რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
სად არის კობას მიწები?! – ზეღდულეთი
10 წელზე მეტია სოფელ ზეღდულეთში ასეულობით ჰა მიწის ნაკვეთი ხელიდან ხელში გადადის, თუმცა ამით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიწების პრივატიზაციით უკმაყოფილოები არიან, არაფერი იცვლება. ერთ-ერთი პირველი მასშტაბური აქცია 2011 წელს გაიმართა, სადაც ოპოზიციაში მყოფი სოზარ სუბარიც იმყოფებოდა.

2011 წლის აპრილში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მმართველობის პერიოდში, ყოფილი სახალხო დამცველი, ,,ქართული პარტიის’’ წევრი სოზარ სუბარი ტრაქტორს წინ გადაუდგა და ითხოვდა, რომ მოსახლეობის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან ტექნიკა გასულიყო. ეს ამბავი იმ პერიოდში ტელეკამერების მიღმა დარჩა.

პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდას ადგილი. დააკავეს კიდეც ერთი ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციული წესით გორის სასამართლოში წარადგინეს.

მას შემდეგ 10 წელი გავიდა და აქციები განახლდა. ოღონდ, ამჯერად, ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში. თვალში საცემია ის ფაქტი, რომ აქციის წევრებს შორის, ახალი თაობა გამოჩნდა. ალბათ, ასე გაგრძელდება კიდევ წლების განმავლობაში – ზეღდულეთის აქციებზე თაობა თაობას ჩაანაცვლებს. მიწები კი კვლავ კერძო საკუთრებაში და დაუმუშავებელი დარჩება.

ორი დღის წინ გამართულ აქციაზე გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოსახლეობას დაპირდა, რომ ვიდრე საკითხი არ გადაწყდება, მიწების დამუშავება არ მოხდება. იგივე გაიმეორა გუბერნატორმა ვლადიმერ მჭედლიძემაც, რომლის გვერდით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური სამსახურის უფროსი ირაკლი ნონიკაშვილიც იდგა. ნონიკაშვილმაც აღნიშნა, რომ საკითხი ისე გადაწყდება, როგორც მოსახლეობას სურს.

მოსახლეობას კი სურს, რომ მიწა საჯარო რეესტრის მიხედვით რეგისტრირებულ კერძო პირებს ჩამოერთვას და ის სოფლის საძოვრად დარჩეს.

ბოლო პერიოდის აქციებზე არაერთხელ გაიჟღერა სოფლის დეპუტატის კობა ბერიანიძის სახელმა. ის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი დეპუტატია ამ სოფლის. როცა 2012 წელს ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება’’ მოვიდა, ყოფილი ფეხბურთელი კობა ბერიანიძე სოფლის წარმომადგენლად აირჩიეს საკრებულოში.

აქციის მონაწილეები კობა ბერიანიძის სახელს, უშუალოდ, არ ახსენებენ. მხოლოდ, ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლებიან, რომ მიწების უკან გავლენიანი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დგანან. მაგალითად, ისეთი ახლობლები, როგორიცაა დის ქმარი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი და მსგავსი.

ჩვენს მიერ მოძიებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ იმ მიწის ნაკვეთებთან, რომელზეც საპროტესტო აქციები იმართება, კობა ბერიანიძეს იურიდიულად არანაირი კავშირი აქვს.

მაგრამ კობა ბერიანიძის ქონება 2012 წლის შემდეგ, როგორც სოფელ ზეღდულეთში, ასევე, ამ თემში შემავალ სხვა სოფლების ტერიტორიაზე საკმაოდ გაიზარდა. ქონებაში იგულისხმება ძირითადად ნაკვეთები.

ასე მაგალითად, ზეღდულეთში



2010 წელს სახელმწიფო ქონების სააგენტომ მიწა 154 363 იჯარით გაუფორმა ქიწნისელ თემურ ქობლიანიძეს, თანაც 30-წლიანი იჯარით.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2011 წელს თემურ ქობლიანიძემ შეისყიდა.

2011 წლის 22 მარტს თემურ ქობლიანიძემ ეს მიწის ნაკვეთი კომპანია ,,აგგ“-ს მიყიდა.

,,აგგ“ დააფუძნეს ქობულეთელმა რევაზ და იაშა ნიჟარაძეებმა და სარეგისტრაციო მისამართად მითითებულია ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი. კომპანიის საქმიანობა მრავალპროფილურია, მათ შორის, ფერადი ლითონების რეალიზაცია, კვების ობიექტების მოწყობა, სასტუმროების მშენებლობა და ა.შ.

2014 წლის 28 მარტს მიწის ნაკვეთები მიჰყიდეს ასეევე ქობულეთელ ია მჟავანაძეს.

2019 წელს ია მჟავანაძემ მიწა ქვემო არცეველ ხვიჩა საბაშვილს მიყიდა.

2020 წელს კი ხვიჩა საბაშვილმა კობა ბერიანიძეს მიყიდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მიწის ნაკვეთები არ შედის იმ ფართობში, რომელიც 2011-2021 წლებში ინდურ-კანადურ კომპანიას ეკუთვნოდა.

