რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ორი სკოლა ერთ შენობაში პანდემიისას – ბერძენაული და აბისი
,,შეიძლება ეს სკოლა კარგია, მაგრამ მე მაინც ჩემი სკოლა მირჩევნია“ - გვითხრა მეხუთე კლასის მოსწავლემ, რომელსაც 4 თანაკლასელთან ერთად, ხელოვნების გაკვეთილზე ვესაუბრეთ.

,,იქ მოგონებები დაგვრჩა“ - გააგრძელა მან.

,,კი, მაგრამ იქ რომ ყველაფერი შეცვლილი დაგვხვდება?“ - ვკითხეთ.

,,მერე რა, მაინც ჩემი სკოლაა“

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლის მოსწავლეები წელს სხვა სოფელში, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულში დადიან. მიზეზი მათ სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია, რომელიც 2021 წლის აგვისტოში დაიწყო და 2022 წლის მაისამდე გაგრძელდება.


ფოტოზე: აბისის სკოლა რეაბილიტაციის პროცესში

მოსწავლეებთან ერთად, მეზობელ სოფელში პედაგოგები და დირექტორიც დადიან.მათ ერთი მიკროავტობუსი ემსახურება, რომელიც 13 საათიდან 14 საათამდე 3 რეისს ასრულებს. ანალოგიურად, - საღამოს საათებში.

როგორ ახერხებს პანდემიის პირობებში ორი საჯარო სკოლა ერთ სივრცეში ყოფნას, ამის გასარკვევად ბერძენაულში ჩავედით.

აბისი და ბერძენაული ფრონის ხეობაში მდებარეობს. ამ სოფლებამდე მისასვლელად სპეციალური საპოლიციო საგუშაგო უნდა გავიაროთ, რადგან შაქშაქეთის შემდეგ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები იწყება.

ბერძენაულის სკოლაში დაგვხვდა აბისის სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და დირექტორიც.


ფოტოზე: ბერძენაულის სკოლა

დირექტორის ინფორმაციით, სკოლის შენობას დილის ცვლაში სწავლობენ ბერძენაულელი ბავშვები, ხოლო შუადღეს – აბისელები.

,,ორივე სკოლა კი საჯაროა, მაგრამ ბავშვთა კონტინგენტი არაა იმდენი, რომ გაგვიჭირდეს ერთ სივრცეში ყოფნა. მაგალითად, აბისის სკოლაში 60-მდე მოსწავლე გვყავს. იყო დრო, როდესაც 200-ზე მეტი მოსწავლეც გვყავდა, მაგრამ ახლა ასე აღარაა“ - გვიყვება სკოლის დირექტორი.

კომუნისტების დროს აბისისთვის 250 ბავშვზე გათვლილი სკოლა ააშენეს, სადაც ხეობის რამდენიმე სოფლის მოსწავლეები 9 კლასის შემდეგ სწავლობდნენ. მაგრამ, ბოლო ათწლეულების მანძილზე, ფრონეს ხეობაში არაერთი საჯარო სკოლა გაიხსნა და გარემონტდა. შესაბამისად, ბავშვთა კონტინგენტი გადანაწილდა:



ფოტოზე: აბისის სკოლის მე-6 კლასი სრული შემადგენლობით ბერძენაულის სკოლაში

,,მიმდინარე წელს მაგალითად 10 თუ 12 მოსწავლე გამოგვაკლდა. ისინი გადავიდნენ იმ სოფლებში, სადაც სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება. ეს სახელმწიფო პროგრამა გულისხმობს იმას, რომ ვინც გამყოფი ხაზის მიმდებარე სკოლებში სწავლობს, მათთვის უმაღლეს სასწავლებელში სწავლება უფასოა. ამიტომაც, ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენი სკოლებიდან ბავშვთა გადინება დაიწყო და გადავიდნენ მაგალითად ატოცში, ცერონისში და ა.შ. იქ დაემატათ ბავშვები, მაგრამ ჩვენ მოგვაკლდა. ჩვენი სკოლები ამ პროგრამაში არ არიან ჩართულები“ - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

პედაგოგიური კოლექტივი სწუხდა იმაზეც, რომ წელს კონკრეტულად მე-12 კლასიდან 2 საუკეთესო მოსწავლე გადავიდა სხვა სკოლაში.

,,ზოგს დედა ჰყავს მაგალითად ატოცელი, ან ცერონისელი. ზოგს მამიდა და ა.შ. ამიტომ გადაწყვეტილებებს ადვილად იღებენ და ბავშვები გადაჰყავთ ამ სოფლებში. პროგრამა ძალიან კარგია, მაგრამ ამან უარყოფითად იმოქმედება დანარჩენ სკოლებში. დაფინანსება ბავშვთა რაოდენობაზეა დამოკიდებული“ - აცხადებენ აბისის სკოლაში.

