადება, ზოგმაც ძნელად; განსაკუთრებით ვინც 65 წელსაა გადაცილებული. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს გაუჩნდა და აქვს სურვილი, რომ აიცრას კორონავირუსის წინააღმდეგ. ხალხს ესმის, რომ შესაძლოა კორონავირუსი ყოველთვის ჩვენს გვერდით დარჩეს და ამიტომაც მნიშვნელოვანია აცრის მეშვეობით კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება. ამისთვის საჭიროა რომ მოსახლეობის 70-75 % მაინც აიცრას.“

კითხვაზე აპირებს, თუ არა ის აცრას, გვიპასუხა: - ,,ამ შეკითხვას ჯერჯერობით არ შემიძლია რომ გავცე კონკრეტული პასუხი. ჯერ ვფიქრობ, არაფერი გადამიწყვეტია. ასევე ვაკვირდები აცრის პროცესს. თუ ყველაფერი ბოლომდე კარგად იქნება, ალბათ, უახლოეს დროში მეც ავიცრები. სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ იაფად და ადვილად მიიღო რუსეთის ვაქცინა "Спутник V", მიუხედავად იმისა, რომ თვითონ რუსეთის ზოგ რეგიონებში არც არის ჯერ აცრილი ხალხი.“

იგივე კითხვაზე თამარ მეარაყიშვილმა გვიპასუხა, რომ თუ აცრას გადაწყვეტს, ნამდვილად არ აიცრება რუსული ვაქცინით და უპირატესობას, უფრო სანდო და ეფექტურ ვაქცინას მიანიჭებს.

ახალგორის რაიონში ჯერ არც ერთი აცრა არ ჩატარებულა, არა იმიტომ, რომ რუსული ვაქცინაა, არამედ როგორც თამარი გვეუბნება, ხალხში ინფორმაციის ნაკლებობის გამო. ახალგორელები კვლავაც სკეპტიკურად უყურებენ პანდემიასაც და ვაქცინაციასაც. კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა იმ მოქალაქეების საკითხი, რომლებსაც დღემდე არ აქვთ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა, თუმცა, როგორც აღნიშნავენ - ,,არ აქვს მნიშვნელობა მოქალაქეობას, მთავარია მსურველი ადგილობრივი მცხოვრები იყოს, გარდა ამისა ჩაკეტილობის დროს, ფაქტობრივად, აღარ დარჩა ახალგორში ადამიანი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა არ ჰქონდეს აღებული.“

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციაში თბილისის შეთავაზებულ დახმარებას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ფარისევლური უწოდა. ინფორმაციას ,,რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

,,განცხადებამ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაში გაოგნება გამოიწვია. განსაკუთრებით კი ცინიკურად ჟღერს საქართველოს მთავრობის დიდი შეშფოთება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. კმარა ფარისევლობა!“ - ნათქვამია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. აღნიშნულ შეთავაზებას რეგიონის მოსახლეობაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ცხინვალელები ამბობენ, რომ კარგად ახსოვთ როგორც „ზრუნავდა“ საქართველოს ხელისუფლება მათზე 90-იანი წლებიდან 2008 წლამდე და ამ შეთავაზებასაც უნდობლობით და ირონიით უყურებენ.

„ეს შემოთავაზება ჩემთვის ცნობილია ქართულ ინფორმაციებიდან. მაგრამ რამდენადაც ვიცი, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას უარი უთქვამს ამ წინადადებაზე. ნუ, რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური საკითხია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არც კი უკითხავს, აქვს თუ არა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას სურვილი, რომ გაიარონ ვაქცინაციის პროცესი საქართველოში. ასევე რამდენადაც ვიცი, მოცემული წინადადება ჩვენთან თითქმის არავინ მიიღო სერიოზულად. პირველ რიგში, პირადად მე“ - ამბობს ახალგორის ერთ-ერთი მცხოვრები.


ფოტოზე: ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი ვლადიმირ გულიევი წინაგრის ზონაში

გამყოფ ხაზთან მდებარე ახალგორის რაიონის სოფლებს ზაფხულობით წყლის პრობლემა აწუხებთ. დე-ფაქტო რესპუბლიკის სააგენტო „რესის“ ცნობით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში წინაგარისა და აბრევის მოსახლეობაა. ეს სოფლები გორისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს ემიჯნება.

რამდენიმე დღის წინ, ამ სოფელში ახალგორის/ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი ვლადიმირ გულიევი ჩავიდა და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.

როგორც ადმინისტრაციის პრეს-მდივნის ანჟელა კოკოევას განცხადებაშია აღნიშნული - მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მთავარ პრობლემას სასმელი წყალი, გზები და გარეგანათება წარმოადგენს.

სასმელი წყლის პრობლემის შესახებ გულიევს სოფელ აბრევის მოსახლეობამ მიმართა.

როგორც აბრევის გამგებელი ალან ხოზიევი განმარტავს, ,,საქმე იმაშია, რომ მოსახლეობის ნაწილი სასმელ წყალს სარწყავადაც იყენებს და ნაწილს საკვების მოსამზადებლადაც კი ვერ ჰყოფნის.“

წინაგარაში იმყოფებოდა ასევე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ალან მარგიევი.

”ორი ან სამი კვირის განმავლობაში ჩვენ გავაგზავნით ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას წინაგრის ზონაში, კერძოდ სამ ერთეულ სათესლეს და ერთი კომბაინს, გუთანს ტრაქტორებისთვის, კულტივატორებს და ბალერს”, - განაცხადა ალან მარგიევმა.

გულიევი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ წინაგარში, მისივე თხოვნით, ცხინვალის საცხობი კომბინატი გახსნის მაღაზიას, რომელიც სოფელს მოამარაგებს პურით და სხვა ნაწარმით.

კვირაში რამდენჯერმე კომპანიის მანქანა სოფლებსაც დაათვალიერებს.⠀

როგორც ვლადიმირ გულიევმა განმარტა, რაიონის საბინაო და კომუნალური სამსახურები შეიძენენ სპეციალურ მანქანას და გაზის ავზს შემოიტანენ რაიონში, რათა მოსახლეობამ შეძლოს ბალონების და მანქანების შევსება ადგილზე.

ნიშვნა რედაქციისგან: მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.