რაც შეეხება სხვა სოფლებს ამავე თემში:

2016 წელს სოფელ ახალსოფელში შეიძინა 3256 კვ.მ მიწის ფართობი
2017 წელს სოფელ ქვემო სობისში შეიძინა 13 248 კვ.მ მიწის ფართობი,
2018 წელს ახალსოფელში შეიძინა 10 970 კვ.მ მიწის ფართობი
2019 წელს ქვემო სობისში შეიძინა 3 ადგილზე მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობი: 51 913 კვ.მ მიწის ფართობი

ჯამში, კობა ბერიანიძეს ზეღდულეთში, ახალსოფელსა და ქვემო სობისში აქვს 233 750 ჰა მიწა – 23,3 ჰა.

ამავე დროს, საჯარო რეესტრით ირკვევა, რომ კობა ბერიანიძეს გორის შესასვლელში არსებული საცხობი ეკუთვნის. 

კობა ბერიანიძის პოზიცია

ჩვენ დავუკავშირით კობა ბერიანიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ქვემო სობისის მიწები შეძენილი აქვს იმაზე ადრე, ვიდრე რეგისტრაციის თარიღია მითითებული:

,,ქვემო სობისის მიწები შევიძინე ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოფლის დეპუტატი გავხდებოდი. ეს იყო 2009 ან 2010 წლები. ამ პერიოდში გერმანიაში ვიყავი, ბიზნესი მქონდა. იქიდან დავბრუნდი, რომ სოფელში ჩემი საქმიანობა დამეწყო. სობისში მიწები იყო მამაჩემის და პაპაჩემის, შემდეგ იმათგან გადმოვიფორმე და რეგისტრაცია ამიტომ მოხდა გვიან'' - აცხადებს კობა ბერიანიძე.

მისი ინფორმაციით, რაც საჯარო რეესტრითაც დასტურდა, ყველა მიწის ნაკვეთი ბანკში იპოთეკით არის დატვირთული.

რაც შეეხება ზეღდულეთის მიწებს, იგი აღნიშნავს, რომ იმ სადავო 75 ჰა-თან არანაირი კავშირი აქვს, არც მეპატრონეებთან:

,,ვინც არიან ამჟამად მიწის მეპატრონეები, ისინი ჩემი არც მეგობრები არიან და არც ნათესავები. არანაირი შეხება მაქვს ამ ადამიანებთან'' - ამბობს ბერიანიძე.

რაც შეეხება იმ მიწებს, ვის მიმართაც პროტესტი უფრო თამამია, ვითარება აქ ასეთია:

ბიზნესმენი, რომელსაც 2011 წელს ზეღდულეთის მოსახლეობა დაუპირისპირდა, გახლავთ ინდოელი ჯაგპალ სინგჰი. ის კანადაში, ტორონტოში ცხოვრობს. საქართველოში მან 2010 წლის 27 ოქტომბერს შპს ,,ფუდლენდი” დაარსა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა. შპს ,,ფუდლენდის” დანიშნულებაა კვების პროდუქტების წარმოება და დისტრიბუცია.

2011 წლის 25 თებერვალს ჯაგპალ სინგჰმა გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში 747 112 კვ.მ (75 ჰა) ფართი მიწის ნაკვეთი შეიძინა. ნოტარიუს ანჟელა მანიას დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, (გაფორმებული 2011 წლის 5 თებერვალს) ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ კანადელმა ინდოელმა მიწა განვადებით ვინმე თამაზ მღებრიშვილისგან შეიძინა. ინვესტორის წარმომადგენლის, ლევან ფხაკაძის თქმით, განვადების პირობები ითვალისწინებდა იმ რისკებს, რომელიც შიდა ქართლის კლიმატს შეეძლო გამოეწვია.



თამაზ მღებრიშვილმა თავის მხრივ აღნიშნული ფართობი 2008 წლის დეკემბერში ეკონომიკისა და პრივატიზაციის რეგიონალური სამსახურისგან შეიძინა. აღნიშნული სამსახური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფილიალია. 2008 წელს რეგიონალური სამსახურის უფროსი ნუკრი აბალაკი იყო. 

ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტით, (რომელიც 2006 წელს პრივატიზაციის სამსახურში შეიქმნა), მიწა 2006 წლიდან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავ) კატეგორიას განეკუთვნება. თუ რა კატეგორიისა იყო ( 2006 წლამდე) აღნიშნული მიწის ფართობი, ეს დასაზუსტებელი გვაქვს. მიწის პრივატიზაცია 1992 წელს დაიწყო. საძოვრების სახით მიწის გარკვეული ფართი ყველა სოფელში ხელუხლებლად იყო დატოვევბული.

2011 წლის 5 თებერვალს ჯაგპალ სინგჰმა ეს მიწები თამარ მღებრიშვილისგან შეისყიდა. რამდენიმე ხანში სახნავ-სათესი სამუშაოების დაწყება სცადა. მიწის გაყიდვამდე, ყოფილი მფლობელი თამაზ მღებრიშვილი მიწას არ ამუშავებდა. ხოლო მოსახლეობას საქონლის ძოვებას არ უშლიდა. ,,მართალია 2008 წლის ზაფხულში დააპირეს საძოვრის გაყიდვა, ჩვენ ეს გავაპროტესტეთ. მაშინდელმა გუბერნატორმა გვითხრა, რომ ეს აღარ მოხდება. როგორც ჩანს მოგვატყუეს” – გვითხრეს ზეღდულეთელებმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ისინი გორში ხელისუფლების წარმომადგენლებთან პრობლემის მსაგვარებლად ჩამოვიდნენ – 2011 წლის მარტში.