რაც შეეხება პირობებს, შენობას, რომელსაც ამჟამად, ორი საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები იყენებენ, ბუნებრივი აირითი თბება. არა მარტო საკლასო ოთახებში, დერეფანშიც საკმაოდ თბილა. ამ მხრივ ყურადღებას სკოლის წარმომადგენლები არ უჩივიან.

მათთვის ყველაზე მთავარი პრობლემა მოსწავლეთა გადინებაა.


ფოტოზე: აბისის სკოლის მეხუთე კლასი ბერძენაულის სკოლაში

აბისის სკოლის წარმომადგენლები იხსენებენ იმ პერიოდს, როდესაც ქვეყანაში სავალდებულო საკონტრაქტო სამსახური შემოვიდა. უამრავი აბისელი და ბერძენაულელი ახალგაზრდა ჯარში, საკონტრაქტო სამსახურში წავიდა, რომლებაც თავიანთი ოჯახებიც წაიყვანეს:

,,ერთ წელიწადს მაგალითად 60 მოსწავლე მოგვაკლდა. წარმოიდგინეთ, რა დიდი დანაკლისი იყო სკოლისთვის. ოჯახების უმეტესობა გორში გადავიდა. წაიყვანეს ცოლ-შვილიც. ვინც კი გაჭირვებული იყო, ყველა საკონტრაქტო ჯარში წავიდა, შემოსავალი გაუჩნდათ“ - იხსენებენ პედაგოგები.

ამჟამად, აბისის სკოლის თითო კლასის შემადგენლობა საკმაოდ მცირერიცხოვანია. ყველაზე მეტი მოსწავლე აბისის სკოლაში მე-12 კლასშია – 13 მოსწავლით.


ფოტოზე: სველი წერტილი ბერძენაულის სკოლაში (საკანალიზაციო მილი დაზიანებულია)

მაგალითად, მეხუთე კლასში 5 მოსწავლეა, ხოლო მეექვსე კლასში – 3 მოსწავლე.

ბერძენაულის სკოლის შენობა ერთ-ერთმა პედაგოგმა დაგვათვალიერებინა. ვნახეთ, რომ საკლასო ოთახები საკმაოდ მცირე ფართობისაა. პედაგოგის ინფორმაციით, სკოლა თავის დროზე, არასრული საშუალო სკოლისთვის იყო გათვალისწინებული. რაც კლასების ფართობსაც ეტყობა:

,,აქ კი მცირე ზომის ოთახებია, მაგრამ აბისის სკოლის საკლასო ოთახების ფართობები საკმაოდ დიდია. იქ ერთი კლასი გათვალისწინებულია 30 ბავშვზე“ - განმარტავენ აბისის სკოლის პედაგოგები.


ფოტოზე: ბერძენაულის სკოლა

აბისის სკოლის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ამოყოფილია დაახლოებით 2 მლნ ლარი. თავდაპირველად, პროექტში სახურავის შეცვლა არ იყო გათვალისწინებული, თუმცა საბოლოოდ პროექტი შეცვალეს და სახურავის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.

როგორც აბისში გვითხრეს, სახურავისთვის დამატებითი სახსრები ეკონომიური ხარჯებიდან გამოძებნეს:

,,თითო მუშას აქ დღეში 8 ლარს უხდიან. სხვაგან იცით, რომ 15 და 20 ლარი ღირს. რა ვუყოთ, სოფელს სჭირდება სკოლა და ამ გაუფასურებულ ლარის პირობებში დღეში 8 ლარსაც კმაყოფილები ვართ“ - გვითხრეს სოფელ აბისში.

სამუშაოებს კომპანია ,,კომფორტი 21-ე“ ასრულებს, რომლის საქმიანობის ძირითადი პროფილს წარმოადგენს საინჟინრო სისტემების მონტაჟი, როგორც კერძო ასევე სახელმჭიფო დაწესებულებებში, სასტუმროებში სა სამრეწველო დანიშნულების მქონე ობიექტებზე. ისინი ასევე ასრულებენ შენობების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ამ კომპანიას და არც მის წარმომადგენელს პარტიული საქმიანობისთვის რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის რაიმე თანხა შეწირული არა აქვთ. გეგმის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს აბისში 2022 წლის მაისში დაასრულებენ.



ფოტოზე: აბისელი მოსწავლეები ბერძენაულის სკოლაში - ბოლო გაკვეთილი მზის ჩასვლისას
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.