რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გვერძინეთი (PHOTO/VIDEO)


- მამაო!

- ჰო...

- გამორეკე, საქონელი?

- მომყავს, მომყავს.

- გზაზე დააყენოსო და თვითონ ამოვლენო..


სოფლის სამხრეთით, სადაც გეთსამანიის დედათა მონასტერი მდებარეობს, იქვე, 100-200 მეტრში ბერი ცხოვრობს. ცხოვრობს, თანაც ვაგონის ტიპის ჯიხურში. საქონელი კი, რომელიც ბერმა მინდვრიდან გამორეკა, დედაოებს ეკუთვნის. დედათა მონასტრის ეზოში რამდენიმე ქალი მუშაობდა. 

მინდვრის გზას დავადექით, ოდნავ მაღლობზე ავედით და იქიდან გადმოვხედეთ გვერძინეთს, უფრო სწორად, სოფლის იმ მხარეს, სადაც სასულიერო პირები ცხოვრობენ.

დედათა მონასტერსა და ბერის კოტეჯს შორის, რამდენიმე ძველი, ხის სახლი დგას. თითოეულ სახლში აჭარელი ეკომიგრანტები ცხოვრობენ. ისინი 20 წლის წინ, აქ ჩამოსახლდნენ, რადგან ხულოს რაიონში, სტიქიამ მათი სოფლები და სახლები დააზიანა. მხოლოდ 2-3 ოჯახია, რომელმაც მამისა და პაპის სახლი შეინარჩუნა. ესენი ოსები არიან. 


ფოტოზე: დედათა მონასტერი

ერთმანეთთან შეხამებულია სასულიერო და საერო პირთა საცხოვრისი; აჭარული და ოსური ყოფა; აქ მყოფნი ერთმანეთის გვერდით შრომობენ და ცხოვრობენ.

თუმცა, მათ განასხვავებს სხვადასხვა რელიგიური კუთვნილება. აჭარლები მუსლიმები არიან. ოსები - ქრისტიანები. გარშემო, მთებზე, ყველა მხარეს ჯვრებია აღმართული. რამდენიმე სახლი კი - ცარიელი. ეს იმ ოსების სახლები, რომლებიც 1991 წელს, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, წავიდნენ ჩრდილოეთ ოსეთში.

ბერი დაახლოებით 35 წლისაა, კოტეჯის წინ, ხის ფიცრებით ნაკვეთი აქვს შემოსაზღვრული და ძირითადად სიმინდი და ლობიო მოჰყავს. შეშაც მომამარაგებული აქვს. მისი ძაღლი კი თვალს არ გვაცილებდა.


ფოტოზე: ბერი და მისი საცხოვრისი

მოშორებით, დედათა მონასტერს უფრო ვრცელი ტერიტორია უკავია. კელიები ვიზუალურად გამორჩეულია იმ ძველი ხის სახლებისგან, რომელიც დღესაც ძალიან უხდება მწვანე, ტყის საფარში ჩაფლულ სოფელს.

,,ბერს თავის სახლში წყალი არა აქვს, ჩვენგან მიაქვს ხოლმე. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს" - გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა გურამ ანთაძემ. ის თავის სახლის წინ, ზვინს ნაწილობრივ შლიდა და თივას მზეზე აშრობდა, წუხანდელი წვიმისგან დასველებულიყო.

,,ახალა ამას, რაც დასველდა, გავაშრობ. ტრაქტორი უნდა მოვიდეს და ტუკებად დაპრესოს, შემდეგ გავყიდით" - გვითხრა გურამმა.

ბერი თავის კელიისკენ (კოტეჯისკენ) გაეშურა. მისი ძველი, გახუნებული შავი კაბა (ანაფორა), იმაზე მიანიშნებდა, რომ მისი მთავარი მიზანი განმარტოებით ცხოვრება იყო.




ფოტოზე: აჭარული ოჯახი

რაც შეეხება აჭარლებს, გვერძინეთში, ისინი 1999 წლიდან გამოჩდნენ. მანამდე სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქში ცხოვრობდნენ, თუმცა იქ ცხოვრების პირობები მკაცრი იყო.

1999 წელს ეკომიგრანტებმა ეთნიკური ოსებისგან სახლების შესყიდვა დაიწყეს და გვერძინეთში დასახლდნენ. ოსებმა სოფელი 1991 წელს მიატოვეს, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტი მძვინვარებდა.

დაცარიელებულ გვერძინეთში კი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დასახლდა. ახლა აქ 30-მდე კომლი ცხოვრობს. მხოლოდ 2 თუ 3 ოსური ოჯახია, რომლებმაც მამა-პაპის სახლი შეინარჩუნეს.

ძამის ხეობაში ეს ბოლო სოფელია, სადაც ხალხი ცხოვრობს. გვერძინეთის ზევით სოფლების უმეტესობა სასულიერო პირებმა დაიკავეს. ასეთი ბედი ერგო წიფლოვანას, სადაც მხოლოდ ბერები ცხოვრობენ. ტყემლოვანაშიც მხოლოდ 3 ოჯახი ცხოვრობს.

გვერძინეთში კი ცხოვრება გრძელდება.