მას შემდეგ, რაც ჯაგპალ სინგჰმა მიწა შეისყიდა და მისი დამუშავება დაიწყო, ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ისინი არაერთხელ ჩავიდნენ გორში, შეხვდნენ გამგებელს და დახმარება ითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

2011 წლის 15 აპრილს მოსახლეობამ საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. ტრაქტორებს წინ გადაუდგნენ და კერძო მფლობელებს მიწის დამუშავების საშუალება არ მისცეს. მოსახლეობის მხარდასაჭერად ადგილზე ,,თავისუფალი დემოკრატები” და ,,ქართული პარტია” ჩავიდა.

15 აპრილს საღამოს, მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი დაპირდა, რომ ნაცვლად 8 ჰა-ისა, მოსახლეობა საძოვრისთვის 25 ჰა-ს დაიბრუნებს. არსოშვილმა ასევე განმარტა, რომ კერძო პიროვნება ალტერნატივის სახით სხვა ტერიტორიაზე მიიღებს მიწის ფართს.

რაც შეეხება კანადელი ინდოელის პოზიციას, ის მედიასთან საერთოდ არ გამოჩენილა. ,,ქართლის ხმა” დაუკავშირდა შპს ,,ფუდლენდის” ქართველ წარმომადგენელს ლევან ფხაკაძეს. მისი თქმით, მან ტელევიზიით გაიგო მოსახლეობის და ტრაქტორების შერკინების ამბავი.

,,როდესაც მან მიწა მღებრიშვილისგან იყიდა, ეს მოხდა 2011 წლის თებერვალში, იმ პერიოდში საერთოდ ეჭვი არ შეგვიტანია იმაში, რომ ეს ტერიტორია სადავო იყო. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მეც ტელევიზიით გავიგე. მიმაჩნია, რომ ძალიან სამწუხარო ამბავია. თუ ვინმემ როდისმე მიწა უკანონოდ გაყიდა და მოახდინა პრივატიზაცია, ამ შემთხვევაში ინვესტორი არაფერ შუაშია. ჩვენ კერძო პირისგან შევისყიდეთ მიწა. ჩემთვის ამ წუთას ცნობილი არაა, თუ რა მიწის ალტერნატიული ფართობების შეთავაზებაზეა საუბარი. თუ მოხდება მიწების გაცვლა, ამაში ცუდს ვერ ვხედავ, თუმცა ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არაა და ინდოელი ინვესტორი ამის შესახებ პირადად ჯერ-ჯერობით არ დამკავშირებია. ამდენად მისი პოზიცია ჩემთვის უცნობია. მის საკონტაქტო ნომრებს კი სამწუხაროდ ვერ მოგცემთ”.



ოპოზიციის პოზიცია - ,,ნაციონალური მოძრაობა''

2021 წლის 24 ნოემბერს ,,ნაციონალური მოძრაობა'' ზეღდულეთში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა. ისინი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სოფელშ ჩავიდნენ, თუმცა საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ.

მიწის ამჟამინდელმა მფლობელებმა და მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მათ მიმართ აგრესია გამოხატეს და უთხრეს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის'' დამსახურებაა ზეღდულეთში დღეს არსებული ვითარება. როგორც დოკუმენტებით ზემოთ აღვნიშნეთ, საძოვრად მიჩნეული ფართობების გაყიდვა სწორედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში დაიწყო.

მიუხედავად ამისა, ,,ნაციონალური მოძრაობა'' დღეს თვლის, რომ გამოსავალი არსებობს. ამისთვის სპეციალური განცხადება გაავრცელეს:

,,ჩვენი მცდელობის მიუხედავად,პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა და დღეს ზეღდულეთში კვლავ საპროტესტო აქცია იმართება. აქედან გამომდინარე,ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები გთავაზობთ:

- შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ადგილობრივი მოსახლეობის,მიწის ამჟამინდელი მფლობელის,ჩვენი და ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით.

- სამუშაო ჯგუფმა იმუშაოს გამოსავლის გზებზე,რაც მარტივად მოსაძებნია პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში.

ეს არის უკიდურესად საჭირო ნაბიჯი. წინააღმდეგ შემთხვევაში ზეღდულეთში პრობლემის უფრო მეტად გამწვავების საფრთხე არსებობს. ამ შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა მთლიანდ ეკისრება გორის მუნიციპალიტეტის მერს, სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. გთავაზობთ პრობლემის მოგვარების გზებზე ვიმსჯელოთ როგორ დავუბრუნოთ ზეღდულეთის მოსახლეობას საძოვრები და ამავდროულად არ დავაზარალოთ კერძო მესაკუთრე." - წერია განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.