ფოტოზე: გურამ ანთაძე საკუთარ ნაკვეთში

,,როცა ჩამოვედით, აქ ბევრი ხალხიც არ იყო, ოსები იყვნენ, ისიც ხნიერი ხალხი. ვიყიდეთ სახლები ყველამ და ერთმანეთს ვეხმარებოდით. მაშინ ისეთი დრო იყო, რომ ძალიან გაჭირვება იყო და ერთმანეთს ვეხმარებოდით და ისე გავიტანეთ თავი ამ დრომდე. ეხლა აქ საერთოდ გამოსწორდა ყველაფერი, კარგი გზა გააკეთა ამ მთავრობამ, წასვლა-მოსვლა გაგვიიაფდა. ადრე თუ სჭირდებოდა 3 საათი ქარელში ჩასვლას, ახლა უნდა 10 წუთი." - ამბობს გურამ ანთაძე.

მის სახლში ახლა ჟრიამულია, ჰყავს შვილები და შვილიშვილები. სწუხს, რომ სოფელში ძალიან ცოტა ბავშვია, ბევრი ახალგაზრდა დასაქორწინებელია. იმედი აქვს, რომ წლების შემდეგ, სოფელი კიდევ უფრო გაიზრდება:

,,სანამ ეს კორონა შემოვიდოდა, თურქეთში დავდიოდით, იქიდანაც კარგი შემოსავალი გვქონდა. ეხლა, კორონის შემდეგ, გადასვლა-გადმოსვლა გაძნელდა. და თან იქაც არ არის ისე, როგორც საჭიროა, ძალიან გაიაფდა მაგათი ფული. მაგდენს აქაც იშოვი, კარგად რომ იშრომო. სხვა სოფლებში შეიძლება სამუშაო არ იყოს, მაგრამ აქ მაინც რაღაც კეთდება." - გვეუბნება გურამ ანთაძე.

მანანა ქოქოევი-წიკლაური ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც გვერძინეთში მამა-პაპის სახლი შეინარჩუნა. ის უკვე დაოჯახებული იყო წიკლაურების ოჯახში და კონფლიქტის დროს ქვეყნის დატოვება არ მოუწია. მისმა მშობლებმა და ძმამ 1991 წელს საქართველო დატოვეს.



ფოტოზე: მანანა ქოქოევი - წიკლაური

,,ეს არის ჩემი პაპის სახლი. პაპის მამის აშენებულია. ჩემები გორში ცხოვრობდნენ, 90-იან წლებში, სანამ აირეოდა სიტუაცია, მაშინ წავიდნენ აქედან. მე გათხოვილი ქალი ვიყავი, ოჯახი მქონდა. არაფერი სირთულე არ მქონდა, რომ აქედან წავსულიყავი, იძულება არ მქონდა. ოჯახი შევინარჩუნე." - იხსენებს მანანა ქოქოევი-წიკლაური.

როდესაც იხსენებს 90-იანი წლების კონფლიქტს, იქვე სიამაყით გვეუბნება, რომ არის ოსი, რომელმაც შექმნა ქართულ-ოსური ოჯახი და გაზარდა ქართველი შვილები:

,,იცით, რა არის? მე ამაყი ვარ, რომ ოსი ვარ და ქართული ოჯახი მაქვს და ქართველი შვილები გავზარდე. ამაყი ვარ ამითი. მე სულაც არ ვთაკილობ, რომ ოსი ვარ. ეს მამა-პაპური სახლი კი, როგორც საქართველოში ქართული ადათ-წესებით დავიბადე და გავიზარდე, ყოველთვის ბიჭს ეკუთვნის ხოლმე მამა-პაპური ადგილი. მაგრამ ჩემი ძმა ვლადიკავკაზში (ყოფ. ორჯონიკიძე) გარდაიცვალა, 38 წლის ასაკში. რატომღაც მინდოდა ძირძველი, მამა-პაპური სახლ-კარისთვის შემენარჩუნებინა ისეთივე იერი, როგორიც იყო და ასეც მოვიქეცი. როცა შევედი ასაკში, წამოვედი საცხოვრებლად. ჩემი ქალიშვილობის გვარია ქოქოევი." - ამბობას მანანა.



მანანა ქოქოევი-წიკლაურმა გორიდან გვერძინეთში საცხოვრებლად შვილიშვილი წამოიყვანა, რომელიც გვერძინეთის სკოლაში სწავლობს, სადაც 9-10 მოსწავლე დადის.

იგი წუხს, რომ სოფლის მოსახლეობას რაიონის ცენტრამდე მისასვლელად ტრანსპორტი არ ემსახურება:

,,ტრანსპორტი არ არის, დილით მოდის მიკროავტობუსი 8 საათზე შუადღით ბრუნდება 3 საათზე. კარგი იქნება, რომ ეს პრობლემა მოგვიგვარდეს" - გვითხრა მანანა ქოქოევი-წიკლაურმა.

ვიდრე სოფელს დავტოვებდით, ძველ სასაფლაოზე გავიარეთ, სადაც ნათლადაა ასახული გვერძინეთის უახლოესი ამბები; აქ ნახავთ 1900-იან წლებში გარდაცვლილი ადამიანების ბიუსტებს თავისი მინაწერებით. ერთ-ერთ საფლავის ქვაზე პედაგოგის გარდაცვალებაზე (70-იან წლები) პატარა წარწერაა გაკეთებულია: ,,გარდაცვლილია ბოროტი განზრახვით". თუმცა, რა იყო ეს ბოროტი განსაზღვრა, მეტი მინიშნება არაა გაკეთებული.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.